კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტის საქმეს სწავლობს

6 ივლისი, 2012

ნატა ძველიშვილი, media.ge

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტის, ეკატერინე დუგლაძის საქმეს სწავლობს. განცხადება  სოციალურ ქსელ  Facebook-ში ომბუდსმენის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მისი აპარატის  წარმომადგენლები 2012 წლის 4 ივლისს დაუკავშირდნენ საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“-ის პროდიუსერ მანანა ელიაშვილს. „საქართველოს სახალხო დამცველი და მისი აპარატი თანამშრომლობს სააგენტოსთან. დღეის მდგომარეობით ჩვენს ხელთ არსებულ ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ყველა სავარაუდო ფაქტზე გაკეთებულია შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ რეგიონული საინფორმაციო ცენტრებიც. მათ საქართველოს მთავარ პროკურორს 5 ივლისს მიმართეს. კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, სამეგრეზო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრები ასევე მოუწოდებენ საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით. აგრეთვე, მიმართავენ იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას და ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობას, მისცენ ჟურნალისტს ადგილობრივი თვითთმმართველობის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის, გადაადგილების და მუშაობის უფლება.

უკვე ერთი კვირაა რამდენიმე პირი საინფორმაციო სააგენტო „მედია ჯგუფის“ სახელით „ინფო 9“-ის ზესტაფონის ბიუროს ჟურნალისტს ეკატერინე დუგლაძეს დაყვება და “ქართულ ოცნებასთან” კავშირზე კითხვებს უსვამს. ამ პირებს „მედია ჯგუფის“ წარწერიანი თეთრი მაისურები აცვიათ და ჟურნალისტს რამდენიმე კამერით იღებენ. მათ სამკერდე ბეჯებზე წარწერა, საინფორმაციო სააგენტო „მედია ჯგუფია“ მითითებული.

„მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელი ინგა ჯაჯანიძე ამბობს, რომ საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტისთვის კითხვების დასმა მას არავისთვის დაუვალებია.

ინგა ჯაჯანიძემ Media.Ge-ს დაუდასტურა, რომ ბიჭიკო გვენეტაძეს, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დუგლაძეს კითხვებს უსვამს, „მედია ჯგუფთან“ ხელშეკრულება აკავშირებს. „მას ევალება ჩემთვის რეკლამის მოტანა. თუმცა, ამ დრომდე არაფერი მოუტანია. მე კონკრეტული მითითება არ მიმიცია და არც დუგლაძესთან კითხვების დასმა დამივალებია. მასთან ექსკლუზიური კონტრაქტი არ მაქვს გაფორმებული, ამიტომ შეუძლია სხვაგანაც იმუშაოს“, - განაცხადა ინგა ჯაჯანიძემ.

მისივე თქმით, „მედია ჯგუფი“ ოთხი წელია, არსებობს. სააგენტო სამეწარმეო რეესტრში მის სახელზე, ინდივიდუალურ მეწარმე ინგა ჯაჯანიძეზეა რეგისტრირებული.  ჯაჯანიძე ბიჭიკო გვენეტაძის გარდა სხვა პირებთან ნაცნობობას უარყოფს. თუმცა, ვერ აკონკრეტებს, რატომ აცვიათ „მედია ჯგუფის“ ლოგოიანი მაისურები იმ პირებს, ვინც ეკატერინე დუგლაძეს კითხვებს უსვამს.

მათი ვინაობა უცნობია თავად ეკატერინე დუგლაძისთვისაც. „ჩემი წყაროს ცნობით, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისელი აქტივისტები არიან“, - უთხრა Media.Ge-ს ეკატერინე დუგლაძემ.

„ინფო 9“-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თეთრ მაისურებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ჟურნალისტებს უწოდებენ, ეკატერინე დუგლაძეს ამგვარ კითხვებს უსვამენ: „ქართულ ოცნებაში“ გითხრეს არ დაელაპარაკოთო?“  „ეს დაწერილი სცენარია ქალბატონო ეკა?“ „თქვენს ოპერატორს დავალებული აქვს, რომ თუ კითხვაზე პასუხს გაგვცემთ, ძალისმიერი მეთოდით მანქანაში ჩაგსვამთ?“

ეკატერინე დუგლაძე ფიქრობს, რომ მათი მთავარი მიზანი ჟურნალისტის პროვოკაციაზე წამოგებაა.

„აბსურდულ კითხვებს სვამენ და პასუხებსაც არ ისმენენ.  უნდათ, წყობიდან გამომიყვანონ. კითხვის დასმის ფორმაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება - პირში მთხრიან მიკროფონს და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ გამაღიზიანონ, გავაპროტესტო და შემდეგ დაწერონ მასალა და გაუშვან ისე, როგორც მათ აწყობთ“, - აღნიშნა ეკატერინე დუგლაძემ.

„ინფო 9“-ის ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ისინი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გივი არაბიძის დავალებას ასრულებენ. დუგლაძის თქმით, გამგეობის შენობაში შესვლა „ინფო 9“-ს გადამღებ ჯგუფს ყოველთვის უჭირს. მაშინ, როდესაც იქ თავისუფლად გადაადგილდებიან ადამიანები, ვინც საკუთარ თავს  „მედია ჯგუფის“ ჟურნალისტებს უწოდებენ.

„გარდა ამისა, ჩემი წყაროებიდან ვიცი, რომ როდესაც ერთ-ერთ სოფელში გადასაღებად მივდიოდით, არაბიძემ სოფლის რწმუნებულს დაურეკა და უთხრა, რომ ჟურნალისტებს გამოგზავნიდა. მალე სწორედ ეს „მედია ჯგუფის“ ხალხი მოვიდა“, - განუცხადა ეკატერინე დუგლაძემ Media.Ge-ს.

მისი თქმით, როგორც კი „ინფო 9“-ის გადამღები ჯგუფი ზესტაფონში გამოჩნდება, მათთან მიდიან ადამიანები, ვინც საკუთარ თავს „მედია ჯგუფის“ ჟურნალისტს უწოდებენ. მათი და დუგლაძის კითხვა-პასუხის ამსახველი ვიდეო კი ინტერნეტ გამოცემა itv.ge-ზე გამოჩნდა, ჟურნალისტის თქმით, დამონტაჟებული სახით. „ხმაც კი შეცვლილი მქონდა“, - ამბობს დუგლაძე.

„ინფო 9“ ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ეკუთვნის, რომელსაც თავის მხრივ ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ფლობს.

„ინფო 9“ მიიჩნევს, რომ მის ჟურნალისტზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და პროფესიულ საქმიანობაში ხელი ეშლება, რაც „სისხლის სამართლის კოდექსით“ ისჯება. საინფორმაციო სააგენტო მომხარ ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

წყარო: http://www.media.ge/stories/sakhalkhodamtsvelisaagen 

http://www.media.ge/stories/ekaterinedugladzevaraud 

ახალი ამბები