კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტმა შს მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა

10 ივლისი, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. ჟურნალისტი შსს–გან 2012 წლის 20 მაისს თიანეთის პოლიციის შესასვლელსა და მისაღებში დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერების მიწოდებას ითხოვს.

2012 წლის 22 მაისს მივმართე შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მოვითხოვე შს სამინისტროში დაცული ჩემი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. კერძოდ 2012 წლის 20 მაისს თიანეთის პოლიციის შესასვლელსა და პირველივე დარბაზში არსებული ვიდეო თვალის ჩანაწერები. სამინისტროს 2012 წლის 28 მაისის წერილით უარი მეთქვა ამ ინფორმაციის მოწოდებაზე იმ მიზეზით, რომ „თიანეთის პოლიციის შენობის შესასვლელსა და პირველ დარბაზში დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის კამარების ჩანაწერი არ წარმოადგენს თქვენს პერსონალურ მონაცემებს“. სამინისტროს პასუხში დადასტურებულია, რომ იგი ფლობს ჩემს შესახებ ჩანაწერს, თუმცა მას არ გასცემს იმ მიზეზით, რომ იგი არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს“, – აღნიშნავს გელა მთივლიშვილი.
 
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტეს, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს უფლება გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.
 
„თავის მხრივ პერსონალურ მონაცემს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით; ვიდეოთვალის ჩანაწერები რომ პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს დასტურდება ასევე კანონის მე-12 მუხლით“, – განაცხადეს საია–ში.
 
შეგახსენებთ, რომ 20 მაისს, თიანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, პოლიციის უფროსის მოადგილის მამუკა შალამბერიძის ხელმძღვანელობით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს. ჟურნალისტი თიანეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტების გასაშუქებლად იყო ჩასული. პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტი შსს თიანეთის რაიონული სამმართველოს შენობაში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეათრიეს, მამუკა შალამბერიძემ მას მუცლის და თავის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ვიდეოკამერა წაართვა და ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა წაშალა. ჟურნალისტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რა დროსაც ის ავად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ თიანეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
 
ჟურნალისტმა მომხდარზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილობითი განცხადებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას 21 მაისს მიმართა. შიდა ქართლისა და მცხეთა - მთიანეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 30 მაისს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 333-ე მუხლით არის აღძრული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
 
13 ივნისს, ჟურნალისტის უკანონოდ დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH). ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს გელა მთივლიშვილისა და ყველა უფლებადამცველის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა; ჩაატაროს ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ზემოთხსენებულ ფაქტებზე, რომლის შედეგებიც გახდება საჯარო იმისათვის, რომ მოხდეს დამნაშავეების დასჯა კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
 
მას შემდეგ რაც გამომძიებელმა ჟურნალისტი და ინციდენტის თვითმხილველი, „ქართული ოცნების“ თიანეთის შტაბის ოფის – მენეჯერი რუსუდან სისაური დაკითხა, საქმე გაიყინა. ჟურნალისტი ამ დრომდე დაზარალებულადაც არ არის ცნობილი.

ახალი ამბები