კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებისთვის ქუთაისის საკრებულოს კარი დაიკეტა

31 ივლისი, 2012
  შორენა კაკაბაძე, ქუთაისი    

„თქვენ არღვევთ კანონს, რაც დასჯადია!“ - ამ სიტყვებით  ქუთაისის მედიის წარმომადგენლები ადილობრივ ხელისუფლებას ბოლო ერთი წლის მანძილზე, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პეროდში, ხშირად მიმართავენ. 

„ის არ იკმარეს, რომ მერიის ნებისმიერი სამსახურის ხელმძღვანელი წინასწარ ითხოვდა კითხვების გადახედვას და, როგორც ირკვევა, ამას ქუთაისის მერის დირექტივით აკეთებდნენ. ახლა საერთოდ მერიაში შესვლაზეც გვითხრეს უარი. ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლებელია, რომ არაფერი ვთქვათ, იმაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კანონს არღვევს, რაც საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია“, - აცხადებენ ჟურნალისტები.

საპროტესტო  აქციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიასთან გაიმართა, მედიაზე ზეწოლის ფაქტები დაედო საფუძვლად. საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს რეგიონული გაზეთ „P.S“-ის ჟურნალისტი. ასევე, რადიო „ძველი ქალაქის“, „ინფო 9“-ის და საინფორმაციო სააგენტო newpress-ის ჟურნალისტები.

„ადგილობრივი ხელისუფლება კანონს არღვევს, როცა საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტებს არ უშვებს, მერე კი თავს იმართლებს, რომ სხდომათა დარბაზში ადგილი არ არის. ზოგადად, დამოკიდებულებაა გართულებული მერიის აპარატის მხრიდან ჩვენს მიმართ. მსგავს პირობებში მუშაობა ფაქტობრივად შეუძლებელია“, -  ამბობს გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტი ნინო ჩიტიაშვილი. 

პრესისა და ტელევიზიების თანამშრომელთა თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მედიის წინააღმდეგ შეტევა - წნეხისა და კონტროლის ელემენტებით, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ გამძაფრდა: „მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ, დაფარონ ის ფაქტები, რომლის გახმაურებაც მათ ინტერესში არ შედის. მაგალითისთვის საკრებულოს ბოლო რიგგარეშე სხდომაც საკმარისია, სადაც დაცვამ ჟურნალისტები არ შეუშვა. სხდომაზე საკრებულო იმ 2 მლნ ლარის საკითხს განიხილავდა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამა „კორპუსის“ განხორციელებისთვის ითხოვდა და რომელსაც სათათბირო ორგანოს ოპოზიციური ნაწილი ეწინააღმდეგება. ოპოზიცია თვლის, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა მოქალაქეების მოსყიდვა სახელისუფლებო პარტიის მხრიდან. ბუნებრივია, ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთ დროს „არასასურველი მოწმე“ არ სჭირდება. ჰოდა, ჩათვალა, რომ იქ მედიის ადგილი არ იყო“.  

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არავითარი ზეწოლა ჟურნალისტების მიმართ არ არსებობს: „უბრალოდ, შეუძლებელია ჩართული კამერებით კაბინეტებში სირბილი. ეს ხელს უშლის და აფერხებს  სამუშაო პროცესს. ასეთი ფაქტები კი ხშირად არის. თანაც, არსებობს 2010 წელს მიღებული საკრებულოს განკარგულება „საშვთა სისტემის ამოქმედების შესახებ“, რის საფუძველზეც მერიაში მოქმედებს საშვთა ბიურო. ასე რომ, ნებისმიერ  მოქალაქეს, მათ შორის - ჟურნალისტებსაც, შეუძლიათ, ამოწერონ საშვი და მერიის შენობაში უპრობლემოდ გადაადგილდნენ“.

ქუთაისის მედიის წამომადგენლებმა სამართლებრივი დახმარებისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებულ „ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს“ მიმართეს. 

გიორგი ჭიქაბერიძე, საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი:  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საკრებულოს სხდომები საჯაროა. ამ მხრივ, ჟურნალისტებს, ისევე როგორც, რიგით მოქალაქეებს,  პრობლემები არ უნდა ექმნებოდეთ. ჩვენ წერილობით მივმართეთ ქუთაისის მერიას და საკრებულოს და გამოვითხოვეთ იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლები, რომლებიც მერიაში ჟურნალისტებისა და საერთოდ, მოქალაქეების შესვლას, გადაადგილებასა თუ საკრებულოს სხდომებზე დასწრებას არეგულირებს. ასევე, დავინტერესდით ჟურნალისტთა აკრედიტაციის საკითხით. მერიიდან ჯერ პასუხი არ მიგვიღია“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში აცხადებენ, რომ დაელოდებიან მოვლენების განვითარებას, რის შემდეგაც გაკეთდება სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისად, გატარდება სათანადო ღონისძიებები.

ახალი ამბები