კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მეცხრე არხზე“ დაშვებული შეცდომის გამო, სააკაშვილმა ივანიშვილს შეუტია

9 აგვისტო, 2012

სივილ ჯორჯია

აგვისტოს ომთან დაკავშირებით „მეცხრე არხზე“ დაშვებული შეცდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოიყენა, რათა ბიძინა ივანიშვილი გაეკრიტიკებინა. მისი მისამართით პრეზიდენტმა განაცხადა რომ ვლადიმერ პუტინი „ქართული ოცნების“ ლიდერის და „მისი მონების“ „პატრონია“.

8 აგვისტოს ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც მაშინდელ მოვლენებს ეხებოდა, „მეცხრე არხის“ წამყვანმა 12 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საინფორმაციო სააგენტო GHN–ის მიერ მომზადებული ტექსტი წაიკითხა, სადაც ნათქვამი იყო: „2008 წლის 7 აგვისტოს რუსი სამხედროების ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებს და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ლეგალურად შეიყვანა“.

3 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანიამ ბოდიში მოიხადა იმ ინფორმაციის გამო, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა ლეგალურად შეიყვანა თავისი ჯარები, და ამაში ბრალი საინფორმაციო სააგენტოს დასდო, რომლის ტექსტიც წამყვანმა წაიკითხა. საინფორმაციო სააგენტო GHN–მა განაცხადა, რომ მან შეცდომა დაუშვა, რადგან მის თავდაპირველ ტექსტში სიტყვა „ლეგალურად“ ბრჭყალებში არ იყო ჩასმული.

„მეცრე არხის საინფორმაციო სამსახური ბოდიშს იხდის 12 საათიან გამოშვებაში გასული უზუსტობის გამო. აქვე მეცხრე არხი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ არ ეთანხმება ტექსტის ამგვარ ფორმულირებას“, – განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა. 

„მეცხრე არხი“ ერთადერთი ტელეკომპანია არ ყოფილა, რომელმაც ეს ტექსტი წაიკითხა; ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა 7 აგვისტოს 11 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში პირდაპირი ჩართვისას იგივე ტექსტი გამოიყენა და თქვა რომ რუსეთმა „ლეგალურად“ შეიყვანა თავისი ჯარი რეგიონში. ტელეკომპანია „იმედის“ თანამფლობელი სააკაშვილის მოკავშირე და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძეა.

8 აგვისტოს ფოთში საუბრისას, რომელიც აგვისტოს ომის დროს რუსეთის საჰაერო დარტყმების ერთ–ერთი სამიზნე იყო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: „დღეს დილით ერთ–ერთი პოლიტიკური პარტიის სატელევიზიო არხმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა, რომლებმაც დაბობმეს ჩვენი ტერიტორია, რომლებიც შემოიჭრნენ ფეხქვეშ გათელეს ჩვენი სოფლები, ჩვენი ქალაქები, ჩვენი ხალხის სიცოცხლეები, რომ თურმე რუსეთის არმია მოქმედებდა სრულიად კანონიერად საქართველოს ტერიტორიაზე“.

„ის ხალხი ვინც ამას ამბობს, ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მათ შეუძლიათ იფიქრონ, რასაც ფიქრობენ, ვერავინ ვერ აუკრძალავს ფიქრს. მათ შეუძლიათ თქვან რაც უნდათ, რაც არ უნდა ამაზრზენი და საზიზღარი იყოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა სააკაშვილმა. „მაგრამ რაღაც ელემენტარული ღვთისნიერება, რაღაც იოტისოდენა წესიერება მაინც არ უნდა გაგაჩნდეს? რომ ეს არ ილაპარაკო ყველაფერი იმ დღეს, როცა ყველანი გაჩერებულები უნდა ვიყოთ და პატივს მივაგებდეთ ჩვენ დაცემულ თანამოქალაქეებს, ჩვენ მებრძოლებს და ჩვენ მშვიდობიან ხალხს? ნუთუ პატარა სოლიდარობა, პატარა უნარი ტკივილის გაზიარების ამ ხალხს საერთოდ არ გააჩნია?“

„არც ერთი კანონი არ კრძალავს საქართველოში ასეთ ფიქრს და ასე ლაპარაკს, მაგრამ არც ერთი კანონი არ გვიკრძალავს ჩვენ, რომ გამოვხატოთ ის რასაც  ამ ხალხის  მიმართ ვფიქრობთ“, – განაგრძო მან.

„ერთია, რომ გეზიზღებოდეს შენი მთავრობა, მეორეა, რომ ამართლებდე შენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიას და შენი ქვეყნის დაპყრობის და განადგურების მცდელობას“, – განაცახდა მან.

სტატიის ორიგინალი სრულად იხ. სივილ ჯორჯიას ვებ-გვერდზე

ახალი ამბები