კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩუხთის სოფლებში გლეხები ინვესტორებისგან პირობების შესრულებას ითხოვენ

20 ივლისი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთის ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ თურქი ბიზნესმენები შემოვიდოდნენ, რომლებიც იჯარით აიღებდნენ მიწის ნაკვეთებს და იქ სხვადასხვა კულტურას მოიყვანდნენ. მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - ჯურუყვეთში, ლესასა და ჩიბათში თურქმა ინვესტორებმა, ადგილობრივთა ნებართვით, საყანე ფართობების დათესვა მართლაც დაიწყეს.

როგორც humanrights.ge-სთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივებსა და თურქ ბიზნსმენებს შორის შუამავალი რგოლი აღნიშნული სოფლების დეპუტატები იყვნენ. სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ადგილობრივთათვის ყოველ ათას მეტრ მიწის ნაკვეთზე 50 კგ. სიმინდი ან 20 ლარი უნდა მიეცათ. მიუხედავად ამისა, როგორც მოსახლეობა ამბობს, თურქებმა პირობა დაარღვიეს.

ჩვენ ვესაუბრეთ გლეხებს, რომლებიც საჯაროდ ვინაობის გამჟღავნებას ერიდებიან. მართალია, პირად საუბრებში გვითხრეს სახელი და გვარი, მაგრამ დასძინეს, რომ საჯაროდ ვინაობის გახმაურების შემთხვევაში, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ.

ჯურუყვეთის მკვიდრი გლეხი ამბობს, რომ შეპირებული 50 კგ სიმინდის ნაცვლად, მას მხოლოდ 40 კგ. გადაუხადეს ყოველ ათას მეტრზე. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ინვესტორებსა და სოფლების მაცხოვრებლებს შორის ხელშეკრულება გაფორმებული არაა.

სოფელ ლესის მკვიდრი გლეხი სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ჯერ არც შეპირებული 50 კგ.  სიმინდი მიუციათ და არც ფული: „უკიდურეს მდგომარეობაში ჩავვარდი. ყანის დახვნა და დათესვა ვერ შევძელი. მიწა კი ფუჭდებოდა  და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თურქებისთვის მიწის მიცემა. თუმცა, ძალიან კარგად ვიცი, რომ ათას მეტრზე 50 კგ. სიმინდი ან 20 ლარი მიზერული ანაზღაურებაა. თავიდან ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება იყო. გვპირდებოდნენ, რომ დაიდებოდა ხელშეკრულება, მაგრამ ჯერჯერობით, არც ხელშეკრულებაა გაფორმებული და არც სიმინდი ან ფული ამიღია. სხვისი არ ვიცი და მე პირადად არ ვაპირებ, ეს საქმე ასე დავტოვო“.

სოფელ ჩიბათის მკვიდრი ქალბატონის საყანე ფართობსაც თურქი ინვესტორები ამუშავებენ. „ჩიბათში 70 ჰა-ზე მეტი მიწა აქვთ წაღებული. ჩვენ ვეღარ დავამუშავეთ, რადგან ყველაფერი გაძვირდა და იძულებულები გავხდით, მიწები მათთვის დაგვეთმო. ჩვენთან მხოლოდ ფულს დაგვპირდნენ - ყოველ ათას მეტრზე 20 ლარს, სიმინდზე საუბარი არ ყოფილა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ აგერ, მხოლოდ ორი დღის წინ გამოჩნდნენ. პირადად მე თანხაც სრულად გადმომცეს და ხელშეკრულებაც გააფორმეს.  აპრილამდე ჩემს საყანე ფართობში ჩასვლის უფლება არა მაქვს. ვიცი, რომ სხვა სოფლებში ასე არ მოქცეულან, მაგრამ იმედია, სხვაგანაც მალე დაიწყებენ პირობის შესრულებსაც და ხელშეკრულებების დადებასაც“, - იმედოვნებს ქალბატონი.

სოფელ ჯურუყვეთში გვითხრეს, რომ უცხოელი მეურნეების სიმშვიდეს საპატრულო პოლიცია იცავს: „პატრული ყოველ დღე დადის და ეკითხება მათ, ადგილობრივი მოსახლეობა ხომ არ გაწუხებთო. ჩვენ ვის უნდა ვაწუხებდეთ, იქით შეგვაწუხეს და დაგვტოვეს ხახამშრალები?!“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია: „თურქულმა ფირმამ, შპს „სერაფიმ“, რომლის ხელმძღვანელები ლაზური წარმოშობის ძმები, მემედ და იუსუფ კამბურები არიან, გამოთქვეს დაინტერესება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. კამბურები ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ და აღნიშნეს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მათ სურთ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იჯარით აიღონ რამდენიმე ასეული ჰა მიწა, სადაც მოიყვანენ სოიოს, რაფსის (ტექნიკური კულტურა, გამოიყენება საწვავი ზეთის გამოსახდელად) კულტურას, ასევე აამუშავებენ თხილისა და ზემოხსენებული კულტურების მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოს“.

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, სოსო ბოლქვაძე ამბობს, რომ გაჭირვებული მოსახლეობა ფაქტობრივად, გამოიჭირეს: „ეს თურქი ინვესტორები სამი წლით წინაც იყვნენ ჩამოსულები. მაშინ ბაყაყების ბიზნესის დაწყება უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და როცა დაინახეს, ხალხს უჭირდა და საყანე ფართობს ვერ ამუშავებდა, გადაწყვიტეს, მოლაპარაკებოდნენ მათ. სიტყვიერად შეთანხმდნენ, მაგრამ როგორც გლეხები ამბობენ, შეთანხმებას უკვე არღვევენ. მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო რთულადაა საქმე - ეჭვი მაქვს, ინვესტორები სამომავლოდ ამ მიწების შესყიდვაზე დაიწყებენ საუბარს. თითქოს არაფერი, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საუბარია 350 ჰა. მიწის ფართობზე, რაც ლანჩხუთისთვის პატარა ნამდვილად არაა“.

საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიებს კარგი შესაძლებლობა აქვთ, ადგილობრივ გლეხებს გააცნონ, როგორ ხედავენ სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს. კონკრეტულ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ადგილობრივ გლეხებთან მეტი განმარტებების მიცემა მოუწევთ, რას უპირებენ მათ კუთვნილ მიწებს თურქი ინვესტორები. ოპოზიციურ პარტიებს კი შესაძლებლობა აქვთ, თავისი ხედვები წარმოადგინონ და ისაუბრონ, გამარჯვების შემთხვევაში, თვითონ როგორ მოაგვარებენ შექმნილ პრობლემებს.

ახალი ამბები