კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მთელი რუსეთი აქ ჩამოჯდება“ - საგადასახადო შეღავათები „რუმს ყაზბეგის“ სამორინესთვის

13 ივლისი, 2012

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

მთავრობის N 250 დადგენილებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდა. სამორინე სასტუმრო „რუმს ყაზბეგში“ უნდა მოეწყოს, რომელიც ცნობილ ბიზნესმენსა და სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ მფლობელს, თეიმურაზ უგულავას ეკუთვნის. სასტუმრო და  შესაბამისად, სამორინეც ოფიციალურად ჯერ გახსნილი არ არის.

საქართველოში სამორინეს მოწყობის ნებართვის მოსაკრებელი 5 000 000 ლარია. გამონაკლისია ბათუმი, დუშეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, სადაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მოსაკრებელი წელიწადში 250 000 ლარით არის განსაზღვრული. რაც შეეხება ახალციხეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, იქ სამორინეს მოწყობის ნებართვა 100 000 ლარი ჯდება.
 
სანებართვო მოსაკრებლისგან გათავისუფლების შემთხვევები კანონით არის დადგენილი. კანონმდებლობით, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სამორინეს მოწყობა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე და წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. ამასთან, მოსაკრებლის გადახდა არ ეხებათ ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილ სამორინეს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილ სამორინეებს.
 
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყაზბეგში სამორინეების ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა რატომღაც სასტუმრო „რუმს ყაზბეგის“ მშენებლობას დაემთხვა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ 2012 წლის იანვარში სამორინეების მოსაკრებელი გაანახევრა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამორინეზე კვარტალური გადასახადი 30 ათასი ლარით,  სათამაშო მაგიდაზე - 15 ათასი ლარით, ხოლო სათამაშო აპარატზე - 1500 ლარით განსაზღვრა.
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვიქტორ სუჯაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისათვის ყაზბეგში არც სამორინე ფუნქციონირებს და არც სათამაშო აპარატები. „ამჟამად ყაზბეგში არცერთი სამორინე არ მუშაობს. რამდენიმე დღეში სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“ გაიხსნება. დარწმუნებით ვერ გეტყვით, მაგრამ შესაძლებელია ამ სასტუმროში სამორინეც იყოს,“ – აღნიშნა სუჯაშვილმა.
 
ყაზბეგში სათამაშო ბიზნესის ტურიზმის განვითარებას სკეპტიკურად აფასებს „ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე. კალანდაძე ამბობს, რომ წლების წინ მიღებული საგადასახადო შეღავათების  მიუხედავად, სათამაშო ბიზნესი წყალტუბოში, სიღნაღსა და გუდაურშიც ვერ  განვითარდა: „სათამაშო ბიზნესის განვითარებისთვის გადასახადების შემცირება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ბიზნესი რომ განვითარდეს, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ერთიანი კონცეფცია უნდა არსებობდეს. სათამაშო ბიზნესის განვითარება ტურისტული კონცეფციის ერთ–ერთი შემადგენელი კომპონენტი უნდა იყოს. ქვეყნის არასწორი და არათანაბარი ურბანული განვითარების გამო სამორინეების მოწყობა ბევრ რეგიონში მომგებიანი ვერ იქნება. სათამაშო ბიზნესმა შეიძლება გაამართლოს ბათუმში, სადაც ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი ჩადის. მაგრამ, ყაზბეგში, სადაც ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა არ არის, არ არის სასტუმრო და გზა, დიდი ფულის დასახარჯად არავინ ჩავა“.
 
განსხვავებული მოლოდინი აქვს საქართველოს პრეზიდენტს.  ის ფიქრობს, რომ „მთელი რუსეთი აქ ჩამოჯდება“: „ძაან მაგარი შერჩეული ადგილია. თან უკან სამორინე იქნება. მთელი რუსეთი აქ ჩამოჯდება, მთელი მოპარული ფული დახარჯონ აქ. რა პრობლემაა, კაცო, დავახარჯინოთ ფული. აქ ისეთი ხედია, აქედან ხალხს ვეღარ გაყრით. ზაფხულშიც აქ იქნებიან და ზამთარშიც“,  - განაცხადა პრეზიდენტმა 2012 წლის 9 აპრილს, მშენებარე სასტუმრო „რუმს ყაზბეგის“ დათვალიერებისას.
 
სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“, სადაც მაღალი კლასის 156  ნომერი, 25-მეტრიანი საცურაო აუზი, სამორინე, სპა ცენტრი, ფიტნესკლუბი და საკონფერენციო დარბაზებია განთავსებული, პირველ დამსვენებლებს რამდენიმე დღეში მიიღებს.
 
შპს „სასტუმრო ყაზბეგი“  2011 წლის 27 ივნისს არის დარეგისტრირებული. მისი 100-პროცენტიანი წილი თეიმურაზ უგულავას ეკუთვნის. შპს-ს დირექტორი ზურაბ ნაყეურია.

ახალი ამბები