კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველები დაჩი ცაგურიაზე თავდასხმის გამოძიებას მოითხოვენ

16 აგვისტო, 2012

ალეკო ცქიტიშვილი

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები უფლებადამცველ დაჩი ცაგურიაზე განხორციელებულ თავდასხმას აპროტესტებენ და საქმის სასწრაფო გამოძიებას მოითხოვენ. ამ თემაზე 16 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციას უძღვებოდნენ: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი („ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“), ლია მუხაშავრია, („ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“), ირაკლი კაკაბაძე (პუბლიცისტი), დავით მაღრაძე (მწერალი) და თვითონ დაჩი ცაგურია.

14 აგვისტოს ღამის 22:00 საათზე ბეთანია-კოჯრის გზაგასაყარზე დაჩი ცაგურიას თავს უცნობი პირები დაესხნენ.

დაჩი ცაგურია შემთხვევას ასე იხსენებს: „ბეთანიაში აგარაკზე მივდიოდი. ბეთანიისა და კოჯრის გსაგასაყარზე BMW მარკის (X5) ავტომობილი იდგა, საიდანაც ხუთი პირი ისე იყო გადმოსული, რომ გავლა ვერ მოვახერხე. მანქანა შევაჩერე და ვკითხე, რამე ხომ არ უჭირდათ. მათ კი ერთმანეთს გადახედეს - ეგ არისო, თქვეს და მანქანაში შემოჭრას შეეცადნენ. კიდევ კარგი, ძრავა არ მქონდა გამორთული, მანქანა დავძარი და ადვილად დავაღწიე თავი. მერე პოლიცია გამოვიძახე და საქმის აღძვრა მოვითხოვე“.

დაჩი ცაგურია თავდასხმას იმავე დღეს გია უდესიანის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირებს და აცხადებს, რომ თავდამსხმელები უდესიანის დავალებით მოქმედებდნენ. 15 აგვისტოს ცაგურია წყნეთის პოლიციაში დაკითხეს და საქმეც აღძრეს. თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ამ საქმის გამოძიება მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მსგავსად გაჭიანურდება.

გია უდესიანი საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია. მისმა გვარმა ბოლო დროს ქართულ მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა ოპოზიციურად განწყობილ სპორტსმენებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.

3 ივნისს საღამოს თბილისში ავტომანქანით გაიტაცეს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი, რომელიც რამდენიმე საათით გაუჩინარებული იყო. როგორც თვითონ იხსენებს, იგი მიიყვანეს იპოდრომთან გია უდესიანის ოფისში, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი მუქარით ესაუბრა, რომ შეუწყვეტდა ხელფასს, თუ „ქართული ოცნების“ რიგებს არ დატოვებდა. ამბაკო ავალიანის თქმით,  ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრას თავად უდესიანიც ესწრებოდა.

გია უდესიანის სახელს ასევე უკავშირდება სკანდალი ლონდონის ოლიმპიადაზე. ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონის ოლიმპიადიდან საქართველოში დროზე ადრე დაბრუნდა. მან 2 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ოლიმპიური სოფლიდან საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საფრთხე იგრძნო და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრმა, გია უდესიანმა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა. უდესიანს რომ არ შეხვედროდა, შუკვანი სასტუმროს ფანჯრიდან გადავიდა, ხოლო ლონდონიდან საქართველოში ხორვატი მეგობრის დახმარებით გამოფრინდა.

14 აგვისტოს უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე გია უდესიანის სახლთან აქცია გამართა.

„მე მოვედი გია უდესიანის სახლთან და მის კარს დავაწერე - „აქ ცხობრობს ჯალათი“. სიტყვაში შეცდომა სპეციალურად იყო დაშვებული, რათა ხაზი გაესვას აღნიშნული პიროვნების გაუნათლებლობას. გია უდესიანმა, რომელიც შემჩნეული ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით დევნაში და კერძოდ - მათ დევნაში, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უჭერს მხარს, შეძლო დაესაკუთრებინა კომპანია „იოლი“, კუს ტბა, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, ავტობაზრობა. თავისი ქონების 99% მან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დაისაკუთრა. საეჭვო ვითარებაში კი მე იმას ვგულისხმობ, რომ აღნიშნული კომპანიებისა თუ ტერიტორიების კანონიერმა მეპატრონეებმა, ეს ყველაფერი, უბრალოდ, აჩუქეს უდესიანს“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ აქციის მიმდინარეობისას.

უფლებადამცველ დაჩი ცაგურიაზე თავდასხმა სწორედ ამ აქციის გამართვის შემდეგ განხორციელდა.

„დაჩი ცაგურიაზე თავდასხმა არის ნათელი მაგალითი, რომ თუკი დღევანდელი ბანდიტურ-ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ვინმე ხმას ამოიღებს, ხელისუფლება მაშინვე ცდილობს მის დასჯას. სააკაშვილის ოლიგარქიული მთავრობა იცავს  თავის ქონებას და არ იცავს ადამიანებს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ.

მწერალმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, რომ „მაესტროს“ დაპატიმრებული ანტენების, უამრავი უფლებაშელახული ადამიანისა და ზოგადად, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, რჩება იმედი, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იქნება ქართველი ხალხის და დემოკრატიის პარტნიორი და არ დახუჭავს თვალს მსგავს ინციდენტებზე.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა ერთადერთი გამოსავალია ამ ვითარებაში, როცა არანაირი იმედი არ არსებობს, რომ ხელისუფლება დაჩი ცაგურიაზე თავდასხმას ან მსგავს უამრავ შემთხვევას ობიექტურად გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის. 

„როგორმე საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ კრიმინალები უნდა წავიდნენ ციხეში და ვეღარ გაბედონ უდანაშაულო ადამიანების დევნა და დაშინება. სამწუხაროა, რომ დღეს ხელისუფლებაში სხედან უდესიანის მსგავსი კრიმინალები, ხოლო პატიმრობაში არიან ადამიანები, რომელთა 70% უდანაშაულოა. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მივმართოთ, რომ მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა ეს ვითარება შეიცვალოს“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ლია მუხაშავრიას თქმით, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება ებრძვის იმ ადამანებს, ვისაც ამ ქვეყანაში არ მოწონს ძალადობა, უკანონობა, კორუცფცია და უზნეობა. დამნაშავე პირები კი რჩებიან მართლმსაჯულების მიღმა. დაჩი ცაგურია პირველად არ ხდება მსხვერპლი ამ ვითარების. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ფაქტი არ დარჩეს დაუსჯელი და გახდეს ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ეს ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების საყოველთაო ყურადღების საგანი და იქცეს შემობრუნებად, როცა ამგვარ უკანონობას დაესმება წერტილი. დღისით, მზისით, უფლებადამცველს როცა ასე ესხმიან თავს, ეს არის უფლებადამცველის დევნა და მისი საქმიანობის ხელის შეშლა, რაც კიდევ უფრო ზრდის როგორც დამნაშავე პირთა, ისე ხელისუფლების პასუხისმგებლობას“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, სამართალდამცველმა ორგანოებმა ოპერატიულად, ცხელ კვალზე გამოიძიონ დაჩი ცაგურიაზე თავდასხმის ფაქტი და დასაჯოს როგორც შემსრულებლები, ისე ორგანიზატორები.    

ახალი ამბები