კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ წინასაარჩევნოდ უმუშევარ მოქალაქეებს ორთვიანი სამსახური გამოუნახა

9 ივლისი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავი, 6 ივლისი, 11:00  საათი. ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ორსართულიან  შემინულ შენობაში მოქალაქეების რიგია. პირველი სართულის მისაღები  ახალგაზრდა  და შუა ხნის მოქალაქეებით გაივსო.  „შენც დასაქმებაზე ხარ?“ - მეკითხება ახალგაზრდა გოგონა. იგებს თუ არა, რომ კონკურენტები არა ვართ, მშვიდად გვესაუბრება თავის პრობლემებზე.  

„2010  წელს დავამთავრე უნივერსიტეტი. პროფესიით იურისტი ვარ. სამწუხაროდ, სამუშაო ვერ ვიშოვე. რამდენიმე დღის წინ დასაქმებისთვის განცხადება შემოვიტანე.  გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ მიბარებენ. არ ვიცი, გამიმართლებს თუ არა. ბევრი  ხალხი მოგროვდა და ალბათ, ამდენს ვერ მიგვიღებენ“, - ამბობს ჩვენი რესპოდენტი, რუსთაველი ნათია ნატროშვილი.

მისი ოცნება რუსთავის პროკურატურაში სტაჟირებაზე მოხვედრა ყოფილა და გასულ წელს ამ ოცნებამდე ორი ქულა დაკლებია.

„დასაქმების თაობაზე მოსულებს, გთხოვთ, ზევით აბრძანდეთ“, - მიმართავენ შეკრებილებს გუბერანტორის მისაღებიდან. ჩვენ, მართალია, უმუშევრობას არ ვუჩივით, მაგრამ  შეხვედრაზე მოხვედრის ცდუნებას ვერ ვუძლებთ. უმუშევართა დაახლოებით 60-კაციან ნაკადს მივყვებით.

დასაქმების მსურველ მოქალაქეთა მასპინძელი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, მამუკა ჩიქოვანია.

„ჩვენ საუბარი გვაქვს ორი თვით დასაქმებაზე. თქვენ, ძირითადად, აგვისტო-სექტემბერში მოგიწევთ აქტიური მუშაობა. გექნებათ 300-ლარიანი ანაზღაურება თვეში. მინდა გითხრათ, რომ პროგრამა ახალი მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. თქვენ მოგიწევთ აღრიცხოთ უმუშევარი მოქალაქეები, რათა გავიგოთ რა პროფესიის,  რა ასაკის ადამიანები გვყავს დასასაქმებელი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამ ორთვიანი სამუშაოს  დასრულების შემდეგაც   მთავრობა იზრუნებს თქვენ დასაქმებაზე. არ იფიქროთ, რომ რადგან ეს ორთვიანი სამუშაო მიიღეთ, მორჩა და თქვენ დასაქმების პროგრამით შემდეგში ვეღარ ისარგებლებთ. სხვა დეტალებს,  შესაბამისი  სამსახურები აგიხსნიან. პროგრამაში ჩართვისთვის თქვენი CV არ დაგვჭირდება, მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო“, - ამ სიტყვებით მიმართავს სამუშაოს მაძიებლებს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, მამუკა ჩიქოვანი.

შეხვედრა დაახლოებით 15  წუთს გრძელდება. ერთი შეხედვით უწყინარ პროგრამაზე ჩვენთვის კომენატარის გაკეთებისას, ჩიქოვანი humanrights.ge-ს კითხვებით უკმაყოფილებას ვერ მალავს. მას „უაზრო კითხვად“ ეჩვენება ჩვენი დაინტერესება, თუ რომელი უწყება გადაუხდის 300-300 ლარს 2 თვით დასაქმებულ მოქალაქეებს.  

გუბერნატორის მოადგილე ასევე პირად შეურაცხოფად იღებს კითხვას - აქვს თუ არა  ასე სპონტანურად დაწყებულ დასაქმების პროგრამას კავშირი მოახლოებულ არჩევნებთან?

„არჩევნებთან რა კავშირი აქვს ამ პროგრამას?! თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ხელისუფლების უმთავრესი  პრიორიტეტი არ იყო და არ არის დასაქმება, მაშინ ჩათვალეთ, რომ ასეა“, - მოკლედ გვპასუხობს ჩიქოვანი.

ახალი ამბები