კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი

13 ივლისი, 2012

ნინო ცაგარეიშვილი

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს. პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“.

მედიამონიტორინგის მიზანია, გამოავლინოს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების ტენდენციები და შეიმუშაოს რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქცია არ შეიცავს ფარული პოლიტიკური რეკლამის დეფინიციას. რეკლამის შესახებ კანონში, მაუწყებლობის შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები კი ფარული პოლიტიკური რეკლამის აღსაკვეთად არასაკმარისია.

ფარული პოლიტიკური რეკლამის საკითხებს ეხება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის 1999 წელს მიღებული რეკომენდაციები მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით.

რეკომენდაციების თანახმად, საარჩევნო პერიოდში საჯარო და კერძო მაუწყებლებმა უნდა უზრუნველყონ სამართლიანი, მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქება ახალი ამბებისა და მსგავსი ტიპის პროგრამებში, ასევე - დისკუსიებში, ინტერვიუებსა და დებატებში.

განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი კანდიდატების გაშუქების საკითხი, რომელთაც უკავიათ საჯარო თანამდებობები. რეკომენდაციების თანახმად, დაუშვებელია ასეთი პირების ოფიციალური ფუნქციების პრივილეგირებული და ექსესიური (გადაჭარბებული) გაშუქება.

ცალკე თავი ეთმობა გასართობი ხასიათის პროგრამების გაშუქების საკითხს. რეკომენდაციის თანახმად, მაუწყებლები უნდა მოერიდონ წინასაარჩევნო პერიოდში გასართობ პროგრამებსა და მსგავს თოქ-შოუებში პოლიტიკოსების მოწვევას, რადგანაც შერჩევითი მოწვევა უსამართლო უპირატესობას მიანიჭებს კონკრეტულ კანდიდატსა თუ პოლიტიკურ პარტიას. რეკომენდაციები ყურადღებას ამახვილებს ასევე პაროდიულ პროგრამებში კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისადმი უპირატესობის მინიჭების დაუშვებლობაზე.

მინისტრთა კომიტეტი აცხადებს, რომ აღნიშნული პრინციპები, უპირველეს ყოვლისა, მაუწყებელთა თვითრეგულირების გზით უნდა იყოს დარეგულირებული. თუ თვითრეგულირების მექანიზმი ამ პრინციპებს არ ითვალისწინებს, კომიტეტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, ასახონ ისინი შესაბამის საკანონმდებლო ნორმებში.

„საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელიც ქართული ტელეარხებისათვის სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს და მათი თვითრეგულირების გზით დაცვის შესაძლებლობას ქმნის, ზემოაღნიშნულ პრინციპებს არ ითვალისწინებს.

რეგულაციები ფარული პოლიტიკური რეკლამის აღსაკვეთად არ გვხვდება არც საქართველოს საკანონმდებლო აქტებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები ფარული პოლიტიკური რეკლამის გამოსავლენად არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ეს შენ გეხებას“ მიერ შემუშავებული დეფინიციას გამოიყენებენ.

რაც შეეხება სოციალური რეკლამის არსებულ განმარტებას, იგი არ შეიცავს  დებულებებს, რომლებიც გამორიცხავდა მის არადანიშნულებისამებრ გამოყენებას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სოციალური რეკლამა არ უნდა შეიცავდეს „კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას“. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა სამთავრობო დაწესებულებებში არ მოიაზრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და საჯარო საქმიანობას ახორციელებენ. შესაბამისად, მათზე აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2012 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის თანახმად, სოციალური რეკლამის განმარტების ფარგლებს აშკარად სცდება სოციალური რეკლამის სახით გასული ისეთი ვიდეო რგოლები, როგორიცაა, პენსიის გაზრდასთან დაკავშირებული რეკლამა, განათლების რეფორმასთან დაკავშირებული რეკლამა, „ვარდების რევოლუცია - 8 წელი“, „ჩვენ ვაშენებთ სახლს“ და „მე მიყვარს თბილისი“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პენსიის გაზრდასთან დაკავშირებული რეკლამა ძალიან ჰგავს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი პენსიის გაზრდის დაპირებებს იძლევა. რაც შეეხება განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ და ვარდების რევოლუციის მე-8 წლისთავის შესახებ რეკლამებს, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რადგანაც ვიდეო-რგოლი მოგვითხრობს საქართველოს მთავრობის წარსულ მიღწევებსა და გაწეულ მომსახურებაზე, ისინი აშკარად სცდებიან სოციალური რეკლამის დეფინიციის ფარგლებს.

რაც შეეხება სოციალურ რეკლამებს „ჩვენ ვაშენებთ სახლს“ და „მე მიყვარს თბილისი,“ ორგანიზაცია აცხადებს, რომ, მართალია, ამ რეკლამებში პირდაპირ არ ხდება საქართველოს მთავრობის ან სხვა საჯარო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირება, თუმცა გამოყენებული კადრები და სიმღერის ზოგიერთი ფრაზა აშკარად მიუთითებს მოქმედ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მიღწევებზე. შესაბამისად, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამის“ კატეგორიისადმი მათი მიკუთვნება საკმაოდ რთულია.


რეკლამის კიდევ ერთი სახეს, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდებიან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა წარმოადგენს, რომელზეც მონიტორინგი უშუალოდ საარჩევნო პერიოდში განხორციელდება. მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგები ივლისის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.


ეს სტატია შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ცენტრი და იგი არ ასახავს IFES-ის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები