კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კაცი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ვერა და ვერ მიიღო

17 აგვისტო, 2012
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ვახტანგ ცინცაძე წლებია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და მძიმე ეკონომიკური გასაჭირის მიუხედავად, სოციალურ დახმარებას ვერ იღებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვახტანგ ცინცაძე საქართველოს მოქალაქე არაა.

„საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს! ვარ რუსეთის ყოფილი მოქალაქე. მშობლების გარდაცვალების შემდეგ 13 წელი დროებით ვცხოვრობდი ნათესავთან ლანჩხუთში. დაოჯახების შემდეგ ვცხოვრობ ნათხოვარ სახლში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად (4 წლის, 9 თვის). ერთადერთი სათხოვარი მაქვს - დამეხმაროთ პირადობის მოწმობის აღებაში. ვის არ მივმართე, მაგრამ ეს პრობლემა ვერავინ მომიგვარა. ჩემი პირადობის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, არ მეძლევა სოციალური დახმარება. არადა, ამ რაიონში ჩემზე გაჭირვებული ადამიანი არ მეგულება. ფიზიკური შრომით ვარჩენ ცოლ-შვილს, რაც იმით გამოიხატება, რომ ნახევრად მშივრები ვართ. გთხოვთ, დამეხმაროთ მოქალაქეობის მიღებაზე. თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდენტო, სხვა ჩემს დახმარებას ვერავინ შეძლებს. პატივისცემით, ვახტანგ ცინცაძე“, - ასეთი შინაარსის წერილი უნდა გადაეცა ვახტანგს საქართველოს პრეზიდენტისთვის, მაგრამ წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია.

„ამ წერილის დაწერამდე მივმართე ლანჩხუთის საპასპორტო სამსახურს, სადაც მითხრეს, რომ თბილისში რუსეთის საელჩოში უნდა დამეწერა განცხადება, რომელსაც შემდეგ რუსეთში გადააგზავნიდნენ. ეს 11 ლარი დაჯდებოდა სულ. გავაგზავნე ყველა მონაცემები, ყველა დოკუმენტი. მითხრეს, რომ ორ თვეში მოვიდოდა პასუხი, მაგრამ არაფერი მომსვლია. 2008 წელს კიდევ გავაგზავნე და ვიცადე ისევ ორი თვე. 23 აგვისტოს უნდა მომსვლოდა პასუხი. გამიხარდა - ჩემ დაბადების დღეს ემთხვეოდა... მაგრამ 8 აგვისტოს ომი დაიწყო და რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთში დაბრუნდნენ... მერე შვეიცარიის საკონსულოშიც ვიყავი მისული. იქვე ახლოს, ფირმაა. 150 დოლარი ჯდება საბუთების გაგზავნაო, მითხრეს. გადავიხადე ეს ფული და ორი თვე კიდევ ველოდე... 

- რატომ გადაიხადეთ ამდენი თანხა? ეს კერძო ფირმა რას გპირდებოდათ?

- მას უნდა გაეგზავნა საბუთები რუსეთში და იქიდან უნდა მომსვლოდა დადებითი ან უარყოფითი პასუხი.

- და ამხელა თანხის გადახდის შემდეგ რა პასუხი მიიღეთ?

- ყველა საბუთი უკან გამომიგზავნეს.

- რუსეთის მოქალაქე აღარ ხართ, ხომ?

- არა, ამომწერეს იქიდან და რუსეთის მოქალაქე აღარ ვარ, მაგრამ არც საქართველოს მოქალაქე ვარ.

- საქართველოს მთავრობას თუ მიმართეთ მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით?

- მე მივმართე პრეზიდენტის კანცელარიას. დავწერე განცხადება და მომცეს ტელეფონის ნომერი - აქ დარეკე და გაიგებ, განხილულია თუ არა შენი განცხადებაო. ტელეფონზე სასაუბრო არ მქონდა, მაგრამ ფოსტაში იყო მოსული პასუხი, სადაც ეწერა, რა შემთხვევაში მომენიჭებოდა მოქალაქეობა.

- და არც ერთი არ ესადაგებოდა თქვენს პრობლემას?

- სამწუხაროდ, არა... ვერც სოციალურ დახმარებას ვერ ვიღებ უპასპორტობის გამო... მინდოდა, ეს პრობლემა პრეზიდენტის ყურამდე მისულიყო, მაგრამ - ამაოდ.

- ახლა რას აპირებთ?

- წავალ თბილისში, წავიყვან ცოლ-შვილს და პარლამენტის წინ აქციას გავმართავ ერთადერთი მოთხოვნით: მომანიჭეთ საქართველოს მოქალაქეობა, ან დამიბრუნეთ რუსეთის მოქალაქეობა, რაკი სხვას აღარ მიტოვებენ.

იმედია, ვახტანგ ცინცაძის ბედი უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება და აღარ დასჭირდება საპროტესტო აქციის გამართვა რუსთაველის გამზირზე ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად.

ახალი ამბები