კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინა ხატისკაცი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან“ გაათავისუფლეს

27 ივლისი, 2012
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნინა ხატისკაცი საარჩევნო პროცესების მონიტორინგის პროექტს ხელმძღვანელობდა და ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ შეფასებებს აკეთებდა.

„აქამდე არც გაფრთხილება, არც საყვედური, არაფერი არ მიმიღია. დღემდე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამუშაოს და არანაირი დარღვევა, არანაირი გადაცდომა არ მქონია. პროექტები მქონდა და ვახორციელებდი. ეს არის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის და გამგეობის თავმჯდომარის მარკ მალენის გადაწყვეტილება, რომ აღმასრულებელ დირექტორს ჩემთან ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობა“.

– ხომ არ უკავშირდება თქვენი გათავისუფლება საპარლამენტო არჩევნებს, რომლის მონიტორინგის პროექტის დირექტორიც თქვენ იყავით?

– ამ თემაზე არ გვქონია ლაპარაკი.

– მაქვს ინფორმაცია, რომ გათავისუფლებამდე, დღეს, ეკა გიგაურს და მარკ მალენს შეხვდით. რაზე ისაუბრეთ?

– მეც მქონდა ეს კითხვა, რომ რატომ ხდება ასე ერთი ხელის მოსმით გათავისუფლება. აღმოჩნდა, რომ ეს უკვე მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც შეცვლას არ ექვემდებარება. ამგვარი ლაპარაკი, ვადასტურებ, რომ არასდროს გვქონია ორგანიზაციაში არც აღმასრულებელ დირექტორთან და არც გამგეობის თავმჯდომარესთან.

– სად აპირებთ მუშაობის გაგრძელებას?

– დავიწყებ სამსახურის ძებნას.

– უნდა ჩაგეკითხოთ, არჩევნების გამო ხომ არ გაგათავისუფლეს, თქვენ საკმაოდ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდით ხელისუფლების მისამართით?

– ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ რეალურად ამაზე ლაპარაკი არასდროს არ გვქონია. არასდროს უკმაყოფილება ან შენიშვნა ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით არ ყოფილა“, – განუცხადა ნინა ხატისკაცმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ნანა ლობჟანიძეს დაუკავშირდა. „მთელი დღე გასული ვარ შეხვედრებზე, ოფისში არ ვარ. ამიტომ, ალბათ უნდა დაურეკოთ ეკას. მეც ახლა, დღეს ჩამაყენეს საქმის კურსში და უბრალოდ ვერ გიპასუხებთ ამაზე“, – აღნიშნა ლობჟანიძემ.

ეკა გიგაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ნინა ხატისკაცი საარჩევნო პროცესების მონიტორინგის პროექტის გარდა საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელშეწყობის პროექტსაც ხელმძღვანელობდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ეხმიანება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ორგანიზაციაში მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება დაკავშირებული იყო შიდა ორგანიზაციულ უთანხმოებასთან. ჩვენ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინა ხატისკაცს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პოზიცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის წარმოადგენდა ორგანიზაციის და არა რომელიმე პიროვნების პოზიციას. ჩვენი განცხადებები და ანგარიშები ყოველთვის ემყარებოდა კომპლექსურ კვლევას, რომელსაც ორგანიზაციის მრავალი მკვლევარი და ექსპერტი ახორციელებდა. ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა ის მიღწევები და საზოგადოების ნდობა რომელიც ორგანიზაციამ მოიპოვა. ამავე დროს, ჩვენ გვაღელვებს ის განცხადებები რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნან ორგანიზაციის იმიჯს და საქმიან რეპუტაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით დღეს გაკეთებულ განცხადებებს და საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ორგანიზაციაში მიმდინარე შიდა პროცესებთან დაკავშირებით“.

ახალი ამბები