13:21, Thursday, 21.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

12.07.2012

სივილ ჯორჯია

10 ივლისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რესპოდენტების ის რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ–მინისტრი არ უნდა გახდეს, ოდნავ აჭარბებს მომხრეთა მაჩვენებელს, ხოლო რესპონდენტთა მნიშვნელოვან ნაწილს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

კითხვაზე უჭერთ თუ არა მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერ–მინისტრობას მას შემდეგ, რაც 2013 წელს მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა იწურება, რესპოდენტთა 36%–მა უარყოფითი პასუხი გასცა; 33%–მა განაცხადა, რომ მომხრეა; 27% ამბობს, რომ არ იცის; ხოლო 3%–მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

კვლევა აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 4–22 ივნისს ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 6 299 რესპოდენტი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევა, რომლის ცდომილების ზღვარიც +/– 2%–ია, შვედეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა.


კვლევა ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს მთელ რიგ მიმდინარე და პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის საგარეო ურთიერთობებზე. წინა ანალოგიური კვლევა თებერვლის ბოლოს ჩატარდა.

ივნისში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში ასევე დათვლილი იქნა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუმცა NDI არასდროს ხდის საჯაროს კვლევის ამ ნაწილს და ის მხოლოდ პარტიებისთვის ხდება ხელმისაწვდომი. რეიტინგებს ორგანიზაცია პარტიებს დახურულ ფორმატში ერთ კვირაში გააცნობს. როგორც წესი, პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა მაინც ხდება პრესაში.

წინა კვლევების მსგავსად, ახალი კვლევაც აჩვენებს, რომ უმუშევრობა რესპონდენტთა უმეტესობისთვის მთავარ წუხილად რჩება; შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.

კითხვაზე, თუ რომელი რეფორმები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რესპონდენტთა უმეტესობამ განაცხადა ჯანდაცვის რეფორმა, შემდეგ დაასახელა სოფლის მეურნეობის, საპენსიო, განათლების, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები.

რესპოდენტთა 53% აცხადებს, რომ საქართველო „ნამდვილად სწორი მიმართულებით“ ან „ძირითადად სწორი მიმართულებით“ ვითარდება, რაც წარმოადგენს კლებას NDI-ის მიერ თებერვალში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი 62%–ს შეადგენდა, თუმცა მაღალია 2011 წლის მარტის მონაცემზე (35%).

წინა კვლევასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა საქართველოში დემოკრატიის შეფასების კუთხით. რესპოდენტთა 38% ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია, რაც 11%–იანი კლებაა თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (49%) შედარებით. ბოლო კვლევის თანახმად, 43% ფიქრობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია – თებერვალში ანალოგიური პოზიცია 34% ჰქონდა.

კვლევის თანახმად, 58% ფიქრობს, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, საპირისპირო მოსაზრება აქვს 33%–ს. თებერვალში ანალოგიურ კითხვაზე დადებითად 68%–მა, ხოლო უარყოფითად  27%–მა უპასუხა.

კვლევის თანახმად, რესპოდენტთა უმეტესობა – 53%, მიიჩნევს, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, საპირისპიროს 23% ფიქრობს. თებერვლის კვლევაში დადებითი პასუხი ამ საკითხზე 62%–მა გასცა, ხოლო უარყოფითად – 18%–მა უპასუხა.

არჩევნები

გამოკითხულთა 75% აცხადებს, რომ მიიღებდა მონაწილეობას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რაც NDI-ის თებერვლის კვლევასთან შედარებით 11%–ით, ხოლო 2011 წლის სექტემბრის კვლევის შედეგებთან შედარებით 24%–ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვა ნომერ პირველი დაბრკოლება გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, მას მოჰყვება ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც  შეშფოთების მთავარ საგანს წარმოადგენდა თებერვლის კვლევის დროს.

გამოკითხულთა 55% ფიქრობს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები „ძალიან კარგად“ (13%) ან „მეტ–ნაკლებად კარგად“ (42%) ჩატარდება; 21%–ის აზრით, არჩევნები ნაწილობრივ ან სრულიად გაყალბდება, ხოლო 23%–მა არ იცის კითხვაზე პასუხი, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები.

53% აცხადებს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერდნენ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ, 27% კი ასეთ მოწოდებას გაიზიარებდა.

ივანიშვილის მოქალაქეობა

თებერვლის კვლევის მსგავსად, რესპოდენტთა უმეტესობა, 71% უარყოფითად აფასებს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას და 63% არ ამართლებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიცემაზე უარის თქმის თაობაზე.

რესპოდენტთა 45% ფიქრობს, რომ თუ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს, მას გამონაკლისის სახით უნდა ჰქონდეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საწინააღმდეგო პოზიცია აქვს 17%–ს, ხოლო „არ იცის“ 34%–მა.

მაისში კონსტიტუცია შეიცვალა და მოერგო ივანიშვილს, რათა მან საქართველოს მოქალაქეობის გარეშე შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.

თუმცა რესპოდენტთა მხოლოდ 32%–მა განაცხადა, რომ სმენია ამ ცვლილებების შესახებ. გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ ეთანხმება ამ ცვლილებებს, 25% არ ეთანხმება, ხოლო 40% აცხადებს, რომ „არ იცის“ უჭერს თუ არა მხარს. ივანიშვილი აცხადებს, რომ ის ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით არ ისარგებლებს და არჩევნებში მხოლოდ მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო ურთიერთობები

თებერვლის კვლევასთან შედარებით (70%), შემცირებულია, თუმცა კვლავაც მაღალი რჩება იმ რესპოდენტთა რაოდენობა (62%), ვინც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს, თუმცა ცოტას აქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ორ წელიწადში რეალობად იქცევა. უფრო მაღალი მხარდაჭერა (70%) აქვს მთავრობის გაცხადებულ მიზანს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი – თებერვალში ეს მაჩვენებელი 74% იყო.

იმავდროულად, გამოკითხულთა 87%–ს არ მოსწონს რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობა; თებერვალთან შედარებით 49%–დან 44%–მდეა ივნისში შემცირებული იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ რუსეთი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, 29%–ისთვის კი ჩრდილოელი მეზობელი ასევე საფრთხის შემცველია, თუმცა ფიქრობს, რომ ეს საფრთხე გაზვიადებულია. თუ თებერვალში 8%–ს მიაჩნდა, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ივნისში ასე 12% ფიქრობს.

სხვა მიგნებები

რესპოდენტთა უმეტესობამ (55%–მა) არ იცის ასევე კონსტიტუციაში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილების შესახებ, რომლითაც სადეპუტატო ასაკი 25–დან 21 წლამდე შემცირდა. ამ ცვლილებას გამოკითხულთა 67% მხარს არ უჭერს.

რესპოდენტთა უმეტესობა კვლავაც მხარს უჭერს ხელისუფლების გეგმას შავის ზღვის სანაპიროზე ახალი ქალაქის „ლაზიკას“ მშენებლობის თაობაზე; თუმცა ეს მხარდაჭერა თებერვლის შემდეგ 59%–დან ოდნავ შემცირდა 54%–მდე ივნისში. ასევე თებერვალში არსებული 27%–დან ამ იდეის მოწინააღმდეგეთა მაჩვენებელი 32%–მდე გაიზარდა ივნისში. რესპოდენტთა უმეტესობა ამ საკითხზე დისკუსიების გამართვის მომხრეა და ამ პროექტზე მაღალ დანახარჯებს არ მიესალმება.

კვლევაში მოხვდა ქრისტიან–დემოკრატების საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელიც ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვას ითვალისწინებს. რესპოდენტთა უმეტესობას ამ ინიციატივის შესახებ არ სმენია, თუმცა 89% აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

NDI–ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ერთი კვლევის ჩატარებას გეგმავს.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC