კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები

24 აგვისტო, 2012

2011 წლის 15 დეკემბრიდან - 2012 წლის 6 ივნისამდე

2011 წლის დეკემბერი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული ისტორიის მასწავლებელი თამარ სუხიაშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს: „სკოლაში მისულს კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორმა პაატა ჩხეიძემ მთხოვა, დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. მე უარი ვუთხარი. მან მითხრა, რომ უკვე გამზადებული ჰქონდა ბრძანება ჩემი სამსახურიდან წასვლის შესახებ“. „ჯერ კიდევ 23 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე, დირექტორის ინიციატივით, ჩემთან სახლში, მობრძანდა სასწავლო ნაწილის გამგე ლუიზა შენგელიძე. მან მითხრა, რომ თუ არ შევწყვეტდი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას, აუცილებლად მომიწევდა სამსახურის დატოვება“ ვრცლად:  http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14358&lang=geo

2012 წელი

2012 წლის იანვარი. დედოფლისწყაროს პროკურატურაში 17 წლის ბექა ცეცხლაძე დაკითხეს. პოლიცია მას ცივი იარაღის ტარებაში ადანაშაულებს. არასრულწლოვანის დედის დალი ცეცხლაძის თქმით, მის ოჯახს პრობლემები მას შემდეგ ექმნება, რაც სოფელ სამთაწყაროში სართვლოდ ჩასულ კახა კუკავას შეხვდნენ. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საზღვრისპირა სოფელში, სადაც ინგილოები და აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, გასული წლის სექტემბერში იმყოფებოდა. ის რთველის მიმდინარეობით უკმაყოფილო გლეხებს შეხვდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, კუკავას ვიზიტის შემდეგ სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, რომელთა წევრებიც შეხვედრაში მონაწილეობდნენ, სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა შეუწყვიტა, მათ შორის გურამ და დალი ცეცხლაძეების ხუთშვილიან ოჯახსაც. „სანამ დახმარებას შემიწყვეტდნენ, სოფლის გამგებელი პაატა ნადირაშვილი შემხვდა ქუჩაში და მკითხა, კუკავასთან რა გინდოდაო? მე ვუთხარი, თამილა ჩემი ბავშვის ნათლიაა, თავისი ხელმძღვანელები მოიყვანა და მიმიწვია მეთქი. ხოდა, კუკავა დაგეხმაროსო. სამი კვირის შემდეგ დახმარება შემიწყვიტეს, ახლიდან გადამამოწმეს და მაღალი სარეიტინგო ქულა მომცეს“, - ამბობს დალი ცეცხლაძე. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14347&lang=geo

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი თამარ სუხიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სუხიაშვილი მის გათავისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელმოწერას უკავშირებს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14324&lang=geo

იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს თავისი დედის, თალიკო ლაგაზაურის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, თალიკო ლაგაზაური, რომელსაც პედაგოგად მუშაობის 22 წლის სტაჟი გააჩნია, სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო გაათვისუფლეს, რომ მისი დედაა. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14330&lang=geo

საჩხერის ცენტრში გამართული საახალწლო კონცერტზე: „გაუმარჯოს ბიძინას“ შეძახილის გამო, პოლიციამ ათამდე ადამიანს სცემა. ინციდენტი 13 იანვარს ღამით, კონცერტის მსვლელობისას მოხდა. ვრცლად:
http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14342&lang=geo

31 იანვარს კახეთის საოლქო პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა. ჟურნალისტის მამა, დათო ნიკოლაშვილი გურჯაანში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ აქტივისტია. პროკურატურა სოფო ნიკოლაშვილს პოლიციის თანამშრომლის, გიორგი სიბაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. 23 წლის გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელია. მისი მამა, გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა. ბიძა - გიორგი სიბაშვილი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეა. სამართალდამცავებმა დაკავებულის ოჯახის წევრებს მხოლოდ 1 თებერვალს, დილით შეატყობინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფო ნიკოლაშვილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მთელი ღამის განმავლობაში ისინი გოგონას საავადმყოფოებში და ნათესავებთან ეძებდნენ. გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადო. ვრცლად: http://ick.ge/ka/jinvestigation/9700--i.html

თებერვალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დისშვილის ბავშვობის მეგობარ ზაზა კობახიძეს თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა. კობახიძე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილით - იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გაასამართლეს. ადვოკატ ლადო მაჭარაშვილის განცხადებით, განაჩენი უკანონოა. სასამართლო პროცესზე სიტყვა ბრალდებულსაც მიეცა. „სახლიდან როცა გამოვედი, პოლიციელებმა ხელები ამომიტრიალეს და ძირს დამაწვინეს. ეს ჩემმა მეუღლემ და შვილმა დაინახეს და ჩემსკენ გამოიქცნენ. ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფოდ მანქანაში ჩამსვეს. ასე რომ, გამორიცხულია, ჩემი ჩხრეკა 35 წუთის მანძილზე გაგრძელებულიყო, როგორც ეს სამართალდამცველებმა თქვეს. პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. ამ ყველაფრის ატანა მორალურად ძალიან მძიმეა, რადგან მთელი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ვემსახურებოდი. აგვისტოს ომში ვიბრძოდი. ჩემი დაკავების დღეს კი სამების საკათედრო ტაძარში გვარის შეკრებაზე მივდიოდი. ქრისტიანი ადამიანი იარაღით წმინდა ადგილას არ დადის. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. მე მართალი ვარ და მართალი კაცისთვის სასჯელის მოხდა რთულია“, - განაცხადა კობახიძემ.
ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14432&lang=geo

თებერვალი. ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დედოფლისწყაროს რაიონში ოფისის გარეშე დარჩა. ოფისის მეპატრონემ „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ხელშეკრულება ხელმოწერიდან მეორე დღესვე გააუქმა. „გამგეობასთან ახლოს მდებარე შენობაში, რომელიც სოსო უზუნაშვილს ეკუთვნის, რესპუბლიკურ პარტიას დაქირავებული გვაქვს ორი ოთახი. აქვე თავისუფალია სხვა ოთახებიც. როცა „ქართულმა ოცნებამ“ ოფისის აღება გადაწყვიტა, თბილისიდან ჩამოსული წარმომადგენლები გაესაუბრნენ შენობის მეპატრონეს და სამი ოთახი იქირავეს. გააფორმეს კონტრაქტიც. მეორე დღეს, დილითვე, შენობის მეპატრონე მოვიდა. ძალიან შეწუხებული იყო, ტიროდა. მითხრა, რომ ამ სამ ოთახზე ხელშეკრულება უნდა გავაუქმოო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნოდარ ტოკლიკიშვილმა. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14465&lang=geo

მარტი. ფოთის #7 საჯარო სკოლის დარაჯი ზური თავართქილაძე ამბობს, რომ გაზეთ „ქართული ოცნების“ კითხვის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. სკოლის დარაჯი მომხდარს ასე იხსენებს: „დილით, სკოლაში რომ მივდიოდი, კართან დამხვდა გაზეთი ჩამოდებული. ვიფიქრე, სკოლაში წამეღო და იქ წამეკითხა. იქ როგორ გაიგეს, ან ვინ მნახა, არ ვიცი. რამდენიმე ხანში მანდატურების უფროსი მოვიდა და ახსნა-განმარტება დამაწერინეს, რომ მე თითქოს პროპაგანდას და აგიტაციას ვეწეოდი. როგორც მითხრეს, განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაურეკავთ ამის შესახებ. დირექტორს უთხრეს, რომ გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. დირექტორთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მას სხვა გზა არ ჰქონდა“. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14543&lang=geo

9 მარტს გურჯაანში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის წევრი ზვიად ყვირალაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ყვირალაშვილი საკრებულოს მიერ დაფუძნებულ შპს „კეთილმოწყობა“-ში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 1 მაისამდე ჰქონდა გაფორმებული. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14581&lang=geo

11 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება მათი აქტივისტების ტერორში დაადანაშაულა. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ რეგიონებში მათ აქტივისტებზე ტერორი მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. „11 მარტს რეგიონებში მთელი დღე-ღამის განმავლობაში ჩვენს აქტივისტებთან მიდიოდნენ ადამიანები,  რომლებიც თავს აცნობდნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლებად და დაკითხვაზე იბარებდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანები სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომელთაც "ქართულ ოცნებასთან" არანაირი ფინანსური კავშირი არ აქვთ , მოძრაობასთან მათი კონტაქტი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ  „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდნენ და ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდნენ“. ვრცლად:  http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14585&lang=geo

11 მარტს ახმეტაში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრის ზაქარია ქინქლაძის ორი ჰექტარი ვაშლის ბაღი და მისი ძმის კუთვნილი ნახევარი ჰექტარი თხილის ნარგავი  დაიწვა. ასევე დაიწვა ამ ფართზე განლაგებული საკურდღელე მინიფერმა. ნარგავები და შენობა სრულად განადგურდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ხანძარი შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორება იყოს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14595&lang=geo

12 მარტს „ქართული პარტიის“ გენერალურ მდივანს ირაკლი დოლაბერიძეს, რომელიც პარტიული კონსულტაციებისთვის პარიზში, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილთან მიემგზავრებოდა, მეორედ არ მისცეს ქვეყნის დატოვების უფლება და საპატრულო პოლიციამ აეროპორტიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოაბრუნა. ირაკლი დოლაბერიძეს საზღვარგარეთ გაფრენის უფლებას მიმდინარე წლის 2012 წლის 6 იანვარიდან არ აძლევენ.  ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14593&lang=geo

12 მარტს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკი“ 822 040 ლარით დააჯარიმა პარტიების შესახებ „კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე“. ეს 2012 წელს ფინანსური სანქციების გამოყენების მეორე შემთხვევაა, რაც ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 422 040 ლარის გადახდას გულისხმობს. თებერვლის ბოლოს ივანიშვილთან დაკავშირებული პირები შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ.

12 მარტს საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოქალაქეები დაკითხეს კონტროლის პალატის ინიციატივით. წინა დღეებში ფიზიკურ პირს მიუვიდათ უწყება, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს პროკურატურის უწყებას და ასე გამოიყურება: „საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად. ასევე, დამატებით გაცნობებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე, გაქვთ უფლება, გაეცნოთ საქმის მასალებს, მისცეთ ახსნა-განმარტება, წარადგინოთ მტკიცებულებანი, განაცხადოთ შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოთ ადვოკატის იურიდიული დახმარებით. ისარგებლოთ თარჯიმნის მომსახურეობით, გაასაჩივროთ საქმის გამო მიღებული დადგენილება. საქართველოს კონტროლის პალატისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება კანონით. ახსნა-განმარტების მისაცემად უნდა მობრძანდეთ 2012 წლის 12 მარტს 12 საათზე მისამართზე: წერეთლის ქუჩა 2. 1-ელი სართული“. კონტროლის პალატის მიერ გამგეობის შენობებში დაბარებული მოქალაქეები ისე ტოვებენ იქაურობას, რომ კომენტარს არ აკეთებენ. მათი განცხადებით, ასეთი მითითება მათ კონტროლის პალატისგან აქვთ. საქმე გვაქვს ტოტალური კონტროლის მექანიზმთან, რომელიც გარდა შიშის ფაქტორისა, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებს ადამიანებს და აიძულებს მათ წინასაარჩევნოდ ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობაზე უარი თქვან. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14589&lang=geo

„ეროვნული ფორუმის“ წევრი ასმათ ათუაშვილი კონტროლის პალატის თანამშრომლებმა, საგარეჯოს გამგეობის შენობაში 12 მარტს დაკითხეს. დაკითხვა 45 წუთს გაგრძელდა. „ვიდრე დამკითხავდნენ პოლიციამ გამჩხრიკა. კორიდორიდანვე დაიწყეს გაჩხრეკა, ჩანთა და ტელეფონი ჩამომართვეს. ქურთუკიც გამახდევინეს. ტანსაცმლის შიგნითაც კი შევიდნენ. ხელებით შემეხო ის გოგო, ბოდიში და ლიფის რკინებიც კი ნახა. წითელს ანთებდა და მეკითხებოდა, აქ რა გაქვსო? ვერა ხედავ, რკინაა, რა უნდა მქონდეს მეთქი. დაკითხვისას დამემუქრნენ - შენი შვილი უდედოდ დარჩება თუ ამ საქმიანობას არ შეეშვებიო“, - იხსენებს „ეროვნული ფორუმის“ წევრი ასმათ ათუაშვილი. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14613&lang=geo

13 მარტს კონტროლის პალატის თანამშრომლებმა საგარეჯოში „ქართული ოცნების“ 13 მხარდამჭერი ადვოკატების გარეშე დაკითხეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რესპუბლიკური პარტიის საგარეჯოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა კევლიშვილმა განუცხადა. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14596&lang=geo

რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში კონტროლის პალატის წარმომადგენლების მხრიდან მათი თანამშრომლების შეურაცხყოფაზე საუბრობენ. როგორც პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნონა თოლორაიამ 13 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებულ პირებს საგანგებოდ ჩხრეკდნენ და სხვადასხვა სახის მითითებებს აძლევდნენ.  http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14602&lang=geo

„ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ხელოსნები, რომლებმაც კოალიციის ახმეტის ოფისში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაატარონ და რამდენიმე დღის განმავლობაში ახმეტის რაიონში ყოფნა უწევთ, საოჯახო სასტუმროდან გაყარეს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14619&lang=geo

აშშ–ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა განაცხადა: „შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს“. „სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ“, – განაცხადა ბასმა  Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში. წყარო: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14625&lang=geo

13 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში,  რამდენიმე საათის განმავლობაში, 6 პიროვნებას კონტროლის პალატის სახელით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი ვინმე კახა საჯაია კითხავდა. კონტროლის პალატიდან რამდენიმე მოქალაქეს იდენტური შინაარსის უწყება მიუვიდა. „პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით, დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად“, - ეწერა უწყებაში, რომელიც მოქალაქეებმა 11 მარტს მიიღეს. ასეთივე შინაარსის უწყება მიუვიდა 12 მარტს, დილის საათებში, რესპუბლიკური პარტიის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის წევრს ლილი ებრალიძეს, რომელიც იხსენებს: „ძირითადად, ივანიშვილის მოქალაქეობაზე და ფინანსებზე, რამდენი აიღე ხელმოწერების შეგროვებისთვის და გაზეთ „ქართულ ოცნებას“ რომ არიგებ, ამისთვის რამდენ ლარს გიხდიანო. ვეუბნებოდი, რომ ამისთვის თანხას არ მაძლევენ და ანგარების მიზნით არ ვმუშაობ, მე ამ პარტიის წევრი ვარ, მწამს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და ხელფასი რომც არ მომცენ, მაინც ვიმუშავებ-მეთქი. ამის შემდეგ მითხრა, ორი უკვე დავაპატიმრე და ახლა შენი ადგილიც არისო. თუ დამაპატიმრებთ, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მექნება და ისე, რას იზამთ, მთელ საქართველოს დააპატიმრებთ-მეთქი. შემეპასუხა - რა, მთელი საქართველო ხართ უკვეო? კი, „ნაციონალების“ და თქვენი გამოკლებით-მეთქი - ვუთხარი“. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14591&lang=geo

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გურჯაანში 13 მარტს უნდა დაეკითხა, მაგრამ დაკითხვა ვერ შედგა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა კონტროლის პალატისგან დაკითხვამდე საქმის მასალების გაცნობა მოითხოვეს. 13 მარტს, კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ რეგიონებში „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკითხვასთან დაკავშირებით უწყების ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა. „ხდება ინფორმაციის შემოწმება და შეგროვება, შემდეგ მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატაში აქვთ წარმოდგენილი“, - განაცხადა ბეჟაშვილმა. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14601&lang=geo

კონტროლის პალატის უწყება ფოთში 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ შორის, არიან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ გაზეთების დარიგებაში მონაწილე აქტივისტები. ამ ფაქტთან დაკავშირებით 13 მარტს ფოთელმა „რესპუბლიკელებმა“  ბრიფინგი გამართეს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14600&lang=geo

15 მარტს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის შტაბის წევრის ზურაბ გამეზარდაშვილის დედა ცისანა ჯოიაშვილი სოფელ აფენის საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს. ცისანა ჯოიაშვილი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა და შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 15 სექტემბრამდე ჰქონდა გაფორმებული. http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14753&lang=geo

„ქართული ოცნების“ გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელი აკაკი ბეგაშვილი შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს შალვა იმერლიშვილს ამხელს. როგორც აკაკი ბეგაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, კუდ-ის თანამშრომელი, პარასკევს, 16 მარტს, მასთან სახლში მივიდა და უთხრა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულიყო. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14642&lang=geo

19 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში კონტროლის პალატის თანამშრომლემა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ვენიკო ივანიშვილიც დაკითხეს, რომელსაც კოალიაცია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვენიკო ივანიშვილის მეუღლემ ციცინო ივანიშვილმა განუცხადა, უწყება 15 მარტს მიიღეს. „ჩემი მეუღლე არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ არის, არც პარტიულ ღონისძიებებში მიუღია მონაწილეობა. ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს რომ აგროვებდნენ, მაშინ ხელი ჩვენც მოვაწერეთ განცხადებას“, - აღნიშნა ციცინო ივანიშვილმა. წყარო: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14641&lang=geo

19 მარტს თელავში, დაკითხვიდან გამოსული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების განცხადებით, კონტროლის პალატას მათი ოჯახური მდგომარეობა და ოჯახის წევრების  შემოსავლებიც აინტერესებდა. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14640&lang=geo

20 მარტს კონტროლის პალატამ „უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით“ ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი „უკანონო დაფინანსების“ - 272 597 ლარის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14650&lang=geo

1 აპრილს ახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილე მალხაზ ხუბეჯაშვილი, მეტსახელად „მოურავი“ სოფელ ალავერდში მცხოვრებ გოჩა და ბაადურ ბასილაშვილებს დაპატიმრებით დაემუქრა იმის გამო, რომ ისინი ახმეტაში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნას დაესწრნენ. ვრცლად:  http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14756&lang=geo

კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ზურა თერგიაშვილი, რომელიც გურჯაანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მძღოლად მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. 9 მარტს, ასევე სამსახურიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის წევრი ზვიად ყვირალაშვილიც. ის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ შპს „კეთილმოწყობა“-ში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 1 მაისამდე ჰქონდა გაფორმებული. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14784&lang=geo

2 აპრილს ზუგდიდში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სერგო ჩაჩიბაია დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, ჩაჩიბაია ავტოგასამართ სადგურზე დააკავეს. ჩიქოვანის თქმით, მას მოულოდნელად უცხო პირი მივარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე განცხადებით, ჩაჩიბაიას ამ ფაქტზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია, თუმცა, ადგილზე მაშინვე გაჩნდნენ პოლიციელები და ის დააკავეს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14692&lang=geo

პარტია „სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მამუკა ბალიაშვილის ინფორმაციით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქტივისტები სცემეს - „ქუთაისში, თეთრ ხიდთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები გაზეთებს არიგებდნენ, რა დროსაც მათ მოულოდნელად დაახლოებით 15 პიროვნება თავს დაესხა, რომლებიც გამგეობის თანამშრომლები იყვნენ“. ვრცლად:
http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14716&lang=geo

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ახმეტაში გამოკითხულ რესპონდენტებზე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები ზეწოლას ახორციელებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კითხვაზე - სამართლიანია თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილება, ახმეტაში გამოკითხვა 5 აპრილს ჩაატარა. გამოკითხვის შედეგების ამსახველი ვიდეომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე იმ დღესვე, 17:38 საათზე განთავსდა. გამოკითხულთა სრული უმრავლესობა გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14744&lang=geo

18 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული შტაბის ოფის - მენეჯერი აკაკი ნატროშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აკაკი ნატროშვილი დედოფლისწყაროს საკრებულოს მიერ დაფუძნებულ კულტურისა და სპორტის ცენტრში მწვრთნელად მუშაობდა და სოფელ ზემო მაჩხაანში ბავშვებს ფეხბურთში ავარჯიშებდა. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14816&lang=geo
 
18 აპრილს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის და - თამარ თამაზაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თამარ თამაზაშვილი დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა. როგორც თამარ თამაზაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ის სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14799&lang=geo

19 აპრილს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მეხუთე კვარტლის მიმდებარე ტერიტორიიდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ბერა ივანიშვილის სტუდია „Georgian dreams studio“-ს წევრის, „რუსთავი2“-ის გასართობი გადაცემების ყოფილი თანამშრომლის, ლევან გოგორელიანის ძმა, ლაშა გოგორელიანი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მანამდე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გასართობი შოუების მსახიობები თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი, იგივე „ფაქო“ Georgian dreams studio-ში დაახლოებით ორი კვირის წინ გადავიდნენ. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14783&lang=geo

20 აპრილს ბერა ივანიშვილის მუსიკალური სტუდიის თანამშრომელი ლაშა გოგორელიანი და მასთან ერთად დაკავებული თენგიზ აბდალაძე და რევაზ ქიტიაშვილი სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ახალგაზრდების დაკავებიდან რამდენიმე საათში გამოიტანა. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14790&lang=geo

24 აპრილს პრეზიდენტს გურჯაანში მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფლიდან ჩამოყვანილი მასწავლებლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, ქალაქის სკოლების მოსწავლეები, ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები დაახვედრეს. მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის გამო ქალაქის ოთხივე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14810&lang=geo,
ფოტორეპორტაჟი: http://ick.ge/ka/photogalleries/10645--photo-video.html

რუსთავის საკრებულოს წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოკითხული რუსთავის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14854&lang=geo

ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ - პუნქტში მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური დავალება აქვთ მიღებული. დავალების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დავით უსუფაშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და შალვა ნათელაშვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს, დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ ზემდგომთან. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14866&lang=geo

30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თამაზ თამაზაშვილი ქართული მართლმსაჯულების ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ განაჩენის გასაჩივრებას ევროსასამართლოშიც გეგმავს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14840&lang=geo

კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მარტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესის შესწავლის შედეგად არაერთი უფლებადარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მიერ 1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. ვრცლად: http://www.civil.ge/geo/article.php?id=25407

2 მაისს ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ დემონსტრაცია პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა.  „მსვლელობის დროს გავიარეთ მერიის შენობასთან, სადაც მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა. ჩვენი დანახვისთანავე ეს მანქანები გამოგვედევნენ წყლის ჭავლით, რომელსაც უშვებდნენ ჩვენი მისამართით“, - - აცხადებს კოალიციის წარმომადგენელი ნატო ქათამაძე, - „დაგვსდევდა არა მარტო სახანძრო მანქანა, არამედ მერიის თანამშრომლებიც. მათ შორის იყვნენ, ქუთაისის საქალაქო სამსახურის უფროსი თუთბერიძე, რომელიც მანქანაში იყო და ვიცანით სახეზე. სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი, ცაავა, ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი და ახლა მერიის თანამშრომელი კახა ხვარეშია. ხვარეშია ძალიან აქტიურობდა. იმ სიბნელეში მეტი სახეები ვერ ამოვიცანით, მაგრამ ყველაფერი ვიდეოფირებზეა აღბეჭდილი“. წყარო: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14849&lang=geo

ახმეტაში მცხოვრები ირმა პეტრიაშვილი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს და ერთოთახიან ბინაში ქირით ცხოვრობს, აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა.  ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14911&lang=geo

10 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი მაილაშვილი სოფელ ქისტაურში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დაემუქრა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელმა ზაქარია ქინქლაძემ განუცხადა. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14890&lang=geo

11 მაისს სტუდია „GNS“-ის ჟურნალისტს, ბელა ზაქაიძეს და ოპერატორს, ზურაბ პატარიძეს დუშეთის რაიონის გამგეობის დაცვის თანამშრომელმა შენობის გადაღების საშუალება არ მისცა. გამგეობის ეზოში მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პატარიძეს, ცდილობდა, დაეზიანებინა კამერა, ემუქრებოდა: „მოგატეხავ მაგ ხელებს, ამოგახევ მაგ თვალებს“ და აგინებდა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 6 ივნისს მას შემდეგ აღიძრა, რაც საქართველოს უშიშროების საბჭოს უწყებათშორის კომისიას აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოსთხოვეს.

თიანეთში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის მევლუდ შუშანაშვილის რვასულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. როგორც შუშანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, 15 მაისს მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მასთან სოციალური აგენტები მივიდნენ და სოციალური დახმარება მოუხსნეს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14909&lang=geo

20 მაისს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი, რომელიც პოლიციის შენობას გარე პერიმეტრიდან იღებდა, თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ, მამუკა შალამბერიძემ პოლიციის შენობაში შეათრია და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა, წაუშალა ვიდეო და ფოტო მასალა. პოლიციის თანამშრომლებმა, მთივლიშვილის რამდენჯერმე მოთხოვნის შემდეგ, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ხოლო მისი მოსვლისთანავე ჟურნალისტი პოლიციის შენობიდან გამოაგდეს. ამის შემდეგ გელა მთივლიშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში თიანეთის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას დაუდგინდა თხემის არეში დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა, რასაც ავადმყოფობის ისტორიაც (ფორმა 100) ადასტურებს. ინციდენტიდან 30-40 წუთის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მთივლიშვილი თავად შეიჭრა პოლიციის შენობაში და არ ტოვებდა მას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და „სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას 20 მაისს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელის, მამუკა ქარდავას მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის ობიექტურ, სრულ და დროულ გამოძიებას ითხოვენ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, 20 მაისს, დაახლოებით 00:45 წუთზე, როდესაც მამუკა ქარდავა სახლში საკუთარი ავტომანქანით ბრუნდებოდა, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს. მამუკა ქარდავას განცხადებით, მის შეჩერებულ ავტომანქანაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შეაღწია და მისი დახრჩობა სცადა. ქარდავამ  გაქცევის მიზნით უკუსვლა გადაწყვიტა, თუმცა თავდამსხმელმა საჭის მართვაში ხელი შეუშალა და ავტომანქანა რკინის ბოძს შეეჯახა. მისივე განცხადებით, იგი დაზიანებული ავტომანქანიდან სამმა თავდამსხმელმა ძალის გამოყენებით გადმოიყვანა და ხელკეტით სცემა. იმავე ღამეს  სხეულის მრავლობითი დაზიანებებით მამუკა ქარდავა ხობის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14912&lang=geo

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი თვლის, რომ თუკი სახელმწიფო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები მხარს ოპოზიციას უჭერენ და მათ მანიფესტაციებში მონაწილეობენ, ისინი სამსახურიდან უნდა გაუშვან. „ეს იგივეა, ხვალ თქვენ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმართულ მიტინგში რომ მიიღოთ მონაწილეობა. თუკი სახელისუფლებო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები ოპოზიციის მიტინგებზე დადიან და ხელისუფლებას ებრძვიან, მათი გათავისუფლება ბუნებრივია. საჯარო მოხელე ოპოზიციის მიტინგებზე არ დადის!“ - განუცხადა „პირველს“ წერეთელმა, რომელიც ირწმუნება, რომ „ეს ასეა ყველა ქვეყანაში“. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14939&lang=geo

სიღნაღში მცხოვრებ ამერიკელს, კომპანია „ხოხბის ცრემლების“ მეპატრონეს, ჯონ ვურდემანს ტელეკომპანია „მეცხრე არხისთვის“ ფართის მიქირავებაზე უარი ათქმევინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჯონ ვურდემანის ცოლის ძმამ შალვა მინდორაშვილმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც ფართის გაქირავების თაობაზე მომზადებული დოკუმენტები სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრის სააგენტოში წარადგინეს, ვურდემანს ტელეფონით დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ „მეცხრე არხისთვის“ ოფისის მიქირავებაზე უარი ეთქვა. „მეცხრე არხი“ ოფისს გურჯაანშიც ვერ ქირაობს. ოფისის დაქირავებაზე მესაკუთრეებთან მოლაპარაკება რამდენჯერმე შედგა, თუმცა კონტრაქტის გაფორმებამდე მათ „მეცხრე არხისთვის“ ფართის მიქირავებაზე უარი თქვეს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14938&lang=geo

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აშშ-ის ელჩს, ჯონ ბასს მოსაზრებების უფრო მკაფიოდ და დოკუმენტალურად განმარტებას სთხოვს. როგორც წიკლაურმა ჯონ ბასის ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა, პარტიების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მიუღებელია და თუ ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, ის, რა თქმა უნდა, განხილვის საგანი გახდება. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14933&lang=geo ; ჯონ ბასის ვიდეომიმართვა: http://www.youtube.com/watch?v=DxReBWAPBI0

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნელი ტერტერაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა და პედაგოგებს „გლობალ TV“-ის ანტენების დაყენება აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. ამის შესახებ სკოლის პედაგოგი საუბრობს. სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე მასწავლებლის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. ვცრლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14953&lang=geo

25 მაისს გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს, თამარ ლეფსვერიძეს და მის წარმომადგენელს, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ნათია კაპანაძეს საქართველოს კონტროლის პალატაში საჯარო პროცესზე პირადი ნივთების, მათ შორის, დიქტოფონისა და ლეპტოპის შეტანის უფლება არ მისცეს, ისინი საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ ყველა ნივთი დაცვის თანამშრომლებისთვის ჩაებარებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს სრული უფლება ჰქონდა, იმ საჯარო პროცესის აუდიოჩანაწერი გაეკეთებინა, რომელზეც მხარეს თავად წარმოადგენდა, კონტროლის პალატის თანამშრომლების - შიდაგანაწესის სამსახურის უფროსის (როგორც თავად წარმოადგინა თავი), ჯიმშერ დობორჯგინიძისა და პრესსამსახურის უფროსის, ფატი მამიაშვილის მხრიდან კატეგორიული უარი მიიღო. ამის შემდეგ კი დობორჯგინიძემ ჟურნალისტისთვის დიქტოფონის წართმევა სცადა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აუდიოჩანაწერი, აღნიშნულ კონტროლის პალატა აღნიშნულ ინციდენტს არ აღიარებს.

26 მაისს ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიციის გადაღების უფლება არ მისცა „ამერიკის ხმის“ რეპორტიორს, ხოლო აღლუმის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოგადაღების უფლება „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელმა შეუზღუდა.

თელავში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გივი ოთარაშვილი ცემეს. როგორც გივი ოთარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, 30 მაისს დაახლოებით 22:00 საათზე, სოფელ ვანთაში, ნათესავის სახლთან თავს ორი უცნობი პირი დაესხა და ბლაგვი საგნის ჩარტყმით გათიშეს. ვრცლად: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=14949&lang=geo

6 ივნისს კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ სამარშრუტო ტაქსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალები გათიშა. მძღოლებს, რომლებსაც ღამით სამარშრუტო ტაქსები ღია დაატოვებინეს, დილით რადიოები მანქანებიდან ამოგლეჯილი დახვდათ. „თბილისის მიკროავტობუსმა“ გაავრცელა განცხადება, რომ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქ თბილისში მგზავრთა გადაყვანას ახალი, ყვითელი მიკროავტობუსებით, გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება, სადაც განთავსდება სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლები. აღსანიშნავია, რომ სამარშრუტო ტაქსებში უმეტესად თავისუფალ რადიოარხებს - „პალიტრას“, „მაესტროს“, „თავისუფლებას“ და „უცნობს“ უსმენდნენ.

www.control.ge-ს ფოტო: კონტოლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ბეჟაშვილი და  კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე

ამავე თემაზე ასევე იხ.: მედიის პრობლემების ანალიზი და წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები 2011 წლის სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე

ადამიანის უფლებათა ცენტრი

მედიაზე ზეწოლის ფაქტები აღნუსხა საქართველოს მედიაკლუბმა

ახალი ამბები