კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია „ეს შენ გეხება“ აპროტესტებს „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტს

12 ივლისი, 2012

11 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო ტელეკომპანია „მაესტროს” კუთვნილ სატელიტურ ანტენებს.  

პროკურატურის განცხადების თანახმად, „სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ“ საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით  ანტენები.

გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ“.

ამ საკითხთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ:

1. „ელიტ ბურჯისგან“ განსხვავებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ მიუღია გადაწყვეტილება ტელეკომპანია „მაესტროს“ რომელიმე პარტიასთან დაკავშირების, ამ ორგანიზაციის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და არ მიუმართავს პროკურატურისთვის ამ საკითხის შესწავლის მიზნით. არც პროკურატურას და არც სასამართლოს საზოგადოებისთვის არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ „მაესტროს“ მიერ სატელიტური ანტენების შეძენა და მოსახლეობისთვის მათი დამონტაჟება რამენაირად უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობას.

2. როგორც ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისა და მფლობელის განცხადებიდან ირკვევა, აღნიშნული ანტენების შესყიდვა მოხდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელის - მაკა ასათიანის მიერ, რომელსაც არ გააჩნია გაცხადებული საარჩევნო მიზნები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ უცვნია რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 252 მუხლის 1 და 2 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის მიხედვით, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება ”საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება”. პროკურატურას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ”მაესტრომ” საარჩევნო მიზნით ვინმეს გადასცა სატელიტური ანტენა, ან მისმა რომელიმე წარმომადგენელმა გააკეთა ასეთი მიზნის დამადასტურებელი განცხადება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. ხელი ეშლება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განვითარებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან მედიაბიზნესში უხეშ ჩარევას წარმოადგენს. აღნიშნული ქმედებით ხელისუფლება აფერხებს პლურალიტური მედიასივრცის შექმნას, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს და ქმნის არათანაბარ კონკურენტულ პირობებს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა იმისთვის,  რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი ინფორმაცია.  უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარმოუდგინოს შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც საფუძვლად დაედო ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ იმპორტირებული სატელიტური ანტენების  დაყადაღებას.

მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და სადამკვირებლო ორგანიზაციებს, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ წინასაარჩევნო პერიოდში დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და შეფერხების ფაქტებზე.  

კამპანია „ეს შენ გეხება“

ახალი ამბები