კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული სახელმწიფო ეკომიგრანტების წინაშე ვალდებულებების აღებას გაურბის

11 ივლისი, 2012

ალეკო ცქიტიშვილი, humanrightshouse.org

საქართველოსთვის სტიქიები უცხო არ არის. წყალდიდობა, მეწყერი, შტორმი, ქარიშხალი და სხვა ბუნებრივი კატასტროფები ადამიანებს ხშირად სახლ-კარს და საცხოვრებელ გარემოს უსპობს. ქართული კანონმდებლობით, ეკომიგრანტებს დევნილის სტატუსი არა აქვთ და დევნილთათვის გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ვერ სარგებლობენ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რისკების შეუფასებლობაა, რის გამოც სახელმწიფოს მილიონობით ლარი გაუთვალისწინებელი ზარალი ადგება. ხელისუფლება ძირითადად სტიქიის შედეგებს ებრძვის, პრევენციულ ზომებს კი ნაკლებ ყურადღებას უთმობს.

განსაკუთრებით პრობლემატური გაზაფხულის სეზონია, როცა მთებში თოვლი დნება და მდინარეები დიდდება. ამას გაზაფხულის წვიმებიც ემატება და იწყება სტიქიური მოვლენები - მეწყერები, ღვარცოფები, წყალმოვარდნები, რომელთა შედეგად ათასობით ადამიანი ზარალდება. 2012 წლის გაზაფხულზე წყალდიდობამ თბილისში ხუთი ადამიანი შეიწირა, მათ შორის - ორი მცირეწლოვანი ბავშვი. მეწყრული მოვლენების შედეგად, საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაიტბორა სოფლები, დაზიანდა გზები, ხიდები და გზისპირა ობიექტები, გარესამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი. სამოქალაქო საზოგადოებამ გააკრიტიკა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ დროს ბრატისლავაში გაემგზავრა და 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს დაესწრო, შემდეგ კი მილანში ჩავიდა, სადაც ძვირადღირებულ მაღაზიებში სტუმრობისას გადაღებული მისი ფოტოები გავრცელდა.

ექსპერტთა შეფასებით, ქართული სახელმწიფო სტიქიით დაზარალებული ადამიანების წინაშე ვალდებულებებს გაურბის. სტიქიით დაზარალებულები წლების განმავლობაში ცხოვრობენ სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებში. ხოლო სტიქიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები - ე.წ. ეკომიგრანტები ხშირად მათთვის უცხო ახალ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტაციას ვერ ახერხებენ და უკანვე ბრუნდებიან მშობლიურ სოფლებში, სადაც რისკის ქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 1987-2010 წლის პერიოდში სტიქიურ უბედურებებს საქართველოში 400-მდე ადამიანი შეეწირა. ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 150 მლნ დოლარს შეადგენს წელიწადში. 2006 წელს სპეციალისტებმა საქართველოში დააფიქსირეს 53 000 მეწყრული სხეული, საერთო ჯამში - 1 500 000 ჰექტარ ფართობზე. რისკის ზონაშია 3 000-მდე დასახლება 400 000 ოჯახით.

სტიქიური უბედურებების პრევენციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ხარჯები 40-ჯერ ნაკლებია მიყენებულ ზარალზე. ექსპერტთა აზრით, პრობლემის სათავე სწორედ ასეთი მიდგომაა. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის თქმით, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს რისკების მართვას, რაც დიდწილად კატასტროფამდელ აქტივობებს - პრევენციულ ღონისძიებებს გულისხმობს.

კერძოდ, პირველ რიგში, სპეციალისტებმა ზუსტად უნდა შეაფასონ ხიფათი, მოწყვლადობა, რისკები და სისტემატიურად აწარმოონ მონიტორინგი ზუსტი პროგნოზირებისათვის. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მიწათსარგებლობის დაგეგმარებას და ადეკვატური სამშენებლო კოდექსის შემუშავებას, რადგან სტიქიური მოვლენები უმეტესწილად ადამიანური ფაქტორით არის გამოწვეული. ასევე საჭიროა სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი იყოს ფინანსები პრევენციული ღონისძიებებისათვის (მდინარეთა კალაპოტების გაწმენდა, ჯებირების მშენებლობა და ა.შ.), მათ შორის - საზოგადოების ეკოლოგიური განათლებისთვის და ტრენინგებისათვის. სახელმწიფო მზად უნდა დახვდეს მოსალოდნელ და გაუთვალისწინებელი სტიქიურ მოვლენებს, რისთვისაც მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს გაფრთხილებისა და კომუნიკაციის სისტემები, საგანგებო სიტუაციისას კი უნდა არსებობდეს სამოქმედო გეგმა, ასევე - საევაკუაციო გეგმები. წინასწარ უნდა იყოს მზად თავშესაფრები და მარაგები ჰუმანიტარული დახმარებისათვის. სამაშველო ჯგუფებს მუდმივად უნდა უტარდებოდეს ტრეინინგი.

გარდა ამისა, ცხადია, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რა მოიმოქმედოს კატასტროფის შემდეგ და ამ მხრივ, გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს აქტივობები რეაგირებისათვის. აქ იგულისხმება: ჰუმანიტარული დახმარება, გასუფთავება, სერვისების დროებითი შეკეთება, ზარალის შეფასება და აღდგენის პრიორიტეტების იდენტიფიკაცია, აღდგენითი რესურსების მობილიზაცია. რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია. მაკროეკონიმიკური და საბიუჯეტო მართვა. დაზიანებული სექტორის აღდგენა. რისკის მართვის ჩართვა რეკონსტრუქციის პროცესში და რაც ყველაზე მთავარია - ეკომიგრანტების განსახლება.

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპის თანახმად, ეროვნულ ხელისუფლებებს აკისრია უპირატესი ვალდებულება, იძულებით გადაადგილებული პირები უზრუნველყონ შესაბამისი დაცვითა და ჰუმანიტარული დახმარებით. გლობალური დათბობის პირობებში სტიქიური უბედურებების რაოდენობა მატულობს და იზრდება როგორც სახელმწიფოებს შიგნით, ისე სახელმწიფოებიდან სახელმწიფოებში დაზარალებული ადამიანების მიგრაცია. ამ რეალობას სხვადასხვა სახელმწიფოები თავიანთ კანონმდებლობაში ითვალისწინებენ და დაზარალებულების წინაშე გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ.

საქართველოს მეზობელი ქვეყნის - აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ეკომიგრანტები ექცევიან „იძულებით გადაადგილებულ პირთა“ კატეგორიაში. იძულებით გადაადგილებული პირების დეფინიციაში ეკომიგრანტები შედიან ისეთი ქვეყნების კანონდმებლობებში, როგორიცაა სიერა ლეონე, უგანდა, სუდანი... საქართველოში კი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მხოლოდ კონფლიქტების შედეგად დევნილ მოქალაქეებს ეძლევათ. ხოლო იმ ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც სტიქიური უბედურებების გამო, საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში იძულებით გადაადგილდნენ, შესაბამისი სტატუსის არქონის გამო, ვერ სარგებლობენ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გათვალისწინებული ისედაც მწირი სოციალური შეღავათებით.

არსებული ვითარების გამოსასწორებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება არასამთავრობო სექტორის აქტიურობას. 2011 წელს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა (IWPR) და CENN-ის ინიციატივით, თბილისში შეიქმნა მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია, რომელშიც გაერთიანებული არიან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები - კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე - სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.
 
„სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები საქართველოში უფრო პასიურები არიან და არ იბრძვიან საკუთარი უფლებებისათვის ისე აქტიურად, როგორც კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები. თავის მხრივ, სახელმწიფო ცდილობს, არ შეიმჩნიოს ეს პრობლემა და არ მიიღოს ადეკვატური ზომები მათ დასაკმაყოფილებლად. ხელისუფლება წლიდან წლამდე გაურბის ეკომიგრანტების პრობლემებს. გასაგებია, რომ სახელმწიფოს ჰყავს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ათიათასობით დევნილი, მაგრამ ეს მას არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, თავის სხვა მოქალაქეებსაც დაეხმაროს და მოუგვაროს პრობლემები“, - ამბობს „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ რედაქტორი, გიორგი კუპატაძე.

ასოციაცია „ბორჯღალო“ რამდენიმე წელია, საქართველოში ეკომიგრაციის საკითხებს იკვლევს. ასოციაციის წარმომადგენელი ილია გუჩმანიძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა აღმოფხვრას ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომლის შედეგადაც ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულებს ადეკვატურად ვერ ეხმარება. სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებისათვის კატეგორიების მინიჭებისას ყურადღება ექცევა სახლების დაზიანების ხარისხს და არა რისკს, რაც გაუმართლებელია. „ჩვენ აღრიცხული გვაქვს შემთხვევები, როცა სახლი მეწყერსაშიშ ზონაში ზედ უფსკრულის პირას დგას, მაგრამ რაკი ბზარები არა აქვს, დაბალი კატეგორია ენიჭება და ოჯახს პრაქტიკულად არა აქვს განსახლების შანსი. სახელმწიფო მხოლოდ პირველი და მეორე კატეგორიის დაზარალებულების განსახლებაზე იღებს ვალდებულებას“, - ამბობს ილია გუჩმანიძე.

მისივე თქმით, სტიქიით დაზარალებულებისა და ეკომიგრანტების პრობლემები ბევრად უფრო იოლად მიგვარდებოდა ადგილობრივ თვითმმართველობებს უფრო მეტი კომპეტენციები რომ ჰქონდეს. დღეისათვის ყველა წვრილმანი საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სამინისტროების დონეზე უნდა შეთანხმდეს და გადაწყდეს. სამინისტროები კი დროულად ვერ ახერხებენ ინფორმაციის დამუშავებას რეგიონებიდან, რადგან ამას დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება. ამიტომ სტიქიით დაზარალებული ადამიანების ეფექტური  დახმარება ხშირად ვერ ხერხდება.

მართვის ცენტრალიზებული სტილის არაეფექტურობის კარგი მაგალითია ზემო მლეთის შემთხვევა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები უკვე რამდენიმე წელია, ყურადღებას ამახვილებენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ამ პატარა სოფლის გასაჭირზე, სადაც რამდენიმე ოჯახს ყოველ გაზაფხულზე განადგურება ემუქრება. 15 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ზემო მლეთაში სასწავლო ტური მოაწყო ჟურნალისტებისათვის, რათა მათ კიდევ ერთხელ შეესწავლათ ამ სოფლის პრობლემები და შემდეგში თავიანთ გამოცემებში გაეშუქებინათ. აღმოჩნდა, რომ ვითარება ისევ უცვლელია, მაგრამ შემოდგომაზე დანიშნული არჩევნების წინ მლეთელებს ხელისუფლება მათ მიერ შერჩეულ უსაფრთხო ადგილას გადასახლებას პირდება. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა, იოსებ ზაქაიძემ განაცხადა, წლის ბოლოსთვის სახელმწიფო მლეთაში მცხოვრებ ყველა ოჯახს 7-7 ათას ლარს გადასცემს: „თანხა უკვე დარიცხულია. თუმცა, მიწის ნაკვეთების პრობლემაა მოსაგვარებელი. თავად მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ თანხა არ გაიცეს, ვიდრე ახალი დასახლების ტერიტორია, რომელიც ამ ეტაპზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, დუშეთის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არ გადმოვა“.

სტიქიით დაზარალებულებისა და ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარება ბევრად ეფექტური იქნებოდა, საზოგადოებას თავიანთ უფლებებზე მეტი ინფორმაცია რომ ჰქონდეს. თუმცა, ქართული მედია გარემოს დაცვის პრობლემებს ზედაპირულად და არაკვალიფიციურად აშუქებს, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის ანგარიშიც ადასტურებს. 14-15 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ მოწყობილი ვორქშოპისა და სასწავლო ტურის ერთ-ერთი მიზანი გარემოს დაცვისა და ეკომიგრანტების თემებით დაინტერესებული ჟურნალისტების ინფორმირება და კვალიფიკაციის ამაღლება იყო.

ორიგინალი

ახალი ამბები