კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N3

3 სექტემბერი, 2012
 
19–დან 25 აგვისტოს ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა ზეწოლის 7, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1, სააგიტაციო საქმიანობაში ხელის შეშლის 1, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის 1, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი. პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია 4 ფაქტზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ზეწოლა, ხელშეშლა, ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა

მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც პრემიერთან შეხვედრა სურდა, ძალით გაათრიეს – 19 აგვისტოს, პრემიერ – მინისტრი ვანო მერაბიშვილი დედოფლისწყაროში სამუსიკო სკოლაში, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მოქალაქეები, რომლებსაც პრემიერისთვის პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სურდათ, მერაბიშვილთან ახლოს არ მიუშვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა, რომლებიც შენობის წინ იდგნენ შეხვედრაზე არ დაუშვეს სააგენტო „ინფო 9“–ის და ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებიც. შეხვედრის დამთავრების შემდეგ, ვანო მერაბიშვილს პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამილა გურაშვილმა კითხვით მიმართა: „ბატონო ვანო, მოგვაქციეთ ყურადღება, რანაირი პრემიერ–მინისტრი ხართ“, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა შოთიკო კოჭლამაზაშვილმა მას  ხელი ჩაავლო და ძალის გამოყენებით გაათრია.


ხელშეშლა სააგიტაციო საქმიანობაში – 21 აგვისტოს, სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა ნათელა ინდაშვილმა, რომლის ოჯახის წევრებიც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ, „ქართული ოცნების“ აგიტატორებს სოფელში, გზაზე გავლის და წინასაარჩევნო აგიტაციის გაგრძელების საშუალება არ მისცა. „მოქალაქეს დავუძახეთ, პრობლემებზე უნდოდა განცხადების დაწერა. ამ დროს გამოვარდა ნათელა ინდაშვილი, ჯერ ჩვენს აგიტატორს დაუწყო ჩხუბი, მერე მე შემეხო ხელით. ვიდეო ჩავრთე და ვუღებდი, ხელი ამაფარა ვიდეოზე, მერე ხელი მკრა, ნუ მიღებ ვიდეოსო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აქტივისტმა გივი დარჩიაშვილმა. „მე ხელით არ შევხებივარ, ჩვენ გვინდა მიშა. აგიტატორს არა აქვს ვაქირში სიარულის უფლება. ჰკითხეთ ხალხს ვინ უნდათ ერთი“,  – განაცხადა ნათელა ინდაშვილმა.

სიღნაღში სააგენტო „ინფო9“-ის ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალეს – 24 აგვისტოს, სიღნაღში სააგენტო „ინფო9“-ის კორესპონდენტს თინათინ მატინოვს, რომელიც ადვოკატ თენგიზ ბეჟაშვილისგან კომენტარს იწერდა, ფსევდო „ინფო 9“-ის წარმომადგენლებმა ნათია მირიანაშვილმა და დიანა ბაგალიშვილმა მუშაობაში ხელი შეუშალეს. ფსევდო „ინფო 9“-ის წარმომადგენლები და მათთან ერთად მყოფი მამაკაცი, თინათინ მატინოვს თავისუფლად გადაადგილების საშუალებასაც არ აძლევდნენ. პროოპოზიციური სააგენტო „ინფო9“ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დაქვემდებარებაშია. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მფლობელი შპს „იგრიკაა“, რომლის მესაკუთრეც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა. სააგენტო „ინფო9“ ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივობებს და კოალიციის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტებს აშუქებს.


თვალთვალი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან – 24 აგვისტოს, „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი სოფელ იორმუღანლოს მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრას „info9.com“–ის გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა. თინა ხიდაშელი მძღოლის ვინაობით დაინტერესდა. ადგილობრივებმა ხიდაშელს უთხრეს, რომ მძღოლი პოლიციის თანამშრომელია. „არსად არ ვმუშაობ, უბრალოდ დავდივარ, ვტაქსაობ და ისე დამყავს ესენი,“ –განუცხადა მძღოლმა ხიდაშელს. „ამ სოფლის მაცხოვრებლებმა იცნეს ეს მანქანა, ეს არის პოლიციის მანქანა, რომელიც მუდმივად დადის სოფელში, ავიწროვებს, პრობლემებს უქმნის ხალხს. ამიტომ, შევეცადეთ რომ გაგვერკვია ეს ახალგაზრდა სად მუშაობს, რით არის დაკავებული. აღმოჩნდა, რომ არ აქვს არც მართვის მოწმობა, არც მანქანის პასპორტი, არც პირადობის მოწმობა. ამ სოფელში, სადაც მუდმივად პოლიცია მოძრაობს, ასე ვერ გაბედავდა სიარულს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თინა ხიდაშელის შეხვედრებს ლაგოდეხში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. ისინი შავი ფერის „მერსედესის“ მარკის მანქანით გადაადგილდებოდნენ. ხიდაშელმა მათ ჰკითხა ვინ იყვნენ, რაზედაც უპასუხეს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ. ამის შემდეგ ხიდაშელმა მათ კოალიციის წევრობის დამადასტურებელი მანდატის ჩვენება მოსთხოვა, რაც ვერ წარმოადგინეს. ხიდაშელმა მათ მართვის მოწმობის ჩვენებაც მოსთხოვა, რაზედაც ასევე უარი თქვეს და გიგლა ჭონაშვილად და გიორგი ზაალიშვილად გაეცნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, პირი, რომელიც თინა ხიდაშელს გიორგი ზაალიშვილად გაეცნო, კუდ–ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი ზურა გრძელიშვილია.
სამრეკლოში უცნობმა პირებმა „ქართული ოცნების“ წევრის სახლს და მანქანას ფოტოები გადაუღეს – 23 აგვისტოს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში მცხოვრები ნუგზარ სეხნიაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, აცხადებს, რომ მასთან სახლში სამი უცნობი პირი მივიდა, რომლებმაც მის სახლს და მანქანას ფოტოები გადაუღეს. „ბოსტანში ვიყავი, საუბარი რომ გავიგე და ამოვედი. მაგიდასთან ისხდნენ, ვითომ რაღაც ქაღალდებს ავსებდნენ. ვკითხე ვინ ხართ მეთქი და მიპასუხეს ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ვართო, სახელი არ მითხრეს. მერე მანქანას და სახლს სურათები გადაუღეს. რაში გჭირდებათ ესენი, ვინ ხართ მეთქი და ვითომ გვარი და სახელები ჩამაწერინეს, ესენი იყვნენ გიორგი ქავთარაძე, გიორგი ჟღენტი და გოგა შუმაშიკელი. ვკითხე, ყველგან თუ მიდიოდნენ და კი ყველა ოჯახში მივდივართო. დავურეკე პოლიციას და „ინფო9“–ს. როგორც კი ჟურნალისტები მოვიდნენ, გავიდნენ და წავიდნენ. არავითარი დამასტურებული საბუთი არცერთს არ ჰქონდა, ვიღაცეებმა ჩამოგვართვესო, მაგრამ მანქანის ნომრის ASI 550 ჩაწერა მოვასწარი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ნუგზარ სეხნიაშვილმა. 


„ქართული ოცნების“ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – თელავის რაიონის სოფელ სანიორეში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს შავლეგ აივაზაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „თელავიდან ჩამოვედი სოფელში. „ქართული ოცნების“ მაისური მეცვა. ამ დროს სოფელში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვასილ დავითაშვილი მოვიდა აქტივისტებთან ერთად. აქტივისტებმა რომ დაინახეს, „ქართული ოცნების“ მაისური მეცვა, გახდა მომთხოვეს, რაზედაც უარი ვუთხარი. მერე მითხრეს, ამოჭერი მაშინ ეგ წარწერები და ისე ჩაიცვიო. ამის შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, რამდენიმე აქტივისტი ერთდროულად მირტყავდა, ჭკუას ისწავლიო“, – აღნიშნა შავლეგ აივაზაშვილმა. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად შავლეგ აივაზაშვილი არ დაშავებულა. მას პოლიციისთვის არ მიუმართავს.

ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე – სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრები შალვა სინჯიაშვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, აცხადებს, რომ 21 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მას „ქართული ოცნების“ მაისური იძულებით გახადეს და სახელისუფლებო პარტიის მაისური ჩააცვეს. „სახლში ვიყავი დედაჩემთან, მოვიდა ჩვენი უბნის მდივანი თამარ მირიანაშვილი. მითხრეს, საქმე გვაქვს, წამოდიო. საბჭოსთან მიმიყვანეს. იქ ჩამომსვეს და მითხრეს, ეს რა გაცვიაო, მაიკა მაცვია მეთქი. რატომ გაცვია, გვიღალატეო? „ქართული ოცნების“ მაისური მეცვა. სიღნაღის გამგებელი მოსული არ იყო და ცოტა ხანს მალოდინეს. რომ მოვიდა, მანქანიდან ჩამოვედით, მიმიყვანეს გამგებელთან. რაშია საქმე მეთქი და ეხლა გაიგებო, წრეში მომაქციეს, „ქართული ოცნების“ მაისური გამხადეს და „ნაციონალური მოძრაობის“ მაიკა ჩამაცვეს და ქუდი დამახურეს. თან მითხრეს, შენ გადარჩიო. ვკითხე, რაზე მეთქი და ერთი ხელი არ გაქვს და იმიტომო, თორემ ხელს დაგადებდითო“, – ამბობს შალვა სინჯიაშვილი. სოფელ ანაგის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა თამარ მირიანაშვილი შალვა სინჯიაშვილის განცხადებები არ დაადასტურა.


„ქართული ოცნების“ კოორდინატორის კუთვნილ მაღაზიაში საგადასახადო ინსპექცია შევიდა – 21 აგვისტოს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში, „ქართული ოცნების“ კოორდინატორის ალექსანდრე კოჭლამაზაშვილის კუთვნილ მაღაზიაში ინვენტარიზაციის მოტივით საგადასახადო ინსპექცია შევიდა. საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები სოფელში არსებულ სხვა მაღაზიებში შესამოწმებლად არ შესულან. „მაღაზია 4 წელია გვაქვს. ყველანაირად გაფორმებულია, ყველა დოკუმენტი ხელში გვაქვს. აქამდე არანაირი ასეთი შემოწმება არ ყოფილა. ყოველი წლის ბოლოს დეკლარაციებს ვაგზავნით. ამ წელშიც გაკეთებული მაქვს დეკლარაცია, ასე რომ სახელმწიფოს წინაშე არანაირი დავალიანება არ მაქვს და უკანასკნელ თეთრამდე  გავასწორეთ თუ რაიმე იყო. ჩემი მეუღლე არის „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და მიზანმიმართულად მხოლოდ ჩვენს მაღაზიაში არიან შესამოწმებლად შემოსულები. მე თვითონ პედაგოგი ვარ. კომისიის წევრი ვარ ოპოზიციის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ამას საფუძვლად ზუსტად პოლიტიკური სარჩული უდევს“, – განაცხადა ალექსანდრე კოჭლამაზაშვილის მეუღლემ ნინო ლაზარიაშვილმა. შემოსავლების სამსახურში განმარტეს, რომ მაღაზიაში სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღწერა მიმდინარეობს. „გადასახადის გადამხდელს მუშაობის პროცესში ხელი არ შეეშლება. ჩვენ აღვწერთ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს და ვიმოქმედებთ კოდექსის შესაბამისად. არანაირი დალუქვა არ მოხდება, ცოტა პროდუქტია და საჭირო არ არის“, – განაცხადეს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ სამმართველოში.

„ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, რომ 30 დღის განმავლობაში იზოლატორში დაბანის საშუალება არ მისცეს – 22 აგვისტოს, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ნატროშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ნატროშვილს გურჯაანის გამგეობის თანამშრომლის მარინე ჩითინაშვილის შეურაცხყოფის გამო 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მან ეს სასჯელი სრულად მოიხადა. ნატროშვილი ამბობს, რომ 30 დღის განმავლობაში იზოლატორში დაბანის საშუალება არ ჰქონია. „დროებითი მოთავსების იზოლატორში არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ 30 დღის განმავლობაში აბანოს საერთოდ არ გამაკარეს და საკანში მარტო ვიყავი. საკვები მეტ–ნაკლებად შემოდიოდა, მაგრამ როგორც გარეთ მითხრეს, რომ გამოვედი, მაგდენი რამე მანდვილად არ შემოსულა“, – განაცხადა „ქართული ოცნების აქტივისტმა“ გიორგი ნატროშვილმა. პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ნატროშვილი 22 ივლისს, მას შემდეგ დააკავა, რაც საინფორმაციო საშუალებებით ვაჩნაძიანში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. სოფელ ვაჩნაძიანში „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ინციდენტი მოხდა ივანიშვილის მომხრეებსა და გურჯაანის გამგეობის თანამშრომელს მარინე ჩითინაშვილს შორის. მას შემდეგ, რაც ჩითინაშვილმა ივანიშვილს „ნაბიჭვარი“ უწოდა, „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ნატროშვილმა მას სახეში ხელი ჩაარტყა. ნატროშვილი ადმინისტრაციულ პატიმრობას თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იხდიდა.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბი სოფელ ანაგის გამგეობის შენობაში – სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ანაგის ტერიტორიული ორგანოს შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბი ფუნქციონირებს. „მიშას ხალხი ვართ და ძირს „ქართული ოცნება“, – განაცხადა ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა თამარ მირიანაშვილმა. შტაბის წარმომადგენელმა ეკა თანდაშვილმაც დაადასტურა, რომ შენობაში მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბია განთავსებული. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო შტაბისთვის ფართის დაქირავების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბოქოლიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში უარყო, რომ ანაგის ტერიტორიული ორგანოს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბია განთავსებული. „არ არსებობს, არავითარ შემთხვევაში. ტერიტორიული ორგანოს შენობაში არავითარი შტაბი არ ფუნქციონირებს“, – განაცხადა ბოქოლიშვილმა.


ლევან ბეჟაშვილი დახმარებას არიგებს – დაზუსტებული ინფორმაციით, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს სიღნაღის რაიონში იყრის. ლევან ბეჟაშვილი კახეთში პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად 25 ივლისს დაინიშა. მას შემდეგ ლევან ბეჟაშვილი შეხვედრებს სტიქიით დაზარალებულ სოფლებში მართავს და რეგიონში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით დახმარებების გაცემის პროცესს ხელმძღვანელობს. სტიქიით დაზარალებულები განცხადებებს სწორედ მის სახელზე წერენ. გარდა ამისა, ბეჟაშვილმა არაერთი შეხვედრა გამართა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან ერთად სიღნაღის რაიონის სოფლებშიც. საარჩევნო საკითხების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ლევან ბეჟაშვილი ადმინისტრაციულ რესურსებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს. მათივე თქმით, პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით ის თითქმის ყოველდღიურად ჩანს სატელევიზიო გადაცემებში, შეხვედრებს მართავს სოფლებში, პრობლემების მოგვარებას პირდება ხალხს და დავალებებს აძლევს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამასთან, კახეთის საინფორმაციო ცენტრის დაკვირვებით, ბეჟაშვილი წყვეტს ისეთ საკითხებსაც, რომელიც გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის ფუნქციებში შედის

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

დახმარებას იმ ოჯახებსაც აძლევენ, ვინც სტიქიის შედეგად არ დაზარალებულან – კახეთში, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში, წინასაარჩევნოდ მთავრობა ფულად კომპენსაციას აძლევს ყველა ოჯახს, განურჩევლად იმისა, სტიქიის შედეგად მოსავალი გაუნადგურდათ თუ არა. 19 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულები მთავრობამ სამ კატეგორიად დაყო. პრემიერ – მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სტიქიიდან ერთი კვირის შემდეგ განაცხადა, რომ პირველ კატეგორიას, ანუ ოჯახს, რომელსაც მოსავალი 100%–ით გაუნადგურდა, 1300–1500 ლარის ოდენობის კომპენსაცია უნდა მიეღო, მეორე კატეგორიას, ოჯახს რომელსაც მოსავალი 70–80%–ით გაუნადგურდა 800–900 ლარი, მესამე კატეგორიის დაზარალებულებს კი რომლებსაც სტიქიამ მოსავლის 50%–მდე გაუნადგურა, 300–500 ლარი. კომპენსაციების დარიგება 14 აგვისტოს დაიწყო. „ყველა იღებს ვისაც ჰქონდა რამე და არა ჰქონდა. იმდენი ზარალი ვნახე, 3 000 ლარის წამალი მქონდა ნაყიდი და წამალიც დავკარგე და ვენახიც ზოგს კიდევ სულ არაფერი არა ჰქონდა, მიწები გაყიდეს და იმასაც 1 500 ლარს აძლევენ და მეც, დაზარალებულსაც. ვის რა ჰქონდა, არ შეამოწმეს. ვისაც არაფერი ჰქონდა, იმან უფრო მალე გამოიტანა ფული, მე ჯერ არაფერიც არ ამიღია,“ - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ნასამხრალის მკვიდრმა ვახტანგ ურჩუხიშვილმა. „ზოგს ნაკვეთებიც გადაურჩა, ვენახიც, სიმინდიც, მაგრამ სოფელში ყველამ 1 500 ლარი აიღო,“ - აღნიშნა შალაურის მაცხოვრებელმა ეთერ ჯოხარიძემ. სოფელ ვაზისუბანში კომპენსაცია ისეთმა ოჯახებმაც აიღეს, რომლებსაც ნაკვეთი საერთოდ არ აქვთ და სტიქიის შედეგად არც მათი სახლები დაზიანებულა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის ირინე ურუშაძის განცხადებით, ზარალის არარსებობის შემთხვევაში მოსახლეობაზე დაზარალებულებისთვის განკუთვნილი კომპენსაციის გაცემა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ატარებს. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ხუცაიძე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს გამორიცხავს. მისი თქმით, 1 500 ლარიან კომპენსაციას მხოლოდ პირველი კატეგორიის დაზარალებულები იღებენ.


საარჩევნო კოდექსის დარღვევა

დარღვევა გურჯაანში – N12 გურჯაანის საოლქო – საარჩევნო კომისიამ N47 საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრად აირჩია მარიამ ხუციშვილი, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს იყო ამავე საუბნო – საარჩევნო კომისიის მდივანი და დაარღვია საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საოლქო – საარჩევნო კომისიას ეკრძალება მომდევნო არჩევნებისთვის იმ პირის კომისიის წევრად არჩევა, რომლის მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევა დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2010 წელს გურჯაანის საოლქო – საარჩევნო კომისიას სასამართლოში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ზურან დანელიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ უჩივლეს. სასამართლომ სარჩელის განხილვის შედეგად, დადასტურებულად ცნო, რომ გურჯაანის N47 საუბნო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გულიკო როსტოშვილმა და მდივანმა მარიამ ხუციშვილმა დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი, თუმცა ამ დარღვევას არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია, რის გამოც კენჭისყრის შედეგები არ გააუქმა. კომისიის წევრად მარიამ ხუციშვილის არჩევის გამო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ბექა მაისურაძემ. ცესკო–მ საჩივარი დააკმაყოფილა და ბათილად ცნო №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება (№5/2012-16.08) №47 საუბნო საარჩევნო  კომისიის წევრად მარიამ ხუციშვილის არჩევის ნაწილში. ცესკო–ს გადაწყვეტილებით, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა - გამოაცხადოს კონკურსი №47 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ფაქტები, რომლებიც რეაგირების გარეშე დარჩა

13 და 16 აგვისტოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უწყებათაშორისი კომისიის მიმართვის საფუძველზე რეაგირება მოხდინა მხოლოდ მეორე შემთხვევაზე და სოფელ ჩალაუბნის გამგებელი ვალერი ბარნაბიშვილი, რომელსაც გამგეობის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატები ჰქონდა განთავსებული, 1000 ლარით დაჯარიმდა. რეაგირების გარეშე დარჩა პირველი შემთხვევა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სოციალური სამსახურის ერთ–ერთ ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სააგიტაციო პლაკატებია გაკრული.

იორმუღანლოს ინციდენტი – საგარეჯოს პოლიციას „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის თინა ხიდაშელისთვის ამ დრომდე არ უცნობებია პასუხი, მის მიერ 17 აგვისტოს პოლიციაში შეტანილ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც სოფელ იორმუღანლოში წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევას ეხება. თინა ხიდაშელი 17 აგვისტოს შეხვედრებს სოფელ მუღანლოსა და ქეშალოს მაცხოვრებლებთან მართავდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდნენ სოფელ დუზაგრამის გამგებელი მუხტარ ისმაილოვი, სოფელ ლამბალოს გამგებელი ალახიარ აბდულაევი, სოფელ თულარის დეპუტატი საკრებულოში ვექილ ვექილოვი, სოფელ ქეშალოს გამგებლის თავთუხ კაჭიევის დისშვილი და გამგეობის თანამშრომელი, ადრე ნასამართლევი ილგარ გაჯიევი, რომელიც ვიდეოკამერის დამტვრევასაც ცდილობდა. აღნიშნული პირები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ „info.9.com“-ის წარმომადგენლის გიორგი ნანუაშვილის მიმართ, რომელიც სააგენტო „ინფო 9“-ის წარმომადგენელი ეგონათ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის მიუხედავად, პოლიციამ თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბის წევრები ქამარათ მამედოვი და ნათიკ რასულოვი დააკავა. სასამართლომ ორივე დაკავებულს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თინა ხიდაშელმა იმავე დღეს მიმართა განცხადებით საგარეჯოს პოლიციას და დუზაგრამას გამგებლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა. დეპუტატობის კანდიდატმა მიმართა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარესაც, მაგრამ რეაირება ამ დრომდე არც კომისიიდან მომხდარა.

11–დან 18 აგვისტოს ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის 3, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 1, ზეწოლის 7, თვალთვალის 1, დაკავების 2, ქონების დაზიანების 1, დაპირისპირების 5, „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატებისთვის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის 2 და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 2 ფაქტი. 

წინასაარჩევნო დაიჯესტში N2 (11–18 აგვისტო) მოცემული იყო ინფორმაცია, რომ 16–17 აგვისტოს რეგიონში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის 3 ფაქტი დაფიქსირდა. დანაშაულის ნიშნების შემცველი ვიდეომასალის გავრცელების მიუხედავად, პოლიციას გამოძიება არ დაუწყია. 19 აგვისტოს, გამოძიების დაწყების მოთხოვნით შს გურჯაანის სამმართველოს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მიმართა. პოლიციამ გამოძიება არც წერილობითი მიმართვის შემდეგ დაიწყო. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი წინასაარჩევნო დაიჯესტს 1 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათს გამოაქვეყნებს.

დაიჯესტზე პასუხისმგებელი პირი გელა მთივლიშვილი : Mtivlishvili@gmail.com ტელ: 599 34 34 77

იხილეთ წინა დაიჯესტები:


ახალი ამბები