კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო სუბიექტები წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის თანხას წინასწარ გადაიხდიან

9 აგვისტო, 2012

ნატა ძველიშვილი, media.ge

პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტებს ტელეკომპანიებისთვის ფულის გადახდა წინასწარ მოუწევთ, ამ ვალდებულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (ყოფილი კონტროლის პალატა) გენერალური აუდიტორის 6 აგვისტოს ბრძანება აკისრებთ.

ბრძანების თანახმად, „საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად“.

აუდიტორის ეს ბრძანება ტელეკომპანიებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახი ყურაშვილმა 7 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე გააცნო. მანვე მაუწყებლებს ის ფორმა წარუდგინა, რაც პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით უნდა შეავსონ. სპეციალურ ცხრილში უნდა მიეთითოს მომდევნო ერთი კვირის პოლიტიკური რეკლმის განთავსებისთვის ტარიფები წუთებისა და პროგრამების მითითებით, აგრეთვე ინფორმაცია წინა კვირაში განთავსებული პოლიტიკური რეკლამისა და სააგიტაციო მასალის შესახებ.

„სარეკლამო ტარიფებს ყოველკვირეულად ადგენს ტელეკომპანია, მაგრამ ეს ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტის მიმართ საერთო და არადისკრიმინაციული უნდა იყოს“, - აღნიშნა კახი ყურაშვილმა.

რეგულაციები ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე ტელეკომპანიებს და იმ სპეციალიზირებულ მაუწყებლებს, რომლებიც ეთერში პოლიტიკური რეკლამის გაშვებას გადაწყვეტენ.

ტელეკომპანიების ნაწილში ამ ბრძანებამ უკმაყოფილება გამოიწვია. ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ უკვე ჩატარებული არჩევნებისას პოლიტიკური სუბიექტები ხშირად თანხას რეკლამის გასვლის შემდეგ იხდიდნენ.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა კარგია, თუ ანგარიშწორება წინასწარ მოხდება, მაგრამ რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ შეიძლება, საერთოდ რეკლამის გარეშე დავრჩეთ“, - აღნიშნა ნინო ჯანგირაშვილმა.

„მეცხრე არხის“ დირექტორის კახა ბექაურს კი პრეტენზია შესავსები ფორმის იმ ნაწილთან ჰქონდა, სადაც მაუწყებელი ვალდებულია, რეკლამის ღირებულება წუთების მიხედვით დაადგინოს.

„მე ჩემ სარეკლამო დროს რეიტინგის, GRP-ის მიხედვით ვყიდი. ახლა როგორ განვსაზღვრო ტარიფი წუთების მიხედვით? ასე რეკლამას ვკარგავ“, - აღნიშნა კახა ბექაურმა.

თუმცა, კახი ყურაშვილის თქმით, ეს ფორმა არ შეიცვლება და ტელეკომპანიებს რეკლამის ტარიფის დადგენა წუთების მიხედვით მოუწევთ.

მანვე მაუწყებლებს კომისიის მიერ ჩასატარებელი მედიამონიტორინგის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ კომისია მონიტორინგს თვითონ არ ჩაატარებს და დაეყრდნობა სამოქალაქო სექტორის მიერ ჩატარებულ კვლევებს.

მისი თქმით, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევის შემთხვევაში კომისია სანქციას არ გამოიყენებს.

„ამ პრინციპებს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ არეგულირებს, რომლის დარღვევის შემთხვევაში მოქალქეს მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში შეუძლია იჩივლოს. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ სანქცირებას ვერ გამოვიყენებთ. უბრალოდ მოვუწოდებ ტელეკომპანიებს, მაქსიმალურად ეფექტურად აამოქმედონ ეს ორგანოები“, - განაცხადა კახი ყურაშვილმა.

მისივე თქმთ, იმ ვალდებულებლობის შეუსრულებობის შემთხვევაში რაც მაუწყებლებს „სააარჩევნო კოდექსით“ აკისრია, დაჯარიმება სასამართლოს წესით მოხდება. კომისია ოქმს წარუდგენს რაიონულ სასამართლოს, რომელიც კანონით დადგენილ სანქციას გამოიყენებს. ჯარიმა საწყის ეტაპზე მაუწყებლისთვის 1500 ლარი, ბეჭდური გამოცემისთვის კი 500 ლარია.

ახალი ამბები