კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თურქი ინვესტორი ლანჩხუთელი გლეხების პრეტენზიებს პასუხობს

7 აგვისტო, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთში თურქეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენებს სამ სოფელში - ჯურუყვეთში, ლესასა და ჩიბათში მოსახლეობისაგან იჯარით აქვთ აღებული 273 ჰა. საყანე ფართობი. ამ თემაზე humanrights.ge ცოტა ხნის წინ წერდა სტატიაში -„ლანჩუხთის სოფლებში გლეხები ინვესტორებისგან პირობების შესრულებას ითხოვენ“.

მემედ კამბური წარმოშობით ლაზია. იგი ლანჩხუთში პირველად 1996 წელს ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად და როგორც humanrights-ს თავად უთხრა, მაშინ აქ საქმიანობა ბაყაყების ბიზნესით დაიწყო.

მემედ კამბური: მე წარმოშობით ლაზი ვარ. მამაჩემი პატარა იყო, საქაართველოდან რომ წავიდა. მე კი გადავწყვიტე, აქაურობას დავბრუნებოდი. თავდაპირველად ბაყაყების ბიზნესით დავიწყე, ეს ბიზნესი ძალიან წარმატებულია ყველგან და მეგონა ლანჩხუთშიც ასე იქნებოდა, მაგრამ მოვტყუვდი. ეს ძალიან მძიმე შრომასთანაა დაკავშირებული. რაკი ბაყაყების ბიზნესი ჩავარდა, გადავწყვიტე, თხილის ბიზნესი დამეწყო. 

- როდის დაინტერესდით სასოფლო-სამეურნეო მიწებით?

- ლანჩხუთი ყველაზე ჩამორჩენილი რაიონია სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ. აქ არც ფაბრიკა-ქარხანაა, არც რაიმე სხვა წარმოება. როცა ვფიქრობდი, რისი გაკეთება შიეძლებოდა, ჩემთან მოვიდა რამდენიმე და მითხრა, რომ ვერ ამუშავებდნენ საყანე ფართობებს. ამიტომ სიმინდის მოყვანა გადავწყვიტე და თავდაპირველად სოფელ ჯაპანაში ავიღე 73 ჰა მიწის ფართობი 10-წლიანი იჯარით. მერე, როცა დაინახეს, რომ მიწები გავწმინდეთ და დავამუშავეთ, სხვა სოფლების მაცხოვრებლებმაც მოისურვეს, მათი მიწებიც დაგვემუშავებინა.

- უშუალოდ მოსახლეობა დაგიკავშირდათ?

- არა, მაგალითად, ლესაში დაგვიკავშირდა გამგებელი.

- რა მოლაპარაკება იყო თქვენსა და მოსახლეობას შორის?

- გამოვიკითხე, რა პირობები იყო და გავიგე, რომ ჰექტარზე 400 კგ სიმინდს ან 200 ლარს იხდიან. გავიგე ისიც, რომ მარტო ლესაში 60 ჰა ფართობია დაუმუშავებელი. პირადად შევხვდი მოსახლეობას. მათი უმეტესობა ღარიბი და უმწეოა. ამიტომ ასი კილო მოვუმატე გასაცემ სიმინდს, ანუ ჰექტარზე 500 კგ სიმინდს ვაძლევ და თუ ავადმყოფია, ფულსაც ვუმატებ.

- გაფორმებული გაქვთ თუ არა ხელშეკრულებები მოსახლეობასთან?

- კი, გაფორმებული გვაქვს და ფულიც მიცემული გვაქვს.

- ბატონო მემედ, ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრის დროს რამდენიმე გლეხმა გამოთქვა პრეტენზია, რომ დღემდე არა გაქვთ ხელშეკრულება გაფორმებული.

- ჩვენ იმდენი საქმე გვაქვს, შესაძლოა, რამე გამოგვრჩა და მათთან, ვისაც ნატურით გადახდას შევპირდით, ხელშეკრულებების გაფორმება არ დაგვიმთავრებია. მათ მოსავლის აღების შემდეგ გავუსწორდებით.

- ანუ ხელშეკრულება ყველასთან გაფორმდება?

- კი, აუცილებლად, გაფორმდება ყველასთან. აქამდეც თუ არაა გაფორმებული, ეს ან ჩვენი მოუცლელობის ბრალია, ან იმისი, რომ ნატურით ვისაც უნდა გადავუხადოთ, მათთან ეტაპობრივად მიმდინარეობს გაფორმება. ისიც მინდა გითხრათ, რომ ავადმყოფებს უფრო მეტ თანხას ვაძლევთ, ვიდრე მოლაპარაკება გვაქვს.

- რამდენი ჰექტარი გაქვთ მთლიანად ლანჩხუთში აღებული იჯარით?

- 273 ჰექტარი გვაქვს აღებული და ვამუშავებთ.

- რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, წლების შემდეგ თქვენ ეს მიწები შეისყიდოთ. რამდენად რეალურია ეს ეჭვი?

- გამორიცხულია. ქართული კანონმდებლობით საყანე ფართობების უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის გადაცემა დაუშვებელია.

Humanrights.ge-მ საჯარო რეესტრში გადაამოწმა საკითხი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია თუ არა საყანე ფართობის შესყიდვა. საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმში გვიპასუხეს: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ეს მიწა მიიღეს მემკვიდრეობით, ასევე, თუ უცხოელი ამ მიწას მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე. უცხო ქვეყნის მოქალაქე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს სხვა შემთხვევაში, ვერ შეიძენს“.

Humanrights.გე ამავე დროს კვლავ დაუკავშირდა რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც გვითხრეს, რომ მათ უნდა მიიღონ სიმინდი, მაგრამ ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული კიდევ არაა.

ახალი ამბები