კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება „ელიტა ბურჯის“ იურისტის დაკავებისა და მისთვის 20-დღიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით

9 აგვისტო, 2012

7 აგვისტოს ღამით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს შპს „ელიტა ბურჯის“ ადვოკატი იმედა ნიკურაძე. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, იგი დაკავებული ყოფილა და იმყოფებოდა თბილისის პოლიციის მთავარი სამართველოს შენობაში.
 
8 აგვისტოს, იმედა ნიკურაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეეფარდა 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, 6 აგვისტოს ღამით შპს „ელიტა ბურჯში“ განვითარებული მოვლენების დროს, სასამართლო აღმასრულებლისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.

როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან და სპეციალური ვიდეოკადრებიდან ირკვევა, 6 აგვისტოს, შპს „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიიდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პირებს გაჰქონდათ „ელიტა ბურჯის“ კუთვნილი მოძრავი ნივთები - მანქანები. როგორც შესაბამისი ვიდეოკადრებიდან ჩანს, „ელიტა ბურჯის“ იურისტები ცდილობდნენ, ამ სპეცოპერაციის განმახორციელებელი პირებისაგან მიეღოთ ის დოკუმენტაცია, რომლებიც მათ აღნიშნული საპროცესო მოქმედების ჩატარების უფლებას ანიჭებდა. თუმცა, პოლიციის თანამშრომლებს ამგვარი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ, რის შემდეგაც შპს „ელიტა ბურჯის“ თანამშრომელთა ნაწილი შეეწინააღმდეგა მათი ორგანიზაციის კერძო საკუთრებაში არსებული ნივთების გამოტანას.

მიგვაჩნია, რომ შპს „ელიტა ბურჯის“ იურისტები, მათ შორის, დაკავებული იმედა ნიკურაძე მოქედებდნენ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის სრულ შესაბამისობაში და მათი კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით. იგივე კანონის 38-ე მუხლის თანახმად კი, დაუშვებელია საადვოკატო საქმიანობისათვის ხელის შეშლა და დაუშვებელია ადვოკატისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ზეპირი თუ წერილობითი განცხადებებისათვის, რომლებიც მან სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატის საქმიანობაში ამგვარი ფორმით ჩარევა და მისი დევნა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების გამო. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ იმედა ნიკურაძის დევნა და გაანთავისუფლონ იგი.   

ამასთან, ჩვენ, ასევე მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მათ შეისწავლონ ეს ფაქტი და მასზე მოახდინონ ადეკვატური რეაგირება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
09.08.2012

ახალი ამბები