11:12, Thursday, 27.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ხელისუფლებამ „ქართუ ბანკთან“ ცხრათვიანი ომი დაასრულა

13.07.2012

ალექსი ბეჟანიშვილი

12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და „პროგრეს ბანკის“ აქციათა 21.7%-ის მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა.

„2012 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და სს „პროგრეს ბანკის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე. აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად, პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით დაინიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა“, - აღნიშნულია აღსრულების ბიუროს განცხადებაში.

უგულავა, რომელიც ამჟამად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტია, აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს მონაწილეობდა „არაერთი წარმატებული  ფინანსური ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში“, მათ შორის იყო „ალდაგი ბისიაის“ საზედამხედველო საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობდა „ტაოპრივატბანკს“.

უგულავა ყოფილი პრეზიდენტის, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ასევე იყო  ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივანი და ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.

„სივილ ჯორჯიას“ ცნობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 11 ივლისს სასამართლოს ივანიშვილის  ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით მას შემდეგ მიმართა, რაც აუქციონზე გატანილი დაყადაღებული აქციები არ გაიყიდა. ამ ქონებაზე აღსრულების პროცედურები იმის გამო დაიწყო, რომ ივანიშვილმა უარი თქვა პარტიების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით ივნისში დაკისრებული 74.32 მლნ ლარის ჯარიმის გადახდაზე. ივანიშვილი აცხადებს, რომ ის აღარ არის „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული „ბანკი ქართუს“ ბენეფიციარი მესაკუთრე მას შემდეგ, რაც კუთვნილი წილები უფროს ვაჟს, უტას გადაუფორმა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, იძულებითი მართვის შედეგად ჯარიმის ოდენობა ეტაპობრივად დაიფარება. ამ დროის განმავლობაში ვლადიმერ უგულავა ისარგებლებს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება მისი მფლობელის საკუთრებაში დარჩება.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართუ ბანკში“ იძულებითი მმართველობის შემოღება იმ ძალადობის გაგრძელებაა, რომელსაც ხელისუფლება ამ ბანკის წინააღმდეგ ოქტომბერში მისი პოლიტიკაში წასვლის შემდეგ ახორციელებს.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ვლადიმერ უგულავას დანიშვნის შემდეგ „ქართუ ბანკში“ საკადრო ცვლილებები დაიწყო. „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორისა და „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებულია ნოდარ ჯავახიშვილი. როგორც ჯავახიშვილმა განაცხადა, მასთან ერთად სამსახურიდან დათხოვნილია „ქართუ ბანკის“ მთელი დირექტორატი. ახლად დანიშნული სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი გათავისუფლების შესახებ მათ ფოსტით მიუტანეს.
 
„ყველა სერიოზული პერსონის ერთად გათავისუფლება წარმოუდგენელია. უგულავა ჩვენ არ გვინახავს. ამით ხელისუფლებამ „ქართუ ბანკთან“ 9 თვიანი ბრძოლის ეპოპეა დაასრულა“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

„ქართუ ბანკის“ ახალ სამეთვალყურეო საბჭოში ვლადიმერ უგულავასთან ერთად  ირაკლი ზარქუა და რიონ ცაციაშვილი იქნებიან. ამის შესახებ ბანკის დირექტორატის ყოფილმა წევრმა გოჩა ჩიკვილაძემ განაცხადა. მისივე ცნობით, ირაკლი ზარქუა ეროვნული ბანკის სარევიზიო სამსახურის უფროსია. ახალმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ვლადიმერ უგულავას ხელმძღვანელობით 12 ივლისს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დირექტორატი, რომელშიც 8 პირი იყო, გაეთავისუფლებინათ.

როგორც გოჩა ჩიკვილაძე განმარტავს, ვლადიმერ უგულავას, როინ ცაციაშვილსა და ირაკლი ზარქუას აქვთ უფლებამოსილება, ახალი დირექტორატი დანიშნონ.

 „ქართუ ბანკის“ სალარო ცარიელია და ბანკს მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. ჩიკვილაძის განცხადებით, 13 ივლისს ვერ გაიხსნა ბანკის საცავი, რადგან საცავზე პასუხისმგებელი პირი, მანანა ნადირაძე გათავისუფლებულია თანამდებობიდან. შესაბამისად, ჩიკვილაძის განცხადებით, საცავი შუადღისთვისაც არ იყო გახსნილი, რის გამოც სალარო ცარიელია და ბანკს არ ეძლევა მუშაობის შესაძლებლობა.

ამ დროისთვის ბანკში თანამშრომლები იმყოფებიან, როგორც ისინი აცხადებენ, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გააგრძელებენ თუ არა ორგანიზაციაში მუშაობას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC