კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N1

21 აგვისტო, 2012

1–დან 10 აგვისტოს ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, სამსახურიდან გათავისუფლების 2, დაკავების 1, ზეწოლის 5, საქმიანობაში ხელშეშლის 1, დაჯარიმების 8 ფაქტი, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი

(ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობა გურჯაანში ამომრჩევლებს გაუმასპინძლდა) 1 აგვისტოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, რომელიც წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს ახორციელებს, წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოძიების დაწყება მოითხოვა „ქრისტიან – დემოკრატების“ მიერ, 2012 წლის 31 ივლისს, გურჯაანში, მოსახლეობის გამასპინძლების ფაქტზე, რომლის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ გურჯაანში ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე ამომრჩეველს სუფრით გაუმასპინძლდა. მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა და საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას. საინფორმაციო ცენტრის მასალების თანახმად, პარტიის ლიდერები უარყოფენ ღონისძიების დაფინანსებას და აცხადებენ, რომ სუფრა (ღვინო, ხორცი, კიტრი, პომიდორი, პური) ამომრჩევლების თანხით გაიშალა და პარტიამ მხოლოდ ორგანიზება გაუწია, თუმცა იქ მყოფი ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თავად არაფერი გადაუხდია და პარტიამ დაპატიჟა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ აღნიშნული ღონისძიება დამსწრეთა მხრიდან აღიქმება, როგორც „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ გამასპინძლება. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 164 1 მუხლით კი, საარჩევნო მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის ან სხვა ქონების გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, სახეზე იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. გასათვალისწინებელია, რომ ქმედების განმახორციელებელი პირი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული პოლიტიკური გაერთიანებაა, რის გამოც, საარჩევნო მიზნის არსებობა ეჭვგარეშეა. მივმართავთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

3 აგვისტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული ფაქტის შესწავლა დაიწყო. „სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფუძვლიანად შეისწავლის პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე“, – ნათქვამია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ისეთ არასერიოზულ თემებზე კონტროლის პალატა არ უნდა ცდებოდეს, მიხედოს იმ საქმეს, რომელსაც მართლა ჰქვია ამომრჩევლის მოსყიდვა და რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით როგორც სახელისუფლებო პარტიის, ასევე სხვა პარტიებისგანაც“, – განაცხადა „ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ. ვეფხვაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა უნდა იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაინტერესების მიზეზი. „რატომ ჩამოიტანა ადამიანმა სამწვადე და რატომ შეიწვა და თავის გვერდზე მჯდომს რატომ აჭამა? მე მგონი, ცოტა არასერიოზულია. თუ ამ ადამიანებს მიადგებიან და დააჯარიმებენ, რა, ათი კილო ხორცი თუ ჩამოიტანა ვინმემ, 50 კილო ხორცი უნდა მოატანინონ სახლიდან თუ რაზეა ლაპარაკი?“, – აღნიშნა ვეფხვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

http://www.youtube.com/watch?v=Qb2GtlnPQgA&feature=player_embedded

სამსახურიდან გათავისუფლება

ვანო ნაცარაშვილი – დაცვის სამსახური „United security“–დან გაათავისუფლეს – 2 აგვისტოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, გურჯაანში მცხოვრები ვანო ნაცარაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ვანო ნაცარაშვილი „United security“–ის დაცვის სამსახურში მუშაობდა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრში იყო განაწილებული. „აპრილიდან ვმუშაობდი დაცვის სამსახურ „United security“–ში, რომლის სათაო ოფისიც თბილისშია. დაცვის სამსახურიდან განაწილებული ვიყავი გურჯაანის სამედიცინო ცენტრში. მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებაში“ გავწევრიანდი, ჩემთან უშიშროებიდან მოვიდნენ და დამემუქრნენ, მეუბნებოდნენ, რომ თუ თავს არ დავანებებდი იმ პარტიასთან თანამშრომლობას, რომელშიც ზვიად ყვირალაშვილი იყო, სამსახურს დავკარგავდი. ყვირალაშვილზე აკეთებდნენ აქცენტს, მაგრამ არ ვიცი რატომ. პოლიციიდანაც იყვნენ მოსულები იგივე გაფრთხილებით, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ დავტოვე. მუქარიდან სამ კვირაში სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ კადრების შემცირებაში მოვყევი. სპექტაკლი დადგეს, ვითომ მართლა კადრების შემცირება იყო. ჩემთან ერთად კიდევ 2 ადამიანი გაათავისუფლეს, მაგრამ ორივე მალევე დააბრუნეს,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვანო ნაცარაშვილმა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვანო ნაცარაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის გასარკვევად „United security“–ის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა დაცვის სამსახურის კახეთის კოორდინატორმა გიორგი გოგიაშვილმა ნაცარაშვილის გათავისუფლების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. „არავის საქმე არაა და არავის არ ვეუბნებით რის გამო გათავისუფლდა ნაცარაშვილი, „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი გოგიაშვილმა.

ალავერდ ლომიძე – კომპანია „ყვარელწყალმომსახურებიდან“ გაათავისუფლეს – 9 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლეს წყალმომარაგების კომპანია „ყვარელწყალმომსახურების“ ინკასატორი, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 65 წლის ალავერდ ლომიძე. როგორც ალავერდ ლომიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რამდენიმე დღის წინ ის, მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრას დაესწრო, რის გამოც გიგლა ბეჟანიშვილი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. „ჯერ დამემუქრა, დღეს კი სამსახურიდან გამათავისუფლეს, ოპოზიცია ხარო, არადა არცერთ პარტიაში არა ვარ. რის გამო გამათავისუფლეს, გეგმას არ ვუსრულებ თუ რა? ეს არის მთავრობა? ჩემმა უფროსმა გიგლა ბეჟანიშვილმა პირადად მითხრა, ოპოზიცია ხარო. დასამალი არაფერი არა მაქვს, ერთხელ ვიყავი ივანიშვილთან შეხვედრაზე ყვარლის კლუბში, იმ დროს იქ მოვხვდი და შევედი. უფლება არა მაქვს რომ შევიდე და რამე გავიგო? ამის მერე დამიბარეს, მაგათთან აღარ მიხვიდე, თორემ გაგათავისუფლებთო. მე ვუთხარი, პარტიაში არა ვარ, უბრალოდ დავესწარი მეთქი, შეხვედრაზე აღარ მივსულვარ, მაგრამ მაინც გამათავისუფლეს,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ალავერდ ლომიძემ. „ეგ მისი პირადი აზრია, მუქარას ადგილი არ ჰქონია. საპენსიო ასაკი აქვს, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ან პენსიაზე გასულიყო, ან ხელფასი აერჩია და მან პენსია აირჩია,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ყვარელწყალმომსახურების“ დირექტორმა გიგლა ბეჟანიშვილმა. ალავერდ ლომიძე აცხადებს, რომ მისთვის პენსიასა და ხელფასს შორის არჩევანის გაკეთება არ შეუთავაზებიათ. „ასეც რომ ყოფილიყო, უფლება არ მაქვს ვიმუშაო? ბუღალტერი პენსიონერი რომ ჰყავს დანაშაულია?“ – აღნიშნა ლომიძემ.
http://www.youtube.com/watch?v=EszPQI74svY&feature=plcp

დაკავება, ზეწოლა, დაჯარიმება, ხელშეშლა

„ქართული ოცნების“ აქტივისტი გიორგი ჭინჭარაული დააკავეს – 6 აგვისტოს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, 30 წლის გიორგი ჭინჭარაული დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის უფროსმა ლექსო თამაზაშვილმა განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ჭინჭარაული მანქანაში ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე ჩასვეს და პირდაპირ სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. „გიორგი ჭინჭარაული ჩვენი აქტივისტია. დღეს, სოფელ გამარჯვებიდან დედოფლისწყაროში რომ ჩამოვიდა, მარშუტკასთან პოლიციელები ელოდებოდნენ. თვითმხილველების თქმით, პოლიციელებს მოუთხოვიათ, რომ მანქანაში ჩაჯდომოდა, თუმცა არ განუმარტავთ, რატომ უნდა ჩაჯდომოდა მანქანაში. ისიც ჩაუჯდა და სამართალდამცავებმა პირდაპირ სიღნაღში, დროებითი მოთავსების იზოლატორში წაიყვანეს. პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ გიორგი არ დაემორჩილათ და აგინათ, ამიტომ დაუმორჩილებლობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო 90 დღით პატიმრობას ითხოვდნენ, მაგრამ ჩვენი ადვოკატი დროულად ჩაერია და გიორგი პატიმრობას გადაურჩა, 400 ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. თვითონაც ამბობს, რომ პოლიციელებთან არანაირი შელაპარაკება არ ჰქონია, მათ შორის არანაირი საუბარი არ ყოფილა გარდა იმისა, რომ სთხოვეს მანქანაში ჩაჯდომოდა,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლექსო თამაზაშვილმა.

„თავისუფალმა საქართველომ“ ყვარელში ოფისის დაცლის თაობაზე ზეწოლის შესახებ განაცხადა – 8 აგვისტოს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ყვარელში, გამგეობის და პოლიციის შენობების წინ პრესკონფერენცია გამართეს და ოფისის დაცლის შესახებ მოთხოვნა გააპროტესტეს. პარტიის კახეთის კოორდინატორის გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილის და მარიკა ვერულაშვილის დავალებით მათ ყვარელში ოფისის დაცლას სთხოვენ. „რაიონული ორგანიზაცია გვაქვს ყვარელში, მივიდნენ და კატეგორიულად მოსთხოვეს ფართის მეპატრონეს, რომ ხელშეკრულება გაეუქმებინა. ჩვენ, პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ოფისიდან რომ არ გამოვიდეთ. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მეპატრონემ ერთი თვით ადრე უნდა გაგვაფრთხილოს. მიუხედავად ამისა, კატეგორიულად მოსთხოვეს ადეიშვილის და ვერულაშვილის კლანმა, რომ ეს ოფისი დაგვეცალა. ჩემთვის გასაგებია, რომ „თავისუფალი საქართველო“ სერიოზულ პრობლემას უქმნის, უქმნიდა და შეუქმნის ამ რეჟიმს. მივმართავ ხელისუფლებას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, აკრედიტებულ დიპლომატებს, ელჩებს, მიაქციონ ყურადღება ამ ფაქტს,“ – განაცხადა გიორგი მოსიაშვილმა. „2 თვის წინ, იოსებ ვარამაშვილის ფართი ვიქირავეთ. მე თავიდანვე ვუთხარი, რომ შეეტყობინებინა რაიონის ხელმძღვანელობისთვის პრობლემები შეექმნებოდა თუ არა. მან მითხრა, ჩემი პირადი ქონებაა და ჩემი ნებაა, გავაქირავებ თუ არაო. გუშინ მთელი დღე გავატარე ოფისში, არ ვიცი ვინ აიარა, ჩაიარა,  აქამდეც იცოდნენ, რომ აქ ოფისი იყო. გუშინ ეს პიროვნება შემხვდა კიდეც, დამელაპარაკა, არაფერი არ უთქვამს. საღამოს 10 საათისთვის დამიკავშირდა ტელეფონით და მითხრა, რომ დღეს ოფისი უნდა დაგვეცალა. მითხრა, რომ არ შემიძლია, ვეღარ დაგთანხმდებით ამ ოფისის გაქირავებაზეო. ეს ზეწოლით მოხდა ალბათ, მაგრამ ის პიროვნებებს არ ასახელებს,“ – აღნიშნა „თავისუფალი საქართველოს“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დალი ბეუქლიშვილმა. ოფისის მეპატრონეების თქმით, მათზე ზეწოლა არ ხორციელდება და პარტიას მიქირავებული ფართის დაცლას იმიტომ სთხოვენ, რომ იქ რესტორნის გახსნას აპირებენ. „ჩვენ თვითონ არა გვაქვს სურვილი გენაცვალე. სურვილი გვაქვს, რომ რესტორანი გავხსნათ და იმიტომ ვაცლევინებთ, 10 დღეში რესტორანი უნდა გავხსნათ და მინდა, რომ დაცალონ,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფართის მეპატრონის იოსებ ვარამაშვილის მეუღლემ. ვარამაშვილებს სახლში საოჯახო სასტუმროც აქვთ. „თავიფალი საქართველო“ ჯერ–ჯერობით ოფისს ინარჩუნებს.
http://www.youtube.com/watch?v=ehkq7BqpbX4&feature=plcp

სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ წევრი სასაფლაოზე წაიყვანეს და დაემუქრნენ – 9 აგვისტოს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მცხოვრები ნიკოლოზ კიკილაშვილი შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელს სოსო ციციშვილს და სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილეს ბესიკ ლეკიაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. „სახლში მოვიდნენ ჯიპით. მითხრეს, რომ უშიშროებიდან იყვნენ და კახეთის უშიშროების უფროსი სოსო ციციშვილი მიბარებდა. კრიმინალი არ ვარ, ცუდი არაფერი ჩამიდენია და ამიტომ გავყევი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, თუ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მომაყენებდნენ. სიღნაღში, სასაფლაოებთან, ტყე პარკში წამიყვანეს, იქ კოტეჯებია. ერთ–ერთ კოტეჯში სოსო ციციშვილი, ბესო ლეკიაშვილი და კიდევ ერთი პიროვნება დამხვდნენ, მესამე არ ვიცი ვინ იყო, მას ხმა არ გაუცია ჩემთვის. ციციშვილმა და ლეკიაშვილმა მითხრეს, „ოცნებიდან“ გამოდი და საქართველო ხვალვე დატოვეო. ერთი კვირის ვადა მომცეს, თუ არ წახვალ დაგიჭერთო, მე ვუთხარი, რომ არც „ქართული ოცნების“ და არც ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ მეთქი. დაახლოებით 20 წუთზე მეტი ვყავდი კოტეჯში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მომაყენეს. ეს ყველაფერი სიღნაღის რაიონის დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის დავალება იყო. რამდენიმე დღის წინ აბულაშვილმა ჩემს 14 წლის ბიჭსაც მოსთხოვა „ქართული ოცნების“ მაისური გაიხადეო, მაგრამ არ გაიხადა,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნიკოლოზ კიკილაშვილმა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი პარლამენტის წევრს ნუგზარ აბულაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომეტარი არ გააკეთა: „კარგით რა, კარგით, ვინ ემორჩილება ჩემს დავალებებს,“ – აღნიშნა აბულაშვილმა და ტელეფონი გათიშა. ნუგზარ აბულაშვილი ამავე დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. სოსო ციციშვილთან და ბესიკ ლეკიაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ზეწოლა პედაგოგებზე ახმეტაში – 9 აგვისტოს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახმეტის საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის უფროსი ბელა მარუქაშვილი საჯარო სკოლების პედაგოგებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პეტრე ცისკარიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება. „სკოლის დირექტორები დაიბარა და ყველას დაავალა, რომ თითოეულმა პედაგოგმა ჩვენს სოფლებში პეტრე ცისკარიშვილის სასარგებლოდ უნდა ვიმუშაოთ. უბნებში ვიაროთ, ხალხი გამოვკითხოთ, რა უჭირთ, რა პრობლემა აქვთ, ვის უჭერენ მხარს, რას სთხოვენ პეტრე ცისკარიშვილს და ადგილობრივ ხელისუფლებას. ყველა პედაგოგმა მოხსენება წერილობითი სახით სკოლის დირექტორებს 15 აგვისტომდე უნდა ჩავაბაროთ, სკოლის დირექტორები კი მას ბელა მარუქაშვილს გადასცემენ. რათქმაუნდა ეს სამუშაო ანაზღაურების გარეშე უნდა შევასრულოთ. ვინც უარს იტყვის, დაგვიბარეს, რომ სექტემბრიდან ხელშეკრულებას აღარ გაგვიფორმებენ“, – აცნობეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს დუისის და ქვემო ალვანის საჯარო სკოლების პედაგოგებმა. ახმეტის საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის უფროსი ბელა მარუქაშვილი კომენტარს არ აკეთებს. ბელა მარუქაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ბელა მარუქაშვილის მამა ომარ მარუქაშვილი ახმეტის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელია. ახმეტის საინფორმაციო ცენტრი გამგეობის შენობაშია განთავსებული და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბელა მარუქაშვილის ძმა ვაჟა მარუქაშვილი „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ახმეტის სერვის – ცენტრის მენეჯერია. შეგახსენებთ, ბელა მარუქაშვილი პირადად იყო ჩართული კახეთის საინფორმაციო ცენტრის რესპოდენტზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერზე გულჩინა წიქორიძეზე ზეწოლის ფაქტებში. რესურს–ცენტრის უფროსმა სახლის მეპატრონეს, სადაც გულჩინა წიქორიძე თავს აფარებს, ბინიდან მარტოხელა, სოციალურად დაუცველი ქალბატონის გაგდება მოსთხოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერის მუქარა –  „თქვენნაირები ისრაელში ქვებით იქნებოდნენ ჩაქოლილები“ – ერეკლე ამბარდანიშვილი – 10 აგვისტოს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, „აი, თქვენნაირები ხო, ზუსტად, ისრაელში ქვებით იქნებოდნენ ჩაქოლილები, აი ასეთ ქვეყანაში მართლა“, – მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა ერეკლე ამბარდანიშვილმა სააგენტო „ინფო9“–ის კორესპონდენტს და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი განმარტებისთვის ერეკლე ამბარდანიშვილს არაერთხელ დაუკავშირდა, თუმცა მის ტელეფონზე სხვა პასუხობს და აცხადებს, რომ ერეკლე გასულია და არ სცალია. სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის კოორდინატორმა გიორგი ბოტკოველმა. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ერეკლე ამბარდანიშვილი მათთან აღარ მუშაობს. შეგახსენებთ, თელავში კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება გუშინ, საღამოს მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ წევრებთან იმ დროს მივიდნენ, როდესაც ისინი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერას აწარმოებდნენ.

http://www.youtube.com/watch?v=-WsQa5lU0nA&feature=plcp

ხელშეშლა ჩანთლისყურეში (ყვარლის რაიონი) – 5 აგვისტოს, ინციდენტი მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ ჩანთლისყურეში. იმ დროს, როდესაც ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ქევხიშვილი ამომრჩეველს ხვდებოდა, შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მივიდნენ და სააგენტო „ინფო9“–ის ჟურნალისტს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. „მე მოვედი, მე საქართველო რომ მიყვარს და მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ქალი. მიხეილ სააკაშვილს უნდა მისცეს ჩვენმა სოფელმა, ხალხმა და ყველამაც.  ყველა ვინც არიან აქა, თუ არ მისცემენ, მერე გავიგებ და სიას დავწერ და მერე ნახავენ“, – განაცხადა მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ქალბატონმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისური ეცვა. კომენტარის შემდეგ მან „ინფო9“–ის კორესპონდენტს ნინო ხუციშვილს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა. „მორჩა ბაზარი. მორჩა ეხლა, დახურეთ თქვენი ის“, – აღნიშნა ქალბატონმა. მასთან ერთად მყოფი ქალები „ინფო9“–ის ოპერატორს გადაღებაში ხელს უშლიდნენ და ცდილობდნენ კამერის ობიექტივზე ხელი აეფარებინათ.

http://www.youtube.com/watch?v=iMtfKtDzxe0&feature=plcp

ამომრჩეველთა „შავი სია“ დედოფლისწყაროში – 10 აგვისტოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სოფლებში გამოკითხვას ატარებენ და ის ამომრჩევლები, რომლებიც მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უჭერენ, სპეციალურ სიებში შეჰყავთ. „არჩევნების გამოცხადების დღიდან ხელისუფლებამ გააძლიერა კორდინატორების მუშაობა. როგორც საზღვრისპირა სოფლებიდან მაცნობეს ჩვენმა კოორდინატორებმა, თითოეულ სოფელში 30–დან 50–მდე აგიტატორი მუშაობს. მათ განაწილებული აქვთ  ქუჩები და თითოეულ ოჯახში შედიან. აგიტატორები არიგებენ ნაციონალების საარჩევნო ბუკლეტებს „მეტი სარგებელი ხალხს“, ასევე, ატარებენ გამოკითხვას, რომელ პარტიას აძლევს ხმას ამომრჩეველი და უჭერენ თუ არა მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს ზაზა კედელაშვილს. ვინც მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უჭერს ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე, ე.წ. „შავ სიაში“ შეჰყავთ და თან ემუქრებიან, რომ სიას სადაც საჭიროა იქ წარადგენენ“, – აცხადებს თამილა გურაშვილი. მისივე თქმით, ეს ფაქტი არის ზეწოლა და საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლის 1 პუნქტის დარღვევა, რაც კენჭისყრის ფარულობას ითვალისწინებს.

მანქანის ჩამორთმევა ახმეტაში – 10 აგვისტოს, ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ზვიადაურის ძმის სპარტაკ ზვიადაურის მანქანა ევაკუატორით საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიტანეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის წევრმა ზაქარია ქინქლაძემ განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებმა სპარტაკ ზვიადაურს მანქანა დაუმორჩილებლობის მოტივით ჩამოართვეს. „ზურაბ ზვიადაურის ძმის, სპარტაკ ზვიადაურის „მიცუბიშის ჯიპზე“  სახელმწიფო ნომრით SPA – 007, სხვა პიროვნება იჯდა, რომელსაც მანქანის საბუთებიც ჰქონდა და მართვის მოწმობაც. პოლიციამ აქვე, ახმეტის ცენტრში გააჩერა და რამდენიმე წუთის წინ მანქანა ევაკუატორით წაიღეს. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ვითომ ეს მანქანა დილას ახმეტაში პოლიციას არ დაემორჩილა. მანქანა დილიდანვე ოფისთან იდგა, თუ დილას არ დაემორჩილა შუადღეს გაახსენდათ? თან არანაირ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, სპარტაკ ზვიადაურიც კოალიციის წევრია,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაქარია ქინქლაძემ. აღსანიშნავია, რომ ზურაბ ზვიადაურის განცხადებით, ორი დღის წინ, მისი ავტომანქანის ძრავში გორის საჯარიმო სადგომზე ქვიშა ჩაყარეს, რის გამოც მანქანა დაზიანდა.

„ქართული ოცნების“ აქტივისტების დაჯარიმების ფაქტები – პოლიციის თანამშრომლები კახეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს მასობრივად აჯარიმებენ. ლაგოდეხში მცხოვრები მერაბ ივანაშვილი სამართალდამცავებმა ორი დღის განმავლობაში სამჯერ, სულ 340 ლარით დააჯარიმეს. „ლაგოდეხიდან სოფელ ულიანოვკაში მივდიოდით სამი – ოთხი მანქანით, სულ ბოლოს მე მივდიოდი. სარკეში ვხედავდი, რომ უკან პოლიციის მანქანა მომყვებოდა. არაფერი დამიშავებია. 60–ით მივდიოდი. უცებ პოლიციის მანქანამ გადამისწრო და გაჩერება მომთხოვეს. პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ღერძულა ხაზი გადავკვეთე, რაც არ გამიკეთებია. მანქანაში 5 ადამიანი იჯდა. ყველა დამემოწმა, რომ მოძრაობის წესები არ დამირღვევია, მაგრამ 200 ლარიანი ჯარიმა მაინც დამიწერეს. 7 აგვისტოს, სოფელ კავშირში, ბენზინგასამართ სადგურთან ისევ გამაჩერეს და ისევ ჯარიმა დამიწერეს, 100 ლარიანი. ღერძულა ხაზი გადაკვეთეო. არც ამჯერად გადამიკვეთავს, რადგან ვხედავდი, რომ პოლიციის მანქანა მომყვებოდა. მეორე დღეს ლაგოდეხში ვიყავი, „ქართული ოცნების“ ოფისში. იქიდან რომ გამოვედი, დავჯექი მანქანაზე და სოფელში წამოვედი. პოლიცია ამედევნა, გამაჩერეს. მანქანაში სხვა მგზავრებიც იყვნენ. უსაფრთხოების ღვედი გადაჭერილი გვქონდა, მაგრამ პოლიციამ, არ გქონდათო. 40 ლარიანი ჯარიმა დამიწერეს“,– განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მერაბ ივანაშვილმა. პოლიციის თანამშრომლებმა ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი კახაბერ კევლიშვილი 400 ლარით დააჯარიმეს. კევლიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არასწორი გასწრების მიზეზით ორჯერ შეუდგინეს. „პოლიციის თანამშრომლებს ვუთხარი, გასწრება არ გამიკეთებია საერთოდ და უკანონოდ მაჯარიმებთ მეთქი. ჩვენ ოქმს შევადგენთ და შენ სადაც გინდა იქ იდავეო, მითხრეს“, – აღნიშნა კახაბერ კევლიშვილმა. ლაგოდეხში 100 ლარით დააჯარიმეს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი გია ბიწაძე. „ღერძულა ხაზის გადაკვეთაში დამადანაშაულეს, არადა არ გადამიკვეთავს, მაგრამ როგორ დავუმტკიცებ?“, – ამბობს ბიწაძე. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა 5 და 9 აგვისტოს, კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის შტაბის წევრი ლევან ხვისტანიც დააჯარიმეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მას ავტომანქანის ბუნებრივ აირზე გადაყვანის საბუთის არქონის და მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით შეუდგინეს. „ქართული ოცნების“ წევრების მასობრივ დაჯარიმებასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში და შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ. არცერთ დაჯარიმებულს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. მათი თქმით, გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რადგან არაფერი იცვლება.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

კახეთში, სოფლების ტერიტორიულ ორგანოებში თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა. სპეციალისტების თანამდებობებზე  მოქალაქეებს შრომითი ხელშეკრულებები ოქტომბრის ჩათვლით გაუფორმეს. მათი ანაზღაურება თვეში 250 ლარია. ოპოზიციის მტკიცებით, სოფლის ტერიტორიულ ორგანოებში კადრების მატება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და ხელისუფლება მათ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ იყენებს. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ ხუცაიძემ დაადასტურა,  რომ თელავის მუნიციპალიტეტში კადრების დამატება მართლაც მოხდა და მათ სამ თვიანი ხელშეკრულებები გაუფორმდათ. „კადრების დამატება მართლაც მოხდა, მაგრამ მარტო თელავში არ მომხდარა, მთელი რეგიონის და მგონი მთელი საქართველო მასშტაბით მოხდა. უშუალოდ გამგეობის ადმინისტრაციაში კადრები არ დაგვიმატებია, ტერიტორიულ ორგანოებში დაემატა. რაც შეეხება კადრების დამატების აუცილებლობას, სპორტული ღონისძიებები იგეგმება, ასევე სხვა ისეთი დავალებები აქვთ, რომლებსაც რწმუნებულები ვერ აუდიოდნენ და დავამატეთ შტატები“,– განუცხადა თელავის გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ვიდეოგამოკითხვები

გამოკითხვა ახმეტაში – რომელ კანდიდატს დაუჭერთ მხარს არჩევნებში – იცნობთ თუ არა ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ზურაბ ზვიადაურს და პეტრე ცისკარიშვილს და რომელს დაუჭერთ მხარს არჩევნებში – ამ კითხვაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ახმეტის რაიონის სოფლებში ახშანსა და ქისტაურში გამოკითხვა ჩაატარა. ჩვენმა ჟურნალისტმა რესპოდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩია. გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნებში მხარს პეტრე ცისკარიშვილს დაუჭერს. 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, ახმეტაში კენჭს ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ იყრის, ხოლო მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

http://www.youtube.com/watchv=ggXvlLP6C2w&feature=player_embedded

გამოკითხვა ახალსოფელში – რომელ კანდიდატს დაუჭერთ მხარს არჩევნებში? – იცნობთ თუ არა ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მარიკა ვერულაშვილს და დავით ქევხიშვილს და რომელს დაუჭერთ მხარს არჩევნებში? – ამ კითხვაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში გამოკითხვა ჩაატარა. ორივე კანდიდატი წარმოშობით ახალსოფლიდან არის. ჩვენმა ჟურნალისტმა 50 რესპოდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩია. გამოკითხულებიდან 13 ადამიანი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მხარს მარიკა ვერულაშვილს დაუჭერს, 9 ადამიანი ხმას დავით ქევხიშვილს აძლევს, 18–მა რესპოდენტმა კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, 10 ადამიანს კი ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მარიკა ვერულაშვილი კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით ქევხიშვილი კი „ქართული ოცნებიდან“ იყრის.

http://www.youtube.com/watchv=kL7lSa8UdJ4&feature=player_embedded

კახეთის საინფორმაციო ცენტრი წინასაარჩევნო დაიჯესტს 1 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათს გამოაქვეყნებს.
დაიჯესტზე პასუხისმგებელი პირი გელა მთივლიშვილი:
Mtivlishvili@gmail.com  ტელ: 599 34 34 77

ახალი ამბები