კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობის განცხადება „ქართული ოცნების“ საბანკო ანგარიშების შესახებ

22 აგვისტო, 2012

საქართველოს მთავრობამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების ანგარიშები არ არის გაყინული და კოალიციის წარმომადგენელთა განცხადებების საპირისპიროდ, ფულის მოძრაობის ან ანგარიშის სხვაგვარი გამოყენების შეფერხებას ადგილი არ აქვს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საბანკო ანგარიშებს ხელისუფლებამ ინკასო დაადო იმ ჯარიმის ამოღების მიზნით, რომელიც ოპოზიციურ კოალიციას ივნისის ბოლოს დაეკისრა. ხელისუფლებამ კოალიციაში შემავალი ექვსივე პარტია, ასევე ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა,2.38 მილიონი ლარით დააჯარიმა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიისგან სავარაუდოდ უკანონო არაფულადი შემოწირულობების მიღების გამო, რაც კოალიციის რეგიონალური ოფისების გარემონტებაში გამოიხატებოდა. ანგარიშებზე ინკასოს დადების შემდეგ, თანხების ნაწილი ხელისუფლებამ ჯარიმის დასაფარად მიმართა.

ინგლისურენოვანი განცხადება, რომელიც „ქართული ოცნების“ სახელით 17 აგვისტოს გავრცელდა, ამბობს, რომ გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ „მოხსნა მთლიანი თანხა პოლიტიკური კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნების" საბანკო ანგარიშებიდან და  ახლა კამპანიისთვის მიღებულ ყველა ახალ შემოწირულობას ითვისებს“.

„შედეგად, კოალიციას აღარ აქვს ფული კამპანიის ისეთი აქტივობების განსახორციელებლად, როგორიცაა აქციების გამართვა, რეკლამა, კამპანიის მასალების დაბეჭდვა და თუნდაც სოფლიდან სოფელში კამპანიის საწარმოებლად მანქანით გადაადგილება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ „კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ გაყინა „ქართული ოცნების“ ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები“.

მთავრობა ასევე აცხადებს, რომ აღსრულების ეროვნულმა  ბიურომ ჯარიმის ამოღება ანგარიშების გაყინვის გარეშე დაიწყო.

„არსებული მდგომარეობით, ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილი, 122,000.00 ლარი, იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამოღებული საინკასო დავალების საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში, „წინა თვეს "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად შეაგროვა 730,000 ლარი. ამ თანხის მხოლოდ 17% იქნა ამოღებული დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე. ზოგადად, 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისამდე "ქართულმა ოცნებამ" შეაგროვა 44,539,123 ლარი (26 მილიონზე მეტი კანონიერად, ხოლო 18 მილიონზე მეტი - უკანონო შემოწირულობების სახით). შესაბამისად, 122,000 ლარის ამოღება ჯარიმის სახით (მთლიანი შემოსავლის 0.3%) ვერ შეაფერხებს "ქართულ ოცნების" მიერ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თავისუფალი და აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას“.

„აღნიშნული ცრუ ბრალდებები წარმოადგენს "ქართული ოცნების" მორიგ მცდელობას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია. საქართველოს მთავრობა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეწყვიტოს ცილისწამების კამპანია და კონცენტრირება მოახდინოს არა არჩევნების შედეგების წინასწარ დისკრედიტაციაზე, არამედ საკუთარ საარჩევნო მიზნებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის განცხადების გავრცელებამდე, 21 აგვისტოს საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციურ კოალიციაში „ქართული ოცნება“ შემავალი პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო და განაცხადეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული „არაპროპორციული ჯარიმები, ფაქტობრივად, ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას“.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები