კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბეჟაშვილის ტრანსფორმაცია - ბურჯანაძიდან მოგელაძემდე

14 აგვისტო, 2012
 
თამარ ლეფსვერიძე, გურია-ნიუსი

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თბილისის კომფორტული, მაღალი თანამდებობა და გვერდით დავუდგე ჩემს კახეთს და კახელებს. ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო გაჭირვებაში მყოფ ხალხზე ზრუნვას. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, სჭირდება გვერდით დგომა და ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე ყოფნა“.

ასეთი გადაწყვეტილება ლევან ბეჟაშვილმა კონტროლის პალატის ოთხწლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, წინასაარჩევნოდ მიიღო. მშობლიური კახეთი და კახელებიც ასევე წინასაარჩევნოდ გაახსენდა.

თუმცა, სტიქიამდე გაცილებით ადრე გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ბეჟაშვილი კახეთში, სავარაუდოდ სიღნაღის რაიონში, მაჟორიტარად აპირებდა კენჭისყრას.

ლევან ბეჟაშვილის 16-წლიანი ჩინოვნიკური ბიოგრაფიის შექმნაში, როგორც იტყვიან, „ლომის წილი“ ერთ დროს პარლამენტის თავმჯდომარეს და ამჟამად ოპოზიციონერ ნინო ბურჯანაძეს მიუძღვის.

1999-2003 წლებში საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, შემდეგ განყოფილების უფროსი და ბოლოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი, დიდ პოლიტიკაში სწორედ ნინო ბურჯანაძის წყალობით მოხვდა.

„გურია ნიუსთან“ ინტერვიუში, რომელიც ბეჟაშვილის გადადგომამდეა ჩაწერილი, ნინო ბურჯანაძე იხსენებს: „ზუსტად შემიძლია გითხრათ, როდესაც მე ლევან ბეჟაშვილი წარვადგინე საპარლამენტო სიაში, ის ნამდვილად კვალიფიციური კადრი იყო. პროფესიონალი იურისტი დღესაც არის. მაშინ მას უზადო რეპუტაცია ჰქონდა და უწესიერესი ადამიანი იყო. ამავდროულად, ის იყო პიროვნება, რომელიც ძალიან ცდილობდა, დაეცვა ადამიანის უფლებები. სხვათაშორის, ლევან ბეჟაშვილი ის ადამიანი იყო, რომელიც კატეგორიულად დაუპირისპირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო ვითომდა მოპარული მანქანების ჩამორთმევა მფლობელებისგან, რომელმაც ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი დააზარალა. მართალია, ძალიან ეფექტურად ვერა, მაგრამ ძალიან კეთილსინდისიერად იბრძოდა მაშინ ბეჟაშვილი ამის წინააღმდეგ.

ყოველ შემთხვევაში, ძალისხმევას არ აკლებდა, რომ ამ ადამიანების უფლებები დაეცვა. როგორ მოხდა მისი ტრანსფორმაცია, ნამდვილად ვერ გეტყვით. ერთი კი შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანების ტრანსფორმაციას, რომლებიც ჩემი რეკომენდაციით და მხარდაჭერით აღმოჩნდნენ და არიან ხელისუფლებაში, ძალიან ყურადღებით ვაკვირდები და მეღიმება, როდესაც წერენ, რომ ბურჯანაძე არაფერ შუაში არის. საშუალება რომ მიეცეთ, ჩემთან ნაცნობობასაც კი უარყოფენ. ეს ძალიან მტკივნეულად დასანახია, მაგრამ რეალობაა. ძალიან კარგად ვიცი, როგორ ლაპარაკობენ და იქცევიან ადამიანები მაშინ, როდესაც ხარ პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და როგორ იქცევიან მაშინ, როდესაც ხარ ოპოზიციაში, რომელსაც ხელისუფლება დევნის. ისინი ზოგჯერ გამარჯობასაც ვერ ამბობენ იმის შიშით, რომ ხელისუფლებამ ნინო ბურჯანაძესთან კავშირში არ დაადანაშაულოს“.

ლევან ბეჟაშვილის 16-წლიანი ჩინოვნიკური ისტორია და ის ტრანსფორმაცია, რომელიც კონტროლის პალატის თავმჯდომარეობისას ყველაზე მეტად განიცადა, მისი დეკლარაციის ფურცლებზე არაერთ საინტერესო დეტალს ინახავს, დაწყებული ინდმეწარმის საქმიანობით, დამთავრებული პრეზიდენტის განკარგულებით ნაბოძები მიწის ნაკვეთით.

„გურია ნიუსმა“ 15 თებერვალს მიიღო პრეზიდენტის განკარგულების ასლი, რომელიც 2011 წლის 10 აგვისტოთი თარიღდება და რომლითაც, სამგორში, ლევან ბეჟაშვილს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 610 კვადრატული მეტრის ნაკვეთი გადაეცა.

პრეზიდენტის განკარგულებაში ვკითხულობთ: 
1. „ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 19 პრიმა მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობას მიეცეს თანხმობა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.

2.  ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხელშეკრულებები ძალაში შევიდეს ამ განკარგულების გამოცემისთანავე.

„გურია ნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მეორე წერილით მაშინვე მიმართა, რომლითაც პრეზიდენტის ამ განკარგულების დანართს ვითხოვდით, მაგრამ ინფორმაციის გაცემაზე იმ მოტივით გვითხრეს უარი, რომ დოკუმენტი პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.

ასე რომ, სხვა ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ასევე უსასყიდლოდ ჩამოურიგა მიხეილ სააკაშვილმა მიწები, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საიდუმლო გრიფი ადევს.

ჩვენი წყაროს ცნობით, ამ გასაიდუმლოებულ სიაში პრეზიდენტის ოჯახის წევრები და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც არიან.

მეორე საინტერესო დეტალი, რაც ამ განკარგულებას უკავშირდება, ის გახლავთ, რომ ჯერ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა და ერთი თვის შემდეგ გამოიცა პრეზიდენტის განკარგულება, როცა წესით და რიგით, სწორედ პრეზიდენტის განკარგულება უნდა გამხდარიყო ამ ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი და არა _ პირიქით.

სხვათაშორის, ზუსტად რამდენიმე დღით ადრე, 2011 წლის 21 ივნისს, სანამ პრეზიდენტის განკარგულებით გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მერიასთან ხელშეკრულებას გააფორმებდა, ლევან ბეჟაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინდმეწარმეობის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, მიმართა.

ბეჟაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის პარალელურად, ერთი „რიგითი“ ინდმეწარმეც იყო.

როგორც ჩანს, იმ პერიოდში, როცა ის პრეზიდენტის ძღვენის მისაღებად ემზადებოდა და საბუთებს აგროვებდა, თავი მისმა ინდმეწარმეობამაც იჩინა, რაც მაღალი თანამდებობის პირისთვის სულაც არ იყო შესაფერისი საქციელი და სხვათაშორის, არც კანონიერი.

იურისტების განმარტებით, ცალსახად კანონის დარღვევაა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი არის ინდმეწარმე. დანაშაულის სიმძიმეს კი განსაზღვრავს საბანკო ბრუნვის შესახებ ინფორმაცია, აქვს თუ არა მას ბრუნვა და რა ოდენობის, იყენებს თუ არა თავის თანამდებობას და მისი, როგორც ინდმეწარმის საქმიანობა ხომ არ იყო რაიმე კავშირში, ბეჟაშვილის შემთხვევაში კონტროლის პალატასთან.

ინფორმაცია საბანკო ბრუნვის შესახებ ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ მიუწვდომელი. გარდა იმისა, რომ ინდმეწარმის საბანკო ბრუნვა საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას განეკუთვნება, საქმე ლევან ბეჟაშვილს ეხება...

არ გამოგვიყენებია ინფორმაციის დაზუსტების ყველაზე მარტივი გზა _ არ მიგვიმართავს თავად ბეჟაშვილისთვის. მიზეზი ძალიან მარტივია _ ამ შემთხვევაში, აზრი არ აქვს და აი რატომ: „გურია ნიუსის“ მიერ შეტანილ 12 წერილზე, კონტროლის პალატიდან მხოლოდ ერთზე გაგვცეს სრული პასუხი, დანარჩენის ბედი დღემდე გაურკვეველია; კანცელარიაში ზარებს არ პასუხობენ, იურიდიული განყოფილება დუმს და ეს ყველაფერი სწორედ ლევან ბეჟაშვილის თავმჯდომარეობის დროს ხდებოდა კონტროლის პალატაში.

პირადად ლევან ბეჟაშვილის სახელზე შეტანილი 2 საჩივრიდან პასუხი დღემდე არცერთზე მიგვიღია, მათ შორის ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე, რომლითაც ნათია მოგელაძის თანამშრომლების სახელობით სიისა და სახელფასო სარგოების გასაჯაროებას ვითხოვდით.

საერთოდ უცნობია, რა ბედი ეწია მეორე საჩივარს და აუდიოჩანაწერს, სადაც დაფიქსირებული იყო , როგორ ცდილობდა ბეჟაშვილის კონტროლის პალატის შიდაგანაწესის უფროსი, ჯიმშერ დობორჯგინიძე "გურია ნიუსისთვის" დიქტოფონის წართმევას.

ლევან ბეჟაშვილი, რომლისთვისაც თურმე კომფორტული თანამდებობა არაფერს ნიშნავს, ამ ფაქტებით და მედიის უფლებების შელახვით, ერთხელაც არ დაინტერესებულა.

ბეჟაშვილი, რომელიც ასევე არასდროს დაინტერესებულა იმ ასობით უფლებაშელახული ადამიანის ბედით, რომლებსაც ნათია მოგელაძის უწყება დაკითხვების დროს ტერორს უწყობდა, მოულოდნელად კახელი გლეხების გულდათუთქულ ქომაგად და მზრუნველ მეგობრად იქცა.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ალბათ ძალებს მოიკრეფს და დასასვენებლად ან მცხეთაში, სოფელ ვეჯინში წავა, ან ჩოხატაურში, კურორტ ბახმაროზე.

იმ ნაკვეთის გარდა, რომელიც მას პრეზიდენტმა განკარგულებით უბოძა, ლევან ბეჟაშვილი, რომლის წლიური ხელფასი 71 140 ლარს შეადგენს, უძრავ ქონებას, 600 კვ, მ-ს მცხეთის რაიონის სოფელ ვეჯინში ფლობს და 132 კვ. მ-ს - ბახმაროში.

ახალი ამბები