კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველისგანცხადება სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე

10 ივლისი, 2012

2012 წლის 8 ივლისს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს არაგეგმური მონიტორინგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის #8 დაწესებულებაში. არაგეგმური მონიტორინგის ჩატარებას საფუძვლად დაედო 2012 წლის 6, 7 და 8 ივლისს მასმედიის და სოციალური ქსელების საშუალებებით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, #8 დაწესებულების პატიმრებმა მოაწყვეს მასობრივი არეულობა და ბუნტი, რის გამოც დაწესებულებაში შეყვანილი იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმი. იმავე ინფორმაციის თანახმად, #8 დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლას მოჰყვა პატიმართა უფლებების მასობრივი დარღვევა, რის შედეგადაც დაზიანებები მიადგა არაერთ პატიმარს და რამდენიმე გარდაიცვალა.
 
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ჯერ კიდევ 6 ივლისს, ღამის საათებში, ამ  ინფორმაციის გავრცელებისთანავე მივიდნენ #8 დაწესებულებაში, რა დროსაც დაათვალიერეს დაწესებულების ყველა საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საკნების გარკვეული რაოდენობა. შედეგად გაირკვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პატიმრების ახლობლების დასამშვიდებლად და პანიკის თავიდან ასაცილებლად სახალხო დამცველმა იმავე ღამეს გაავრცელა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, 7 ივლისს სხვადასხვა საშუალებით კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაცია #8 დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლის, პატიმართა ცემის და გარდაცვალების შესახებ, რამაც პატიმართა ოჯახებში და მათ ახლობლებში გამოიწვია შიში და გაურკვევლობა.

2012 წლის 8 ივლისს პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კვლავ განახორციელეს მონიტორინგი #8 დაწესებულებაში, რა დროსაც კიდევ ერთხელ დათვალიერებულ იქნა დაწესებულების ყველა (A,B,C,D,E) საცხოვრებელი კორპუსი. პრევენციული ჯგუფის წევრები პირადად შეხვდნენ და ესაუბრნენ 400-მდე ბრალდებულსა და მსჯავრდებულს. მონახულებული იქნა A, B, C, D და E საცხოვრებელი კორპუსების 48 საკანი და მათში განთავსებული 334 პატიმარი. გარდა ამისა, შემოწმებული იქნა სამარტოო საკნები და მოხდა გასაუბრება მონიტორინგის დროს იქ განთავსებულ ყველა მსჯავრდებულთან. სულ სამარტოო საკნებში მოცემულ მომენტში მოთავსებული იყო 24 პატიმარი, რომლებიც განაწილებული იყვნენ 24 საკანში. აღნიშნულ დაწესებულებაში სამარტოო საკნები არის ერთადგილიანი. გარდა ამისა, პრევენციული ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს დაწესებულების ყველა საკარანტინე საკანი, რომელთაგან მონიტორინგის დროს დატვირთული იყო 6 საკანი, სადაც განთავსებული იყო 33 ბრალდებული.
 
საერთო ჯამში მონახულებული იქნა დაწესებულების სხვადასხვა ნაწილებში განთავსებული 391 პატიმარი. პატიმრებთან გასაუბრება მოხდა სხვადასხვა საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა მათ საყოფაცხოვრებო პირობებს,  სხვადასხვა უფლებებით სარგებლობას, მათ მიმართ მოპყრობას, გამოყენებულ და გავრცელებულ დასჯის წესებს. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციების გადამოწმებას.

აბსოლუტურად ყველა გამოკითხულმა პატიმარმა უარყო დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლის და მათ მიერ პატიმართა ცემის ფაქტი. მონახულებული პატიმრებიდან არცერთს არ აღენიშნებოდა ცემისთვის ან არასათანადო მოპყრობისთვის დამახასიათებელი დაზიანებები. საცხოვრებელ კორპუსებში მყოფმა ყველა პატიმარმა განაცხადა, რომ მათ რადიოს საშუალებით შეიტყვეს უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, გაუკვირდათ, უწოდეს დეზინფორმაცია და აღშფოთება გამოთქვეს ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების გამო. ყველა პატიმარმა განაცხადა, რომ სპეცრაზმი დაწესებულებაში არ შესულა და შესვლის შემთხვევაში აუცილებლად დაინახავდნენ და გაიგებდნენ.  ასევე, პრევენციული ჯგუფის წევრები დაინტერესდნენ #8 დაწესებულებაში უკანასკნელ დღეებში ხომ არ იყო გარდაცვლილი რომელიმე პატიმარი, რაზეც ყველამ განაცხადა, რომ ასეთი ფაქტის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ და არაფერი სმენიათ.
***

პატიმრების მხრიდან მთავარ პრობლემად დასახელდა მათი დიდხნიანი დაყოვნება #8 დაწესებულებაში, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა უკვე დიდი ხნის მსჯავრდებულია, არ ხდება მათი გადაყვანა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და განუსაზღვრელი ვადით ელოდებიან ეტაპირებას. პატიმართა ნაწილის განმარტებით, ისინი სრულყოფილად ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით, რადგან გასეირნება გრძელდება 15–20 წუთი, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 1 საათისა. პატიმართა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ დაწესებულების მაღაზიაში ძალიან იშვიათია ხილ–ბოსტნეული და იმ შემთხვევებშიც, როდესაც ის არის, არის ერთფეროვანი, მწირი და არ არის გათვალისწინებული სეზონური პროდუქტი. ზოგიერთმა პატიმარმა დაიჩივლა მაღაზიაში არსებული სხვა პროდუქციის უხარისხობაზე (მაგ: ძეხვეულის და ჰიგიენური საშუალებების). რაც შეეხება მათ მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობას, პატიმართა უმრავლესობამ განაცხადა, რომ თანამშრომლების მხრიდან ადგილი არ აქვს გამოწვევას და შეურაცხყოფას, თუმცა #8 დაწესებულებაში კვლავ პრობლემას წარმოადგენს გადამეტებულად მკაცრი რეჟიმი და სარეჟიმო მოთხოვნები, კერძოდ, საკანში ხმაურად ითვლება საშუალო ხმაზე ლაპარაკი და საშუალო ხმაზე რადიოს მოსმენაც, რის გამოც პატიმრები იძულებულნი არიან თითქმის ჩურჩულით ესაუბრონ ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მათ დასჯას და სამარტოო საკანში მოთავსებას. პატიმართა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ 17:00 საათამდე ეკრძალებათ საკანში საკუთარ ლოგინზე დაწოლა, 17:00 საათიდან 22:00 საათამდე არ შეიძლება დაძინება, ხოლო 22:00 საათზე აუცილებლად უნდა დაწვნენ ლოგინებში. აგრეთვე, მათი გადმოცემით, სამარტოო საკანში მოთავსებით ისჯება სხვა, თუნდაც ნაცნობ პატიმართან მხოლოდ მისალმებაც კი. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ ფანჯრიდან ყურება, განსაკუთრებით ეს ეხება იმ კორპუსებსა და საკნებში განთავსებულ პატიმრებს, რომელთა საკნის ფანჯრები გადის ადმინისტრაციის შენობისკენ და უყურებს იმ გზას, საიდანაც ჩანს პატიმართა მოძრაობა (ადვოკატებთან, ახალი ეტაპის შეყვანა უკვე საკნებში და ა.შ.). პატიმრებს კვლავ ეკრძალებათ საკანში სიგარეტის მოწევა და დღის განმავლობაში მათ მიერ საკანში გარეცხილი სარეცხის საკანშივე ჩამოკიდება გასაშრობად. საკნის კარის, საკვების მისაწოდებელი სარკმლის და სათვალთვალო ნახვრეტის გაღებისთანავე პატიმრები ფეხზე დამდგარი და ზურგზე ხელებდაწყობილი უნდა იდგნენ. კარანტინში კი – ამავე მდგომარეობაში და საკნის კარისკენ ზურგით ორ მწკრივად. სამარტოო საკანში მოთავსებულმა რამდენიმე პირმა, რომელმაც არ ისურვა აღნიშნულის გასაჯაროება, განაცხადა, რომ სწორედ დღის საათებში საკუთარ საწოლზე წამოწოლისთვის იქნა დასჯილი, ზოგიერთმა განაცხადა, რომ ხმამაღალი გაცინებისთვის დაისაჯა. პატიმრებმა განაცხადეს, რომ აღარ ხდება მათი ჩაყვანა კარანტინში დასჯის მიზნით, თუმცა ყველა მათგანი განმარტავს, რომ სამარტოო საკნიდან ჯერ აჰყავთ საკარანტინე საკანში და ამის შემდეგ ხდება მათი ხელახალი გადანაწილება საკნებში. ასეთ დროს მათ კარანტინში რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე ამყოფებენ. დასჯილი პატიმარი სამარტოო საკნიდან, კარანტინის გავლით, აღარ ბრუნდება საკუთარ საკანში და მას აუცილებლად ეცვლება საკანი. სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს ლეიბი ეძლევათ საღამოს საათებში, დაახლოებით 22:00 სთ–ზე, ხოლო დილით, დაახლოებით 09:00–10:00 საათზე, ლეიბი გააქვთ. გადასაფარებელი არ ეძლევათ. დღის განმავლობაში აკეცილია სამარტოო საკნებში არსებული საწოლი და პატიმრებს მთელი დღე უწევთ ფეხზე დგომა ან სკამზე ჯდომა. სამარტოო საკანში განთავსებულ ყველა პატიმარს ჰქონდა ტუალეტის ქაღალდი და საპონი. იქ მყოფი პატიმრების გადმოცემით, საკვები მიეწოდებათ დღეში სამჯერ. ასევე, მუდმივად მოდის წყალი.
 
სულ არის 8 საკარანტინე საკანი, საიდანაც მონიტორინგის დროს დატვირთული იყო. საკნები არის რვაადგილიანი და ყველა საწოლზე არის ლეიბი, ხოლო გადასაფარებლები არ არის. საკარანტინე საკნებში მოთავსებულმა პატიმრებმა განაცხადეს, რომ მათი დაწესებულებაში მიღება მოხდა მშვიდ ვითარებაში და არასათანადო მოპყრობას მათ მიმართ ადგილი არ ჰქონია.  მათივე გადმოცემით, მიღებისთანავე ისინი მოინახულა დაწესებულების ექიმმა. ყველა საკანში იყო ტუალეტის ქაღალდი, საპონი და ჭურჭელი საკვების მისაღებად.  საკვები ეძლევათ დღეში სამჯერ. წყალი მიეწოდებათ მუდმივად.
 
თითქმის ყველა პატიმარმა განაცხადა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ექიმის მომსახურებაც და მედპერსონალის მხრიდან უყურადღებობას არ უჩივიან. ასევე, განაცხადეს, რომ დაწესებულებაში ფუნქციონირებს აფთიაქიც, რაც საჭიროების შემთხვევაში საკმაოდ უმსუბუქებს მდგომარეობას. პატიმართა გადმოცემით, ისინი სარგებლობენ ოჯახებში მიმოწერის უფლებით, ფოსტის საშუალებით ამანათების მიღების უფლებით, აბანოთი სარგებლობის უფლებით კვირაში ერთხელ (გათვალისწინებულია კვირაში ორჯერ კოდექსით), დაწესებულების მაღაზიით სარგებლობის უფლებით, პაემნებით თვეში ერთხელ და სატელეფონო საუბრის უფლებით თვეში ორჯერ (5–5 წუთით), სურვილის შემთხვევაში გასეირნების უფლებით (ძირითადად ყველა ამბობდა, რომ გასეირნება 30–45 წუთი გრძელდება, ნაცვლად 1 საათისა), დაუბრკოლებლად ხვდებიან თავიანთ ადვოკატებს, სასულიერო პირებს. პატიმრებს კვლავ არ აქვთ ტელევიზორები. დაწესებულებაში მკვეთრად არის შეზღუდული ხელმისაწვდომობა პრესაზე. პატიმრებს, დაწესებულების მაღაზიის საშუალებით, ხელი მიუწვდებათ ისეთ გამოცემებზე, როგორებიცაა ჟურნალები „სარკე“, „თბილისელები“, „რეიტინგი“ და ა.შ. გაზეთებიდან ხელმისაწვდომია „ლელო“ და კროსვორდები.

ombudsman.ge

ახალი ამბები