კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არჩევნები მოახლოვდა და რა ქნან, აბა, რითი მოიგონ ჩვენი გული?!“

11 ივლისი, 2012

კოდაში ჩასახლებულ დევნილებს ფართები 4 წლის დაგვიანებით, წინასაარჩევნოდ დაუკანონეს

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში 448  დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ერედვის, ცხინვალის და ლიახვის ხეობიდან დევნილები კოდაში 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში  ჩაასახლეს. მიუხედავად იმისა, რომ დევნილები აგერ უკვე მეოთხე წელია, კოდაში ცხოვრობენ - დაკავებული ფართები მათ საკუთრებაში მხოლოდ ახლა გადაეცათ.

22 ივნისს სწორედ ამ ღონისძიებით დაიწყო კობა სუბელიანის მინისტრობის ბოლო კვირა. დევნილების მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად კოდაში ჩასახლებულ დევნილებს ფართების საკუთრებაში გაცემის დოკუმენტი საზეიმოდ გადასცა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: „კობა სუბელიანმა კოდაში ჩასახლებულ დევნილებს საჯარო რეესტრის ამონაწერები გადასცა და დევნილები უკვე ბინების სრულუფლებიანი მესაკუთრეები გახდნენ. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით კი 2 წლის განმავლობაში, ამ ბინების გაყიდვის შემთხვევაში, ბიუჯეტში თანხას არ გადაიხდიან“, - ვკითხულობთ სამინისტროს პრესსამსახურის მომზადებულ მასალში.

ფართების საკუთრებაში გადაცემა დღესაც გრძელდება. ამჟამად, ბინებს საკუთრებაში იმ დევნილებს გადასცემენ, რომლებიც ივნისის ბოლოს თეთრიწყაროში არ იმყოფებოდნენ და შესაბამის დოკუმენტზე ხელი ვერ მოაწერეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ პროცესით დაინტერესდა და 7 ივლისს კოდის დასახლებას ესტუმრა.

საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემისას ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ადგილობრივ ტელევიზიასთან კომენტარს აკეთებს: „ჩვენ მნიშვნელოვანი პროცესის მომსწრენი ვართ. თქვენ იცით, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აქ დიდი ხანია, ცხოვრობს. დღეს მათ გადაეცათ დაკავებული  ფართები საკუთრებაში“.

რატომ დასჭირდა ამდენი ხანი, ანუ 4 წელი დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას, ამაზე კოდაში ჩასახლებულებს, მხოლოდ, ერთი პასუხი აქვთ - „არ ვიცი, თქვენ იყავით თუ იმ დღეს, მაგრამ ეს უბეჭდო და უარაფრო ამონაწერი რეესტრიდან  დიდის ამბით  კი გადმოგვცენ. არჩევნები მოახლოვდა და რა ქნან, აბა, რითი მოიგონ ჩვენი გული?! სამოთხიდან უდაბნოში შეგვყარეს. დღე-ღამეში სულ 4-5 საათი გვაქვს სასმელი წყალი. მიწები, რომელიც დაგვირიგეს, ჩვენი კორპუსებიდან 5-7 კილომეტრის იქითაა და იქაც სარწყავი  წყალი არ არის, წვიმის იმედად ვართ. ყველა კორპუსში ჩვენი პირის ამოსაკერად მამასახლისები დანიშნეს, სიტყვას იტყვი და აქედანაც მიგაბრძანებენ“, - ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას ერედვიდან დევნილი ასაკოვანი ქალბატონი.

დევნილების გადმოცემით, კოდაში უშიშროების სამსახური ისე მუშაობს, თავად ლავრენტი ბერიას შეშურდებოდა. ამაში ჩვენც დავრწმნუნდით. ერთ-ერთ ადგილობრივთან საუბრისას 35 წლამდე ასაკის მამაკაცი მოგვიახლოვდა, საბუთები მოგვთხოვა და გაყოლა გვირჩია. „მე მამასახლისი ვარ. მაჩვენეთ თქვენი საბუთები. აქ მოსვლის და საუბრის ნებართვა გაქვთ?“ - გვკითხა მან.

ვიფიქრეთ, ამ შემთხვევაში, „ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა“ და არათუ საბუთები გავაცანით, თავადვე  ვთხოვეთ, მივეყვანეთ იმ ადამინთან, ვისაც ტელეფონით ჩვენზე უყვებოდა.  ამგვარად, ჩვენივე ინიციატივით, დევნილების ერთ-ერთ კორპუსში შევყევით. გზად საუბრისას მამასახლისს საშიშად აღარ მოვეჩვენეთ და თავისი ვინაობა გაგვანდო.

„მე ზურაბ რომელაშვილი, ერედვის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი და მამასახლისი ვარ. აქ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ხალხისთვის. ვინმემ გამოთქვა რამე  უკმაყოფილება?“ - შემოგვიბრუნა კითხვა. ჩვენ უკმაყოფილო დევნილთა კონკრეტული გვარები არ ვუთხარით, მაგრამ გავაცანით ის პრეტენზიები, რაც მათ ჰქონდათ.

ზურაბ რომელაშვილმა ერედვის მუნიციპალიტეტის  ეკონომიკური სამსახურის უფროსთან, გოჩა ვაზაგაშვილთან მიგვიყვანა.  ამ უკანასკნელმაც საბუთები საგულდაგულოდ შეგვიმოწმა და გამოგვკითხა, რა მიზნით ვიყავით ჩამოსული.  „ცუდად არ გაგვიგოთ. უბრალოდ, აქ რომ მოდიხართ, უნდა ვიცოდეთ, ვინ ხართ და რა გნებავთ“, - დასძინა თან.

კოდის დასახლების დასათვალიერებლად შემდეგ მე-3 კორპუსის მამასახლისი მარიამ ბერუაშვილი გამოგვყვა. მასთან გზადაგზა დევნილების მიერ ჩამოთვლილი პრობლემების გადამოწმება დავიწყეთ.

„სასმელი წყალი შემოდგომისას დღე-ღამეში 5-ჯერ, ორ-ორი საათითაც მოდიოდა. ახლა ზაფხულია, წყლის დონე იკლებს და ამიტომ ნახევარი საათით დაიკლო გრაფიკმა. მიწებზე, რომელიც მოგვცეს, მართლა არ არის სარწყავი წყალი, მაგრამ ამ მიწის დამუშევებაში დავით კირკიტაძე დაგვეხმარა. პრაქტიკულად ყველაფერი მთავრობამ გაგვიკეთა. ახლა ხორბლის მოსავალს ვიღებთ. გვაქვს სამედიცინო პუნქტი, საბავშო ბაღი, წინაა პოლიცია, სახანძრო. გვაქვს ტრენაჟორების კაბინეტიც. მთავრობა ყველაფერს აკეთებს ჩვენს დასახმარებლად. რაც შეეხება მამასახლისებს, ჩვენ გვევალება, ვიცოდეთ, რა სჭირდება ხალხს და ეს საჭიროება მთავრობამდე მივიტანოთ“, - საუბრობს დევნილების კოდის დასახლების მე-3 კორპუსის მამასახლისი, მარიამ ბერუაშვილი. ჩვენი საუბარი არჩევნების თემასაც შეეხო. მისი თქმით, არჩევნებს და ფართის საკუთრებაში გადაცემას ერთმანეთთან არავითარი კავშირი არა აქვს.

დევნილები კი, რომლებსაც კოდაში მოქმედი საყოველთაო კონტროლის გამო, ხმა ვერ ამოუღიათ, პირად საუბარში ამბობენ, რომ ამ ფართის საკუთრებაში გადაცემას ერჩივნათ, ხელისუფლებას მათი მშობლიური, ოკუპირებული სოფლების დაბრუნების წინაპირობა შეექმნა.

სტატიაზე გამოყენებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებ-გვერდის ფოტოები: http://mra.gov.ge/main/GEO#readmore/764 

ახალი ამბები