კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N3

3 სექტემბერი, 2012
19–დან 25 აგვისტოს ჩათვლით, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა სამსახურიდან გათავისუფლების 2, წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობის 1, პოლიტიკური ნიშნით სოციალური დახმარების შეწყვეტის 2, ზეწოლის 2, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 3 ფაქტი. პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია 2 ფაქტზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეხვედრების ჩაშლას ეხება.
სამსახურიდან გათავისუფლება

ვაჟა ფშაველას სახლ – მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან მოხსნეს  21 აგვისტოს, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაჟა ფშაველას სახლ – მუზეუმის დირექტორი ლელა რაზიკაშვილი, რომელიც ვაჟა ფშაველას შთამომავალია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ლელა რაზიკაშვილი მის გათავისუფლებას 14 ივლისს, ჩარგალში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობას და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას უკავშირებს. „14 ივლისის შემდეგ უნდათ ჩემი შეცვლა, რადგან ბიძინა ივანიშვილს ვუმასპინძლე. ვერავინ ვერ იპოვეს, არცერთი მწერალი და პოეტი არ დასთანხმდათ. ბოლოს ისევ ჩემი მოგვარე იპოვეს, რომელიც მანამდე ჩვენთან ექსკურსიამძღოლად მუშაობდა და ის დანიშნეს დირექტორად. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მე ვადასტურებ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ, მაგრამ, არ ვარ არცერთი პარტიის წევრი“, – განუცხადა ლელა რაზიკაშვილმა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს. იგი ვაჟა ფშაველას სახლ – მუზეუმის დირექტორად 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისივე თქმით, აპირებს სამსახურიდან გათავისუფლების  ბრძანება სასამართლოში გაასაჩივროს. ვაჟა ფშაველას სახლ – მუზეუმის დირექტორად თამარ რაზიკაშვილი დაინიშნა. ლელა რაზიკაშვილის გათავისუფლებას მუზეუმის თანამშრომლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ხუთივე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა. 

„ლიბერთი ბანკის“ ყაზბეგის ფილიალის ბუღალტერი სამსახურიდან გაათავისუფლეს„ლიბერთი ბანკის“ ყაზბეგის ფილიალის უფროსი ბუღალტერი ნათელა მარსაგიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნათელა მარსაგიშვილს მიაჩნია, რომ სამსახური პოლიტიკური ნიშნით დაატოვებინეს, რადგან ის და მისი ოჯახის წევრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. „ლიბერთი ბანკში“ რამდენიმე წელია ვმუშაობ. არანაირი შენიშვნა არ მიმიღია. აუდიტი რომ ჩამოვიდა, მეორე დღეს, დილით რომ მივედით 9 საათზე სამსახურში, აუდიტის ხელმძღვანელი ვინც იყო მან უთხრა ბანკის მმართველს, რომ მე გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. ერთადერთი მიზეზი ის გახდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან“, – აღნიშნა ნათელა მარსაგიშვილმა. „ლიბერთი ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დოდო ბოჭორიშვილი პოლიტიკური ნიშნით ნათელა მარსაგიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფს. „პოლიტიკა არაფერ შუაშია. აუდიტის შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა პროცედურული დარღვევები, ქალბატონს ეცნობა ამის შესახებ და აღიარა კიდეც თავისი შეცდომები,“ - განაცხადა  დოდო ბოჭორიშვილმა. ცნობისათვის, „ქართული ოცნებიდან“ ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მირიან წიკლაურმა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ჯერ კიდევ 3 კვირის წინ განუცხადა, რომ „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო სამსახურში პრობლემები ჰქონდათ. იმ დროისთვის ბანკის ბუღალტერი ნათელა მარსაგიშვილი სამსახურიდან გათავისუფლებული ჯერ არ იყო. 
ხელშეშლა, ზეწოლა

წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობა ნატახტარში 23 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორმა ვანო კალომლეწავმა, შტაბის უფროსმა სოსო შერმადინმა და სახელისუფლებო პარტიის აქტივისტმა, ადრე ნასამართლევმა ნანა დემურიშვილმა დიმიტრი ხუნდაძე არაერთხელ გააფრთხილეს, ნატახტარში შეხვედრა არ გაემართა. როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ მცხეთის შტაბის უფროსმა ზურაბ კობახიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები შეხვედრის ჩაშლას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ყვირილით და მუქარით ცდილობდნენ. „ყვიროდნენ, წადით აქედანო, იმუქრებოდნენ, ხალხს ეუბნებოდნენ, იცოდეთ, თუ არ დატოვებთ შეხვედრას, ცუდი ამბები მოხდებაო. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ შეხვედრა არ შემდგარიყო, ჩვენ ვაწყნარებდით. ბოლოს სხვა ადგილას გადავედით და იქ ჩავატარეთ შეხვედრა,“ - განაცხადა ზურაბ კობახიძემ.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=w37uWwcNVTA

მჭადიჯვარში „ქართული ოცნების“ წევრებს სოციალური დახმარება მოუხსნეს  24 აგვისტოს, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარში „ქართული ოცნების“ წევრების კობა ქარჩაიძის და ვახტანგ მიღდისელის ოჯახებს სოციალური დახმარება მოუხსნეს. მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტმა ადგილზე გადაამოწმა ინფორმაცია, შეხვდა „ქართული ოცნების“ წევრებს ქარჩაიძეს და მიღდისელს. მათ განაცხადეს, რომ დახმარება პოლიტიკური ნიშნით შეუწყვიტეს, რადგან ორივე ოჯახი რამდენიმე თვის წინ იყო გადამოწმებული და დახმარების მოხსნის საფუძველი არ არსებობდა. მათივე თქმით, დახმარების შეწყვეტამდე სოფლის გამგებელმა ისინი გააფრთხილა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეზე გადასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დახმარება შეუწყდებოდათ. „3 თვის წინ გავწევრიანდი „ქართულ ოცნებაში“, მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და მშობლები. შემოსავალი არაფერი არ მაქვს, მშობლების პენსია და დახმარება მქონდა და დახმარებაც მომიხსნეს, რადგან „ქართულ ოცნებაში“ გავწევრიანდი. მანამდე სოფლის რწმუნებულმა მითხრა, დახმარებას ხომ იღებ რაღა გინდა, ჩვენს მხარეზე გადმოდიო, მაგრამ უარი ვუთხარი და მითხრა, დახმარებას რომ მოგიხსნიან მერე მე ვერაფერში ვეღარ დაგეხმარებიო,“ - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს კობა ქარჩაიძემ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯანაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის დახმარების მოხსნასთან დაკავშირებით განმარტება არ გააკეთა. მჭადიჯვრის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გოჩა სალიაშვილმა კი აღნიშნა, რომ დახმარების მოხსნით არავის დამუქრებია. 

სამჯერ დაწუნებული „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ჯარში გაიწვიეს  20 აგვისტოს, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუშეთში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მლეთის ზონის კოორდინატორი ზურა ბურდული სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. როგორც 25 წლის ზურა ბურდულმა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და სწორედ ამის გამო აქამდე ჯარში არ წაიყვანეს. „დუშეთის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსმა ბესო უნდილაშვილმა წვევამდელთა გამანაწილებელ პუნქტში პირდაპირ მოსთხოვა კომისიას, ეს უნდა გავგზავნოთო. არადა, აქამდე უკვე 3–ჯერ ვარ დაწუნებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჯარში იმიტომ მიწვევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩამომაცილონ. აქამდეც არაერთხელ ჰქონდათ კოალიციდან ჩემი ჩამოცილების მცდელობა, მაგრამ ვერ მოახერხეს“, – განუცხადა ზურა ბურდულმა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს. იმავე დღეს, ზურა ბურდული მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ტელეფონით კიდევ დაუკავშირდა და აცნობა, რომ თბილისში, წვევამდელთა გამანაწილებელ პუნქტში 15 წუთის განმავლობაში ტუალეტში ჩაკეტეს. „კარებზე ვაბრახუნებ და ვითხოვ, რომ გარეთ გამიშვან, მაგრამ ტუალეტთან მდგომი პუნქტის თანამშრომლები კარს არ აღებენ. გარეთ აღარ მიშვებენ“, – აღნიშნა ზურა ბურდულმა. მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია სიხარულიძეს დაუკავშირდა. წვევამდელთა გამანაწილებელი პუნქტი სწორედ აღნიშნული სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სატელეფონო ზარიდან 5 წუთში, ზურა ბურდული ტუალეტიდან გაუშვეს. მან გამანაწილებელი პუნქტიც დატოვა, თუმცა 21 აგვისტოს, მას კიდევ ჩააბარეს ახალი უწყება სავალდებულო გამოცხადებაზე. ბურდული გამწვევ კომისიაზე აღარ გამოცხადდა. ცნობისათის, 1 ივლისს მცხეთაში „ქართული ოცნების“ აქციაში მონაწილეობის გამო, ზურა ბურდული მეგობრებთან ერთად, აქციიდან რამდენიმე დღეში პოლიციაშიც დაიბარეს. 

„ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა აგინაკოალიცია „ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის ახალგაზრდა აქტივისტი ტარიელ ჩხუტიაშვილი აცხადებს, რომ 22 აგვისტოს, საღამოს, დაბა ჟინვალში პოლიციის თანამშრომელმა შენგელი ჯიქურაულმა უცენზურო სიტყვებით აგინა. „საღამოს 6 საათისთვის „ქართული ოცნების“ მაისური მეცვა და ქუჩაში მივდიოდი. მანქანით ჩამოიარეს ჟინვალის პოლიციის თანამშრომლებმა. რატომ გაცვია ეგ მაისურიო და ერთ–ერთმა მათგანმა, შენგელი ჯიქურაულმა უცენზურო სიტყვებით მაგინა“, – განუცხადა მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შენგელი ჯიქურაულმა. ჟინვალის პოლიციაში კომენტარი არ გააკეთეს. 

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი სოფლის გამგეობაში22 აგვისტოს მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ჭართალის ტერიტორიული ორგანოს შენობის ერთ–ერთ ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბია გახსნილი. როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შტაბის წარმომადგენელმა ირმა ნანიაშვილმა განუცხადა, გამგეობის შენობაში მისული მოქალაქეებისგან პრობლემებს იწერენ და დახმარებას პირდებიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის ლევან ნატროშვილის განცხადებით, „თუ პარტიას მიქირავებული აქვს ოთახი, ეს დარღვევა არ არის, მაგრამ თუ ოთახი უსასყიდლოდ დაუთმეს, მაშინ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაა“. მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოძიებული ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სოფელ ჭართალიში ფართის მიქირავების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმებული არა აქვს. ამ საკითხზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელებმა განმარტება არ გააკეთეს. http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=B7UAGk8qEMU

დეპუტატობის კანდიდატი დაზარალებულებს 3 ათასი ლარის დამატებას დაპირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილი ზემო მლეთაში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მთავრობის მიერ თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილ კომპენსაციაზე 3 ათასი ლარის დამატებას დაპირდა. „რამდენიმე დღის წინ იყო მოსული გამგეობის ხელმძღვანელებთან ერთად. გვითხრა, რომ მთავრობას თითო ოჯახზე 7 ათასი ლარი უკვე გამოყოფილი აქვს, 3 ათას ლარს კი მე დავამატებო. ადგილობრივ ბიუჯეტში მოვიძიეთ თანხები და დაგიმატებთო. თანხა გასაცემად უკვე მზად არის, ბანკში ანგარიშები გახსენით და თითო დაზარალებულ ოჯახს 10 ათასი ლარს ჩაგირიცხავთო. ჩვენ ამ ფულის აღებაზე უარს ვამბობთ მანამ, სანამ ნაკვეთს არ გამოგვიყოფენ სოფელ სეთურებში, რომ სახლის მშენებლობის დაწყება შევძლოთ“, – განუცხადეს მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ზემო მლეთაში მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულებმა. ზურაბ ოტიაშვილმა განმარტების გაკეთებაზე უარი განაცხადა. ცნობისათვის, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო მლეთაში 15 ოჯახი სიცოცხლისთვის მაღალი რისკის ზონაში ცხოვრობს. წვიმების დროს ლომისის მთიდან წამოსული ღვარცოფი მდინარე არაგვს კეტავს და ადიდებული წყალი მოსახლეობას სახლებში უვარდება. 
„მხარს თუ არ დაგვიჭერთ, ნურავინ ნუ მოვა ჩვენთან სათხოვნელად“ –„ნაციონალური მოძრაობის“ დუშეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზურაბ წყარუაშვილმა 23 აგვისტოს, სოფელ კობიაანთკარში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ოტიაშვილის წარდგენისას ამომრჩევლები გააფრთხილა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის შემთხვევაში ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური დახმარებებით ვეღარ ისარგებლებენ. „მე ორი კვირის წინ შევხვდი კობიაანთკარის მოსახლეობას, მე რომ იქიდან წავედი, ძალიან ბევრმა თქვა მერე ჩუმად, კარგია, რომ გვესაუბრება წყარუაშვილი, მაგრამ ჩვენ რომ იქ მივალთ, ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთ რა. თქვენ რაც გინდათ ის გააკეთეთ, მაგრამ ნუღარავინ ნუღარ მოვა ჩვენთან მერე სათხოვნელად, დღეში 15 და 20 კობიაანთკარიდან მოდის მარტო, რომ იცოდეთ, გადარიცხვაზე, გვერდში დგომაზე, დახმარებებზე და ა.შ. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ის, რომ... არც არავის ვაყვედრით რა, ჩვენ გიდგავართ გვერდში, ეს იცის სოფელმა, თუ ერთი ადამიანი მაინც მოვა და იტყვის, რომ ოტიაშვილი არ დახმარებია და მისულხართ და უკან გამოუშვიხართ, მაშინ თქვით. აი, აქ ვინც ბრძანდებით, 70%-ზე არის მიხმარებული ეს კაცი, ამიტომ თქვენ ვალდებულებიც ხართ, როგორც ქართველები, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე ერთი პატარა აგური დადოთ, რომელსაც საქართველოს განვითარება და წინსვლა ჰქვია,“ - განაცხადა წყარუაშვილმა. ზურაბ ოტიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ შაღაშვილიც. როგორც მათ მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ისინი შვებულებაში არიან და დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დასწრების უფლება აქვთ.

სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები, რაზედაც პოლიციამ რეაგირება არ მოხდინა

წინასაარჩევნო დაიჯესტში N1, რომელიც 1–დან 10 აგვისტოს პერიოდს მოიცავდა, მოცემული იყო ინფორმაცია „ქართული ოცნებიდან“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ტრიპოლსკის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის შესახებ. როგორც ცნობილია, 9 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ირაკლი ტრიპოლსკის დუშეთში, ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს. შეხვედრის ჩაშლაში მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ირმა ჯანგირაშვილი და მარინა მთიულიშვილი; სოფელ ოძისის რწმუნებულის მეუღლე, ოძისის საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო გაბრიელაშვილი; დუშეთის სკოლა – პანსიონის დირექტორი დარეჯან თომაძე; სპორტული სკოლის დირექტორი ნიკო ჯიქურაული; სოფელ მჭადიჯვრის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი მედეა არათანაშვილი; შეხვედრის ჩაშლაში ასევე მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ შაღაშვილის დედა მაგული შაღაშვილი; დუშეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შალვა ინაშვილის სიდედრი ლუდა დუდაური და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრი თინა საღირაშვილი. „წადი, წადი, წადი“... „გაუმარჯოს ზურაბ ოტიაშვილს“ – სკანდირებდნენ საჯარო მოხელეები. ირაკლი ტრიპოლსკიმ მომხდართან დაკავშირებით დუშეთის პოლიციაში საჩივარი შეიტანა, მაგრამ გამოძიება დაწყებული არ არის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, პოლიცია ვალდებული იყო გამოძიება მედიით გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზეც დაეწყო, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

წინასაარჩევნო დაიჯესტში N2, რომელიც 11–დან 18 აგვისტოს პერიოდს მოიცავდა, მოცემული იყო ინფორმაცია, რომ თიანეთის რაიონის სოფელ დულუზაურებში ბადურ ფოლადიშვილმა, რომელიც სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და სააგენტო „ინფო9“–ის ჟურნალისტები უცენზურო სიტყვებით აგინა. ფოლადიშვილი ერთ–ერთ უბანში, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს უნდა შეხვედროდა, ისეთი სისწრაფით მოძრაობდა, იყო საშიშროება, რომ მანქანა ვინმესთვის დაეჯახებინა. ბადურ ფოლადიშვილი სოფელ დულუზაურებში ორ პირთან ერთად იმყოფებოდა. მისი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ „ინფო 9“-ის კამერამ დააფიქსირა. „რას მიღებ, გინდა ჩავიხადო და განახო ეხლა მართლა? შე ნაგლო შენა, ახვარო,“ - მიმართა ფოლადიშვილმა „ინფო 9“-ის ჟურნალისტებს. დანაშაულის ნიშნების შემცველი ვიდეომასალის გავრცელების მიუხედავად თიანეთის პოლიციას მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია.

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი წინასაარჩევნო დაიჯესტს 1 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათს გამოაქვეყნებს. 
დაიჯესტზე პასუხისმგებელი პირი გელა მთივლიშვილი: Mtivlishvili@gmail.com    ტელ: 599 34 34 77

იხილეთ წინა დაიჯესტები:

ახალი ამბები