კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აუქციონზე გატანილი ქონების მეპატრონე უფლებების დაცვას სტრასბურგში აპირებს

6 სექტემბერი, 2012

ინგა გვასალია, ფოთი

საქართველოს ხელისუფლება ინვესტიციების მოზიდვაზე, ბიზნესის თავისუფლებასა და ხელშეწყობაზე  ხშირად უფრო ბევრს საუბრობს, ვიდრე ეს რეალურად ხდება. ქონების უკანონოდ წართმევის, დაყადაღების, გასხვისებისა და დასაკუთრების არაერთი ფაქტია ცნობილი. Humanrights.ge ამჯერად, კიდევ ერთ - სრულიად ახალ შემთხვევაზე გიამბობთ.

ფოთის აგრარული ბაზრის „კოლხი-21“-ის მეპატრონე ერთ-ერთი მათგანია, ვინც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპირებები დაიჯერა და რამდენიმე წლის წინ საქართველოში უცხოეთიდან ჩამოვიდა, რათა სამშობლოში ბიზნესი აეწყო. ორიოდე თვის წინ კი, ყოველგვარი ვადებისა და კანონის  დარღვევით, მისი ქონება აუქციონზე გაიტანეს და ბიზნესმენი ქონების გარეშე დატოვეს.  

„კოლხი 21“-ის დაჯარიმება

2010 წლის ერთ დღეს ფოთის აგრარულ ბაზარში საგადასახადო სამსახური შევიდა და ბაზარი 259 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზად დასახელდა ის, რომ თითქოსდა არ ხდებოდა ჩეკების საფუძველზე მოვაჭრეების იდენტიფიცირება (ხელმოწერა).

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამსართულიანი აგრარული ბაზარი „კოლხი -21“ 2005 წელს აშენდა. აქ დასაქმდა 500-მდე ადამიანი, რომელთა უმეტესობა აფხაზეთიდან დევნილია. არიან  სოციალურად დაუცველებიც. ასეთები  ბაზრის ხელმძღვანელობამ გადასახადისგან სანახევროდ გაათავისუფლა.

„კოლხი- 21“ ორ უძრავ ობიექტს წარმოადგენს, რომელთაც აქვს ცალ-ცალკე საკადასტრო კოდი, რითაც ერთმანეთისგან იმიჯნებიან.  ერთ ობიექტზე იყიდება პროდუქტი, მეორეში - ტანსაცმელი.

კორსანტიას დროებითი დუმილი

სანდო წყაროსაგან მოპოვებული ამ ინფორმაციის გადამოწმება ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბაზრის მეპატრონესთან, ნოდარ კორსანტიასთან სცადა. მას ძალიან გაუკვირდა ჩვენი ინფორმირებულობა ამ საკითხით, მაგრამ ოფიციალურ კომენტარზე ამ წინასაარჩევნოდ უარი გვითხრა -საკითხის პოლიტიზირება არ მინდაო. კერძო საუბარში კი გაკვრით ახსენა, რამდენი შრომა და თანხა დაეკარგა უსამართლოდ. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ყველა დონის სასამართლოში აპირებს გასაჩივრებას და თუ აქ არაფერი გამოუვიდა, სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.

„კოლხთან“ ერთად „გაყიდული“ მესაკუთრეები

ჩვენ ოფიციალური კომენტარისათვის „კოლხი-21“-ის ადვოკატს გიორგი ქიშმარიას დავუკავშირდით, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიის დაჯარიმების არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ არსებობდა, მაგრამ საგადასახადოს თანამშრომლებმა ბაზრის ხუთი მოვაჭრის ახსნა- განმარტების საფუძველზე მოახერხეს და ბაზარს ასეთი სოლიდური ჯარიმა დააკისრეს.

ხუთი მოვაჭრე ამბობდა, რომ არასწორად იხდიდნენ გადასახადებს. ადვოკატი ამბობს, რომ მათგან ახსნა-განმარტებები იძულებითი ფორმით მოიპოვეს, რადგან ამავე  ადამიანებმა შემდეგ უარყვეს მიცემული ჩვენებები. არასწორი დაჯარიმება კომპანიამ  გაასაჩივრა, მაგრამ, როგორც ქიშმარია გვეუბნება, არაფერი შეიცვალა, გარდა იმისა, რომ პროცესი დროში გაიწელა და უკვე დაკისრებულ ჯარიმას საურავები დაერიცხა. ამდენად, საერთო საჯარიმო თანხა ასტრონომიული სისწრაფით გაიზარდა და საბოლოოდ 800 000 ლარს გადააჭარბა.  

როგორც სარწმუნო წყარო გვიყვება, ბაზრის დამფუძნებელმა ყველა სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, მაგრამ ბაზარი სააღსრულებლო ბიურომ აუქციონზე მაინც გაიტანა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი დაირღვა კანონით გათვალისწინებული აუქციონის ვადები. ბაზრის ერთი ნაწილი პირველივე აუქციონზე „ვითიბი ბანკს“ დარჩა, მეორე ნაწილი კი, სამმილიონნახევრიანი ვალით, სახელმწიფოს გადაეცა. უნდა აღინიშნოს, რომ „კოლხი 21“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე 15-მდე სხვა კერძო მესაკუთრეც მუშაობდა, რომელთაც არანაირი ვალი არ ჰქონდათ. მათი ინტერესები სრულიად დაუცველი დარჩა. პარადოქსია, მაგრამ ეს მესაკუთრეებიც ბანკმა და სახელმწიფომ „დაისაკუთრეს“.

ადვოკატი დარღვევებზე საუბრობს

გიორგი ქიშმარია, „კოლხი 21“-ის ადვოკატი: „ამ საქმეში ძალიან ბევრი დარღვევაა. არ ვიცით, რა ფინანსური და სამართლებრივი ინტერესი იყო ამ ობიექტის მიმართ და ვინ მონაწილეობდა ამ საქმეში. ძალიან დაჩქარებულად კეთდებოდა ყველაფერი და უნდოდათ, გარკვეულ ვადებში ჩატეულიყვნენ. ყველაფერი ჰგავდა შეთქმულების თეორიას, სადაც კონკრეტული პირები ცდილობდნენ დამფუძნებლის მიერ აშენებული ობიექტის ხელში ჩაგდებას, რადგან სახელმწიფოს, წესით, მხოლოდ ჯარიმის შესაბამისი თანხის ქონება უნდა წაეღო და არა ყველაფერი.  ჩვეულებრივ, საგადასახადო აქეთ იხვეწება ხოლმე გარიგებებზე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, რატომღაც, ასე არ მოხდა. პირიქით - ჩვენ რამდენჯერაც შევთავაზეთ გარიგება, რომ თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმაზე მეტ თანხას - 350 000 ლარს  - გადავიხდიდით, იმდენჯერ უარი მივიღეთ, რაც გვაფიქრებინებს, რომ აქ ვიღაცის გარკვეული ინტერესი არსებობს. ვიღაცას ჩვენი ქონების ხელში  ჩაგდება სურდა უდანაკარგოდ, მაგრამ მათდა საუბედუროდ, ქონება იპოთეკით იყო დატვირთული ბანკებში - „ვითიბისა“ და „თიბისიში“ - სულ სამ მილიონ ნახევარ დოლარად. ნორმალურ ადამიანს უნდა გასჩენოდა ეჭვი, რომ შესყიდვის შემთხვევაში, ჩვეულებრივად გადაყვებოდა იპოთეკის უფლება. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დადგეს იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც ამ შემოთავაზებაზე თქვეს უარი, რადგან ორივე ობიექტი ერთი უკვე ბანკმა წაიღო და დაირეგისტრირა, მეორე კი სახელმწიფომ თავისი გარდამავალი ვალით. მალე, ამასაც ბანკი გაიტანს და მოითხოვს უძრავი ქონების რეალიზაციას. სახელმწიფოს კი არაფერი დარჩება“.

კურიოზი და არაპროფესიონალიზმი

„კოლხი 21“-ის ქონების აუქციონზე გატანის დროს კიდევ ერთ კურიოზულ შემთხვევას და არაკომპეტენტურობის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი. საქმე ისაა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ  2012 წლის 15 თებერვლის ბრძანებით, დააკმაყოფილა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ. როგორც ირკვევა, ამ ბრძანებაში სასამართლოს საკადასტრო კოდი შეეშალა და სხვისი ქონება გაამზადა სარეალიზაციოდ. ამას ამტკიცებს 2012 წლის 17 მაისს სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა სასამართლოს მიმართ, სადაც ითხოვს საკადასტრო კოდის  შესწორებას. აქედანაც შეიძლება დასკნა, რაოდენ ნაჩქარევად და მოუმზადებლად იკერებოდა ეს საქმე. ამის შემდეგ ფოთის სასამართლომ ზეპირი განხილვით დააკმაყოფილა შუამდგომლობა და შეასწორა შეცდომა. გიორგი ქიშმარიას განმარტებით, მათ კანონით უფლება ჰქონდათ, 12 დღის ვადაში გაესაჩივრებინათ ფოთის სასამართლოს გადაწყვეტილება და მათაც მეშვიდე დღეს გაასაჩივრეს, მაგრამ სააღსრულებო ბიურომ სულსწრაფობას ვერ სძლია და „კოლხის“ ქონება ვადების დარღვევით გაიტანა აუქციონზე.

„განჩინება ძალაში არ იყო შესული, რადგან გასაჩივრების ვადა არ იყო გასული, ისე გაიტანეს აუქციონზე „კოლხის 21“-ის ქონება. ჩვენ მივმართეთ თბილისის ეროვნულ სააღსრულებო ბიუროს აუქციონის შეჩერებაზე, რადგან სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული იყო და ქონება უკანონოდ იყო გატანილი აუქციონზე, მაგრამ ჩვენი განცხადება არ დაკმაყოფილდა“, - ამბობს გიორგი ქიშმარია.

კომენტარი... მხოლოდ ზემდგომების ნებართვით

ფოთის სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენელს, თეიმურაზ ხარზიანს humanrights.ge-მ ამ საქმეზე კომენტარისთვის მიმართა. გვაინტერესებდა, რვაასიათასლარიანი საჯარიმო თანხის ამოღების ნაცვლად, რატომ  „აკიდეს“ სახელმწიფოს ობიექტი, რომელსაც 3,5 მლნ დოლარიანი კრედიტი გააჩნია? მას ძალიან გაუკვირდა ჩვენი სტუმრობის მიზანი. გვკითხა, საიდან ვიცოდით „კოლხი 21 “-ის გასხვისების შესახებ, კომენტარის ჩაწერაზე უარი მოგვახსენა და ორიოდე სიტყვით „აგვიხსნა“, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა. იქვე კაბინეტში მყოფმა თანამშრომელმა ქალბატონმა ხარზიანს მიმართა: „ამ კომენტარის შესახებ  ზემდგომებმა იციან?“ ამ „შეხსენების“ შემდეგ ხარზიანს სიტყვა ვეღარ დავაცდენინეთ.

სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროს გოჩა კანკავასაც გაუკვირდა ჩვენი მისვლა ამ თემით და როგორც გვითხრა, საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას ამ თემის შესახებ.

სტრასბურგის სასამართლო - ბოლო იმედი

„კოლხი 21“-ის ადმინისტრაციას ქონება კი ჩამოართვეს და მიმდინარე წლის 6 ივნისს აუქციონზეც გაიტანეს, მაგრამ კომპანიაში ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ. ამდენად, „კოლხი 21“ ჯერჯერობით ისევ ბაზრის მმართველად რჩება. ჩვენი წყაროსავე ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს ვეღარ გაურკვევია, რა მოუხერხოს „კოლხი 21“-ის ქონებას.           

ბაზრის ადმინისტრაცია განკარგულების ბათილად ცნობას და აუქციონის შედეგების გაბათილებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს.

ახალი ამბები