11 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების - ქეთი დოლიძისა და გიორგი ცაგარეიშვილის შეხვედრა ხაშურის რაიონის სოფელ ბუღაურას მოსახლეობასთან დაპირისპირების ფონზე წარიმართა. გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძის მშობლიურ სოფელში ჩასულ კოალიციის ლიდერებს მინისტრის და ეკა ხაჩიძე და მამა მევლუდ ხაჩიძე დაუპირისპირდნენ.
ვიდეოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავად მინისტრი შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა: „ეს ჩემი დაა (აქ საშინლად გამოიყურება ისე, არა :) ), სამი წლით უმცროსია ჩემზე... ეს მამაჩემია... ეს ამბავი ჩემი სახლის წინ ხდებოდა დღეს, სურამში. რა თქმა უნდა, უკეთესად შეეძლოთ, მოქცეულიყვნენ. რა თქმა უნდა, ნერვებმა უმტყუნათ... ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან და თვითონ წყვეტენ, როგორ მოიქცნენ. ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში მოვლენების ცენტრში ჩემს გამო აღმოჩნდნენ... ამ კვირას, თუ მოვახერხე, გავუვლი. დიდი ხანია, აღარ მინახავს. თან „კუკარაჩას“ ჩავუტან, ფილმს. არ აწყენთ კლასიკის გადამეორება :)“.
ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას საინფორმაციო სააგენტო info9 ავრცელებს.