კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N 4

5 სექტემბერი, 2012

26–დან 31 აგვისტოს ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, ზეწოლის 1 და წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობის 2 ფაქტი.

ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

31 აგვისტოს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ თელავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მოსახლეობას პურის ფქვილს, ბრინჯს, ზეთს და სარეცხის ფხვნილს ურიგებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ერთ ოჯახზე დახმარების სახით 10 კილოგრამი ფქვილი, 5 კილოგრამი მაკარონი, ერთი ბოთლი ზეთი და 2 ცალი სარეცხის ფხვნილი გაიცემა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ზუროშვილმა განაცხადა, რომ დახმარებას თელავში მცხოვრები 8 ათასამდე ოჯახი მიიღებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პროდუქტებს ის ოჯახებიც იღებენ, ვინც სტიქიის შედეგად არ დაზარალებულან ან უმნიშვნელო ზიანი მიიღეს. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა, რომელიც მოსახლეობას პროდუქტებს ურიგებდა არ უპასუხა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კითხვას, რატომ არიგებდა პროდუქტებს მმართველი პარტიის საარჩევნო მაისურში ჩაცმული. კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა ცენტრალური თელავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გიგი ლიქოკელმაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის ირინე ურუშაძის განცხადებით, „რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში ჩაცმული ადამიანები არიგებენ დახმარებას, მისი დარიგება პარტიასთან ასოცირდება. პარტიის მხრიდან საჩუქრის გადაცემის შემთხვევაში, ვისი დაფინანსებულია საჩუქარი და ვისი ორგანიზებულია, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ამომრჩეველი ამას აღიქვამს როგორც პარტიისგან გადაცემულს, შესაბამისად, ამომრჩევლის მოსყიდვა ნათელია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის განმარტებით, ადამიანი, რომელიც პროდუქტს არიგებდა, სავარაუდოდ გამვლელი იყო და მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ აქვს. „მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ჩვენი აქტივისტი არავინ არ არის ჩართული ამ პროცესში, ჩვენი აქტივისტი არ ყოფილა ეს ადამიანი. მაიკით მასე ძალიან ბევრი ადამიანი დადის, მივიდა იქ და დაფიქსირდა ასეთი რაღაცა ალბათ. მე, პირადად, პირველი ვარ, ვინც ვეწინააღმდეგები ასეთ საქციელს, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა იყოს ჩართული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში და ადმინისტრაციული რესურსით თავისთვის ქულების დაწერაში. ჩემი აზრია, რომ ეს ადამიანი სავარაუდოდ იყო პიროვნება, რომელიც თვითონ იყო მისული პროდუქტის ასაღებად, ან ვინმე გამვლელი პიროვნება, რომელიც დაფიქსირდა მანდ“, – განაცხადა ბოტკოველმა.

http://www.youtube.com/watchv=9pfYtWNXBbc&feature=player_embedded

ზეწოლა, წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობა

კომისიის წევრობაზე უარი ათქმევინეს – 27 აგვისტოს, კოალიცია „ქართული ოცნების“ სოფელ ვაზისუბნის კოორდინატორმა ლინა სოლომნიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, რომ სოფელ ვაზისუბანში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს მანანა თურქიშვილს საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრობაზე უარი ათქმევინეს. „მანანა თურქიშვილი ჩვენი წევრი უნდა ყოფილიყო საუბნო საარჩევნო კომისიაში, მაგრამ საბუთები უკან გაატანინეს. მაღაზიაში ბუღალტრად მუშაობს. მაღაზიის უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები  სახლში მივიდნენ მასთან და სამსახურიდან ნათესავების გათავისუფლებით დაემუქრნენ“, - განაცხადა ლინა სოლომნიშვილმა. მანანა თურქიაშვილმა ზეწოლის ფაქტი დაადასტურა, თუმცა კონკრეტული პირების დასახელებისთან თავი შეიკავა.

შეხვედრის ჩაშლის მცდელობა თელავში – თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცენტრალური თელავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გიგი ლიქოკელმა ამომრჩევლებთან „ქართული ოცნებიდან“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა სამხარაულის შეხვედრის ჩაშლა სცადა. ლიქოკელი გელა სამხარაულს შეხვედრის ადგილზე დახვდა და ვიდრე კანდიდატი ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას გააცნობდა, კითხვებით მიმართა. „რას პირდებით ხალხს, მოდი აბა გვითხარი ერთი“, – მიმართა გიგილიქოკელმა მაჟორიტარობის კანდიდატს. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შეხვედრაზე შეკრებილ ამომრჩევლებს პრობლემებზე საუბრის საშუალებას არ აძლევდა. ამომრჩევლების უკმაყოფილების შემდეგ გიგი ლიქოკელმა შეხვედრის ადგილი დატოვა.

http://www.youtube.com/watchv=wsF66WLiK5A&feature=player_embedded

პოლიციის თანამშრომლებმა ლუკა კურტანიძე სოფელ ლელიანში არ შეუშვეს – „ქართული ოცნებიდან“ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ლელიანში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად არ შეუშვეს. „როდესაც სოფელ ლელიანს ხელმეორედ დაატყდა სტიქია, პრეზიდენტი იყო ჩამოსული და ალბათ მოისმენდა ჩემგან, რომ ის მატყუარაა და ხალხს ატყუებს და გზა ამიტომ გადამიკეტეს. გზა ჯერ სოფელ კაბალთან გადამიკეტეს და შემდეგ კაბალს რომ გავცდი, აფენთან პოლიცია აიძულეს, რომ გზა არ გამეგრძელებინა. მანქანები გზაზე მთელს პერიმეტრზე დააყენეს და არ გამატარეს. მოტივად მოიტანეს, რომ დიდი ხეები იყო წაქცეული, სინამდვილეში სტიქიას ხეები არ დაუგლეჯავს. შეხედრა წინასწარ მქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა კურტანიძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი წინასაარჩევნო დაიჯესტს 1 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათს გამოაქვეყნებს.
დაიჯესტზე პასუხისმგებელი პირი გელა მთივლიშვილი :
Mtivlishvili@gmail.com ტელ: 599 34 34 77

იხილეთ წინა დაიჯესტები:

კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N1 (1–10 აგვისტო)

კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N2 (11–18 აგვისტო)

კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N3 (19–25 აგვისტო)

ახალი ამბები