კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააგენტო „ინფო 9“ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს

30 აგვისტო, 2012

საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, „ინფო 9“–ის კორესპონდენტებზე ძალადობის და დევნის ფაქტებმა სისტემატური ხასიათი მიიღო.

„2012 წლის 29 ივნისიდან ადამიანების გარკვეული ჯგუფი (ეგრედწოდებული „მედია ჯგუფი“), რომლებიც თავის თავს ჟურნალისტებს უწოდებენ, თავიანთი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ძალადობით, სისტემატურად ხელს უშლიან ეკა დუგლაძეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. ჟურნალისტს არ აძლევენ არა თუ მუშაობის, არამედ ნორმალურად გადაადგილების საშუალებასაც კი. ამა წლის 6 ივლისს ზესტაფონის რაიონის პროკურორს მივმართეთ თხოვნით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ. დღემდე განცხადება რეაგირების გარეშეა დატოვებული. სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობის შედეგად გამოჩნდნენ სხვა ჯგუფებიც, რომლებიც ჟურნალისტებს ხელს უშლიან საქმიანობის განხორციელებაში. ეკა დუგლაძეს, 2012 წლის 30 ივლისს, პირთა ჯგუფი, რომლებიც თავს „სამეგრელოს მედია ჯგუფის“ ჟურნალისტებს უწოდებს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მთელი დღის განმავლობაში არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. 2012 წლის 1 ივლისს ეკა დუგლაძე იმყოფებოდა ოპერატორ შოთა ფერაძის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც იქ მივიდნენ ე.წ. მედიაჯგუფის წარმომადგენლები და პროვოკაციული კითხვებით ცდილობდნენ ჟურნალისტის წყობიდან გამოყვანას. მიუხედავად დუგლაძის თხოვნისა, რომ იქ მისი მცირეწლოვანი შვილი იყო, ბავშვს ეშინოდა და დაეტოვებინათ ტერიტორია, მაინც არ შეწყვიტეს მისი დევნა.
 
2012 წლის 12 ივლისს, გორის რაიონში, დევნილთა კარალეთის დასახლებაში გადასაღებად მისულ ჟურნალისტ რევაზ ნადირაძეს და ოპერატორ ლექსო ალექსიძეს სასტიკად გაუსწორდნენ; ოპერატორი დაახლოებით რვა პირმა სასტიკად ცემა და წაართვეს ვიდეოკამერა. მიუხედავად ამისა, დღემდე აღნიშნული ფაქტი რეაგირების გარეშეა დატოვებული. როგორც გამომძიებელმა შერმადინ კაპანაძემ განგვიცხადა, ის არ თვლის, რომ ჟურნალისტების ცემის ფაქტი და მათთვის კამერის წართმევა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
 
2012 წლის 12 ივნისს ზესტაფონის რაიონში, ამავე რაიონის სამხედრო გაწვევის სამსახურის და სამაშველო სამსახურის უფროსებმა ვალერი თელიამ და ავთანდილ დარდაგანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სიუჟეტის მომზადების დროს სასტიკად ცემეს ჟურნალისტი როსტომ ჯუღელი და ხელი შეუშალეს გადამღებ ჯგუფს მუშაობაში. მიუხედავად ამისა, გამოძიებას დღემდე არანაირი ქმედითი ზომები არ მიუღია.
 
გორის რაიონში, ოპერატორ თორნიკე თიბილაშვილს ორჯერ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 2012 წლის 13 ივნისს სოფელ დირბის გამგებელმა ზურაბ ბოლაშვილმა და სხვა პირებმა, ძალადობით ჩაშალეს გადაღების პროცესი, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიაყენეს ოპერატორ თორნიკე თიბილაშვილს და დაუზიანეს ვიდეოკამერა.2012 წლის 9 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსახლეობასთან შეხვედრის გასაშუქებლად მისულ თორნიკე თიბილაშვილს უცნობმა პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო ფიზიკური დაზიანება.

2012 წლის 12 აგვისტოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ მდგარი მიკროავტობუსებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმის მიმართულებით გადაჰყავდა მასწავლებლები და პარტიის აქტივისტები. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ინფო9“-ის გადამღები ჯგუფი ამზადებდა რეპორტაჟს. ერთ–ერთ მიკროავტობუსში ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა რესპოდენტებს, რა დროსაც მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი აქტივისტი ზურაბ კვირკველია და ჟურნალისტს მუქარის ტონით მოუწოდა შეეწყვიტა გადაღება. ამ ყველაფერს ოპერატორი აფიქსირებდა ვიდეოკამერით, რამაც კვირკველიას აგრესია გამოიწვია, დაუყვირა ოპერატორს ნუ მიღებო, მივარდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ოპერატორმა მიიღო სხეულის დაზიანება. საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ადგილი არ ჰქონდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას და კვირკველიას მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელი.
 
2012 წლის 26 ივნისს, ქარელის რაიონის სოფელ დირბში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შესახვედრად შეკრებილ ხალხს და უცხო პირთა ჯგუფს შორის მოხდა დაპირისპირება. ვინაიდან ჩვენ ვაშუქებდით მომხდარ მოვლენებს, ხსენებულმა უცხო პირებმა აგრესია გამოხატეს გადამღები ჯგუფის მიმართ, კამერაზე ხელის დარტყმით ცდილობდნენ გადაღებაში ხელის შეშლას. ჟურნალისტ ეკა ბერუაშვილს მიუახლოვდა ერთ–ერთი მათგანი და მუშაობის შეწყვეტის მიზნით ხელი დაართყა სახის არეში, რის შემდეგაც მას ფაქტობრივად შეეზღუდა შესაძლებლობა, რათა განეხორციელებინა ჟურნალისტური საქმიანობა.
 
2012 წლის 11 ივლისს, ე.წ. „მედიაჯგუფის“ წარმომადგენლები ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ საქმიანობის განხორციელებაში. ინციდენტის აღსაკვეთად გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებსაც ვუთხარით, რომ ჩვენ არ გვაძლევდნენ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების საშუალებას და მიეღოთ შესაბამისი ზომები. პოლიციელებმა შეავსეს ოქმი, რა დროსაც ერთ–ერთ მათგანს დაურეკეს მობილურ ტელეფონზე. ტელეფონით საუბრის შემდეგ პოლიციელებმა განაცხადეს, რომ თითქოს ჩვენ უარს ვამბობდით  ოქმზე ხელის მოწერაზე. ჩვენ ვუთხარით, რომ გაეცნოთ ჩვენთვის ოქმი და მოვაწერდით ხელს. მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, მოეცათ ოქმზე ხელის მოწერის საშუალება, პატრულის თანამშრომლებმა არ მოგვცეს ამის ნება და რეაგირების გარეშე დატოვეს ტერიტორია.
 
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, ამოვწურეთ უფლებათა დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი რესურსი, მაგრამ ზემოთ მოყვანილ არცერთ ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს ქმედითი ზომები არ მიუღიათ. არცერთ ჩვენს მიერ ჩაბარებულ განცხადებაზე პასუხი არ მოგვსვლია. მათი უმოქმედობა დაუსჯელობის განცდას ბადებს თავისუფალი ჟურანალისტების წინააღმდეგ მოქმედ მოძალადე პირებში, რაც მათ ახალი დანაშაულის ჩადენის სტიმულს აძლევს. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევში მოძალადეები სახელმწიფო მოხელეები არიან.
 
ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება უძლურია დაიცვას ჩვენი უფლებები, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობენ ჟურნალისტებზე, მოგმართავთ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას თხოვნით, რათა დააფიქსიროთ თქვენი აზრი საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

მიუხედავად სამართალდამცავი ორგანოებისადმი არაერთგზის მიმართვისა, აღნიშნული ფაქტები რეაგირების გარეშეა დატოვებული. გაწვდით ინფორმაციას ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით და გთხოვთ მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება“, –აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები