კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრი დააკავა

24 ივლისი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი 

შინაგან საქმეთა გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, სოფელ ვაჩნაძეანში მცხოვრები გიორგი ნატროშვილი დააკავეს. ნატროშვილს ბრალად გურჯაანის გამგეობის თანამშრომლის მაკო ჩითინაშვილის ცემა ედება. 

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგი ნატროშვილი გურჯაანის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის უფროსმა აკაკი ბეგაშვილმა განუცხადა, გიორგი ნატროშვილის ინტერესებს ადვოკატი ლოლა ტუსაშვილი დაიცავს.

 

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვაჩნაძეანში 22 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა. 

 

სტიქიით დაზარალებულ სოფელ ვაჩნაძეანში ბიძინა ივანიშვილს გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი და „რეალ TV“-ის სტაჟიორების სტატუსით, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი უკან დაჰყვებოდა და მის მხარდამჭერებს რუსეთის აგენტებს უწოდებდა. მაკო ჩითინაშვილმა კი ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე ნაბიჭვარიც უწოდა, რამაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და ჩითინაშვილს შორის დაპირისპირება გამოიწვია. ერთ–ერთმა აქტივისტმა გიორგი ნატროშვილმა ჩითინაშვილს ლანძღვის შეწყვეტის მიზეზით სახეში ჩაარტყა და პირზე ხელი მიაფარა. 

 

ვიდეო


ადვოკატმა ლოლა ტუსაშვილმა დაკავებულთან ოპერატიულად შეხვედრა ვერ მოახერხა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადვოკატმა აცნობა, პოლიციის სამორიგეოში მას დაკავებულის შესახებ ინფორმაციაც არ მისცეს. 


„გვითხრეს, რომ გურჯაანის პოლიციაში ჰყავთ, მაგრამ მისი ნახვის და შეხვედრის საშუალებას არ მაძლევენ. ორდერი წარვადგინე, მაგრამ იმასაც კი არ ამბობენ, გამომძიებელი ვინ არის“, – განაცხადა ლოლა ტუსაშვილმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ნატროშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის I ნაწილით არის დაკავებული. 

 

„2012 წლის 22 ივლისს შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი ნატროშვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  239-ე მუხლის  I  ნაწილით. გიორგი ნატროშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მარინე ჩითინაშვილს. აღნიშნულ ინცინდენტს ასევე  შეესწრო ქუჩაზე მაცხოვრებელი მოსახლეობაც. საქმეს  იძიებს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო“, – აღნიშნულია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ნატროშვილს დაჯარიმება ან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


23 ივლისს ადვოკატმა დამატებით განაცხადა, რომ პოლიციას გიორგი ნატროშვილისთვის ბრალი ჯერ არა აქვს წაყენებული. მისივე განცხადებით, ნატროშვილი ჯერ არ დაუკითხავთ. იგი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 

 

„ჯერჯერობით მარტო დაკავების ოქმი ჩაგვაბარეს. გიორგი არ დაუკითხავთ. დაკავების ოქმიდან ვიცი, რომ ის სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის I ნაწილით არის პასუხისგებაში მიცემული. გიორგი ნატროშვილი არის სტიქიით დაზარალებული. ის ცხოვრობს სოფელ ვაჩნაძიანში. სტიქიის შედეგად სახლის სახურავი გადახდილი აქვს. გარდა ამისა, მან მინის ნამსხვრევებით მიიღო მრავლობითი ჭრილობები. დაზარალებულმა საავადმყოფოს რომ მიაკითხა, შრატის ნემსის გაკეთებაში 50 ლარი გადაახდევინეს. ამასთან, მუშები, რომლებსაც მისი სახლი უნდა გადაეხურათ, წავიდნენ და სახურავის გარეშე დატოვეს. ვაჩნაძიანში მომხდარ ინციდენტს ეს ყველაფერი წინ უძღოდა“, – განაცხადა ლოლა ტუსაშვილმა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ბოლო ინფორმაციით, შს კახეთის სამხარეო სამმართველომ გიორგი ნატროშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და მისი დასჯა ადმინისტრაციული წესით მოითხოვეს. გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნატროშვილს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

 

სასამართლო პროცესი 23 ივლისს დილით ისე ჩატარდა, რომ ნატროშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა არაფერი იცოდნენ. გიორგი ნატროშვილმა საქმის განხილვამდე ადვოკატი მოითხოვა. მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დაკავებულს ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცა. პროცესი 10 წუთი გაგრძელდა

ახალი ამბები