კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ მცხეთის აქციის მონაწილეები პოლიციაში დაიბარეს

9 ივლისი, 2012

ვახო ჭინჭარაული, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებმაც 1 ივლისს, მცხეთაში, აქციაში მიიღეს მონაწილეობა, პოლიციაში დაიბარეს. „ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის უფროსის, დოდო ჩოხელის განცხადებით, სოფელ ქვეშეთის სკოლის დირექტორი კამილა ხევსურიშვილი კოალიციის მხარდამჭერებს სკოლიდან ბავშვების გარიცხვით ემუქრება.

„აქციაში მონაწილეობის შემდეგ პრობლემები შეგვექმნა. დაგვიბარეს აქციის მონაწილეები, ვინც აქედან წავედით და მოითხოვეს პირადობის მოწმობები. დაგვიბარეს ფასანაურიდან. კერძოდ, უბნის ინსპექტორი გვიბარებდა“, – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში მცხოვრებმა ზურა ბურდულმა.
 
მისივე თქმით, აქციაში მონაწილეობის შემდეგ ქვეშეთის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეების მშობლებს დაურეკა და სკოლაში პირადობის მოწმობების მიტანა მოსთხოვა.
 
„ქვეშეთის სკოლის დირექტორმა კამილა ხევსურიშვილმა დაიბარა, თუ არ მოიტანთ, პოლიციის ძალით ჩაიტანენ ამ პირადობის მოწმობებსო. თვითონ როგორც ამბობს, სკოლისთვის სჭირდებოდა. პოლიცია და განათლება ერთად რა კავშირში შეიძლება იყოს, ეს გაურკვეველია. ალბათ, იგივე მომენტია - დაშინებისთვის სჭირდებათ. პიდადად ჩემზეც იყო ზეწოლა. ჩემი ძმა მუშაობს გუდაურში. დაიბარა დირექტორმა და უთხრა, რომ თუ მისი ოჯახის რომელიმე წევრი დაფიქსირდებოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად, მას სამსახურიდან გაუშვებდნენ. ჯერ ისევ მუშაობს და მერე რა მოხდება, არ ვიცი“, – აღნიშნა ზურა ბურდულმა.
 
იაგო ბედოიძე, სოფელ ბედონის მკვიდრი: „სკოლის დირექტორმა გვითხრა, პასპორტები მოიტანეთო. მე არც პასპორტს გავატან და არც არაფერს. მანამდე რატომ არ მომთხოვეს პასპორტი, სანამ აქციაზე წავიდოდი? სამი წელია, ჩემი ბავშვი სკოლაში დადის. პირველ კლასში მივიდა მეორე გოგონა მარიამი. პირდებოდნენ, ვითომ წიგნები უნდა მიეცათ, მაგრამ არც წიგნი მომსვლია, არც რვეული და არც პასტა მიუცია ვინმეს. თან სოციალურად დაუცველი ვარ.
 
თუ არ წარადგენთ დოკუმენტებს, დაგემუქრნენ?

– კი, რომ არ მივედით, მერე შემოგვითვალეს - პასპორტები გამოგზავნეთ და პოლიციაში ჩამოდითო. ჟინვალის პოლიციას დაურეკავს. აქციაზე რომ ვიყავი იმიტომ, თორემ აქამდე მსგავსი არავის დაუბარებია. აქციის მეორე დღეს მოგვთხოვეს პასპორტები, მანამდე პასპორტი არავის გახსენებია - არც დირექტორს და არც პოლიციას“.
 
მცხეთაში გამართული აქციის მონაწილეებს რომ პოლიციაში იბარებენ, ამას „ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის უფროსი დოდო ჩოხელიც ადასტურებს.
 
„მათ უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. სოფელ ქვეშეთში ვიმყოფებოდი და აბსოლუტურად აქციის ყველა მონაწილესთან მივიდნენ და უთხრეს, რომ დაბარებულები არიან უბნის რწმუნებულთან, მაგრამ არა სოფლის გამგეობაში, არამედ - პოლიციაში. მერე დამირეკეს ქვეშეთიდან, რომ სისტემატური ხასიათი მიეცა სკოლის დირექტორის, ვინმე კამილა ხევსურიშვილის მხრიდან ზეწოლის ფაქტს. იბარებს სკოლის მოსწავლეებს და იმ მოსწავლეთა მშობლებს, ვინც იმყოფებოდნენ აქციაზე. ემუქრება სხვადასხვა საშუალებებით. ზოგს ემუქრება, რომ ბავშვს სკოლიდან გაურიცხავს, ზოგს ემუქრება, რომ ამბავს ჩაიტანს და სოციალურ დახმარებას მოუხსნიან და ა. შ. ვისაც საით აქვს სუსტი წერტილი, იმას პოულობენ და ემუქრებიან“, – აღნიშნა დოდო ჩოხელმა.
 
ქვეშეთის სკოლის დირექტორმა კამილა ხევსურიშვილმა არ უარყო, რომ მოსწავლეთა მშობლებს პირადობის მოწმობების წარდგენა მოსთხოვა, მაგრამ - რატომ, ამაზე კომენტარი არ გააკეთა. სკოლის დირექტორმა უკომენტაროდ დატოვა მის მიმართ წაყენებული ბრალდება, სკოლიდან ოპოზიციის მხარდამჭერთა შვილების შესაძლო გარიცხვის შესახებ.

ვიდეო

ახალი ამბები