კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხულიგნობა თიანეთში

16 აგვისტო, 2012

ნათია დანელიშვილი,
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

თიანეთის რაიონის სოფელ დულუზაურებში ბადურ ფოლადიშვილმა, რომელიც სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და სააგენტო „ინფო9“–ის ჟურნალისტები უცენზურო სიტყვებით აგინა.

ერთ–ერთ უბანში, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს უნდა შეხვედროდა, ბადურ ფოლადიშვილი ისეთი სისწრაფით მოძრაობდა, იყო საშიშროება, რომ მანქანა ვინმესთვის დაეჯახებინა.

ბადურ ფოლადიშვილი სოფელ დულუზაურებში ორ პირთან ერთად იმყოფებოდა. მისი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ „ინფო 9“-ის კამერამ დააფიქსირა.
 
„რას მიღებ, გინდა ჩავიხადო და დაგანახო ეხლა მართლა? შე ნაგლო შენა, ახვარო,“ - მიმართა ფოლადიშვილმა „ინფო 9“-ის ჟურნალისტებს.
 
ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფოლადიშვილს სთხოვა, რომ უცენზურო სიტყვებისგან თავი შეეკავებინა, რადგან იქ ქალები და ბავშვებიც იმყოფებოდნენ. „მერე რა რო ქალები და ბავშვები არიან, შენ იცი რას გეტყვი? შენ ხო არ ჩამოგპარსო. რა, სად იწევ ბიჭო, სად იწევ მოთესლებულო, ახვარო შენა, დავაი ნახუი, წადით ეხლა აქედან, წადით აქედან ბიჭო“, - ყვიროდა ფოლადიშვილი. ერთ-ერთ ადგილობრივს მან მოსთხოვა, მანქანაში ჩაჯდომოდა.
 
„დაჯექი მანქანაში ბიჭო, მოგიტ... კარგის ტრ... დაჯექი მანქანაში ბიჭო. ჩასვით მანქანაში!“ - ყვიროდა ფოლადიშვილი.
 
სიტუაცია „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განმუხტა. ქუცნაშვილმა დულუზაურების მაცხოვრებლებს სთხოვა, დაესახელებინათ სოფლიდან ისეთი პიროვნება, რომელსაც თვითმმართველობების აღდგენის შემთხვევაში სოფლის მართვას ანდობდნენ. შეხვედრის მიმდინარეობას ფოლადიშვილი ავტომანქანიდან ადევნებდა თვალს და მოსახლეობას შუა თითს უჩვენებდა.
 
როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ თიანეთის შტაბის ოფის-მენეჯერმა რუსუდან სისაურმა განუცხადა, ბადურ ფოლადიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თიანეთის ორგანიზაციის მითითებებით მოქმედებს.
 
„ასეთი საქმეებისთვის იყენებენ, პროვოკაციების მოსაწყობად. თბილისში ცხოვრობს და როგორც მითხრეს, ეს სამი დღეა, ჩამოსულია. ალბათ, იცოდა, რომ შეხვედრები უნდა გვქონოდა და დაგვხვდა. მისი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ კამერები უღებდნენ  და ამის გამო დაიწყო გინება. ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, ნუ იგინები, აქ ჩემი ცოლ-შვილიაო და ამაზე აუტეხა ჩხუბი. ამ ბიჭს პირადად მე დავუდექი და არ ვუშვებდი. მერე სახლისკენ გავუშვით და იმან რომ დაინახა, სხვა გზიდან მოუარა, რომ სახლთან დახვედროდა. ამ ყველაფრის გამო ამ ბიჭის მეუღლე ავად გახდა. მათ უნდოდათ, არ შემდგარიყო მოსახლეობასთან ქუცნაშვილის შეხვედრა. ალბათ, დავალებაც ასეთი იყო. ეს პირები სოფლებში - ტუშურებსა და ზარიძეებშიც დაგვყვებოდნენ, ასიგნალებდნენ და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ“, - განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს რუსუდან სისაურმა.
 
მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თიანეთის ყოფილ გამგებელს გიორგი აბაშვილს დაუკავშირდა.
 
„არავის მასეთს არ ვიცნობ და არც ჩვენი აქტივისტია, „ქართულ ოცნებაში“ რას აცხადებენ, ნაკლებად მაინტერესებს“, – განაცხადა აბაშვილმა.
 
ხულიგნობა სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
 
ვიდეომასალის გავრცელების მიუხედავად, მომხდართან დაკავშირებით თიანეთის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.
 
მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ბოდიშს უხდის მკითხველს სტატიაში უცენზურო სიტყვების ციტირებისათვის. ციტირება აუცილებელი იყო ხულიგნობის ფაქტის დასადასტურებლად.

ორიგინალი და ვიდეო

ახალი ამბები