კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეო უწყებას მოუწოდებენ არ დაუშვას „დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზება“

27 ივლისი, 2012
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ საქართველოს საელჩო ვაშინგტონში საქართველოს საკითხებით დაინტერესებულ გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს, „იმეილებს“ უგზავნის, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობს.

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ სახელმწიფო რესურსების გამოყენებას“, – განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ 27 ივლისს, - „ერთი პარტიის ლობისტური მიზნებისთვის და შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სახელის გასატეხად დიპლომატიური სამსახურის გამოყენება დაუშვებელია და ასეთი ნაბიჯები დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკას სრულად ეწინააღმდეგება“.

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ ორი ელექტრონული წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ორგანიზაციის თქმით, ამ წერილების ერთ–ერთმა ადრესატმა მიაწოდა. ერთი მათგანი, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ში საქართველოს საელჩოს მეორე მდივნის ხათუნა ოყროშიძის მიერაა გაგზავნილი,  შეიცავს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატიის თარგმანს, რომელშიც საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯონ ბასი უარყოფითად არის მოხსენიებული და რომელშიც საქართველოს საელჩოს თანამშრომელი ასევე წერს, რომ „ასავალ-დასავალი“ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი გამოცემაა და ეს გაზეთი ქსენოფობიური შინაარსის სტატიებით გამოირჩევა. მეორე ელექტრონული წერილი კი, რომელიც საელჩოს იმავე თანამშრომლის მიერაა გაგზავნილი, შეიცავს ამონარიდებს სხვადასხვა ქართული გაზეთებიდან, რომლებშიც პოლიტიკური პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლების პოზიციებია მოყვანილი. საელჩოს თანამშრომელი იქვე აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური პარტია კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გახდა და იგი გამოირჩევა ანტიდასავლური და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგო პოზიციით, ასევე სურს ქვეყანაში ბელორუსის მსგავსი ჩაკეტილი ეკონომიკის შექმნა, რომლის მთავარი პარტნიორიც რუსეთი იქნება.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ გარდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა, ეს ქმედება არის დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა, რომლის თანახმადაც, დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში დიპლომატიური თანამდებობის პირი პოლიტიკურად ნეიტრალურია; იგივე კანონი უკრძალავს დიპლომატს პოლიტიკაში ჩართულობას და მას არა აქვს უფლება, „ეწეოდეს საქმიანობას/პროპაგანდას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის, გაერთიანების სასარგებლოდ ან წინააღმდეგ“.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს „გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი, მიიღოს შესაბამისი ზომები და არ დაუშვას დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზება“.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და გასცეს რეკომენდაციები, რათა მსგავსი ქმედებები მომავალში აღარ განმეორდეს.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები