კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ლობისტურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით

7 სექტემბერი, 2012

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანია მხოლოდ საქართველოს საზღვრებში არ მიმდინარეობს. უკანასკნელ თვეებში, ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური ფირმები დაიქირავეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება მიიჩნევენ, რომ უცხოელი ლობისტების როლი და მათი საქმიანობის შესაძლო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე უფრო ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი უნდა გახდეს.

როგორც ინტერნეტ-საიტ Civil.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, საქართველოს მთავრობა სულ მცირე 1,83 მლნ. აშშ დოლარს უხდის ვაშინგტონში მოქმედ ლობისტებს (the Podesta Group, Orion Strategies LLC, Prime Policy Group, Gephardt Group Government Affairs, LynxDC), ასევე კონსულტანტ გრეგორი ა. მანიატისს. მათ მიერ გასაწევი მომსახურება მოიცავს სტრატეგიულ რჩევებს, მხარდაჭერას კომუნიკაციის სფეროში, ლობისტურ საქმიანობას და „სამთავრობო ურთიერთობებთან დაკავშირებულ მომსახურებას“ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს ინტეგრაცია ნატო-სა და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში, და „დემოკრატიის საკითხები“, ასევე „დახმარებას წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით“.

ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ამჟამად თვეში 300 000 აშშ დოლარზე მეტს უხედის ოთხ ლობისტურ ფირმას (Parry and Roman Associates Inc, Patton Boggs LLP, Downey McGarth Group Inc, National Strategies LLC).გასაჯაროებული კონტრაქტების თანახმად, დაქირავებული კომპანიების მოვალეობები მოიცავს აშშ-ის კონგრესისა და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წევრთა ლობირებას, მედიის მონიტორინგსა და ინფორმაციის მოძიებას, მედიასთან ურთიერთობებს და ციფრული საშუალებებით კამპანიის წარმოებას, მათ შორის ვიდეორგოლებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადებასა და აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში “მხარდამჭერთა ქსელის” შექმნას სოციალური მედიისა და ვებ-გვერდის (http://www.democracyingeorgia.org/) საშუალებით.

„უცხო ქვეყნის წარმომადგენლის რეგისტრაციის აქტის“ თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტები უნდა დარეგისტრირდეს აშშ იუსტიციის დეპარტამენტში. ეს კონტრაქტები ქვეყნდება ვებ-გვერდზე. ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის ლობისტები ასევე მოქმედებენ ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში, თუმცა ამ საქმიანობის დეტალები ბურუსით არის მოცული, რადგანაც ევროკავშირში რეგისტრაციის მკაცრი მოთხოვნები არ მოქმედებს.

ვფიქრობთ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ბიძინა ივანიშვილმა, საჯარო უნდა გახადონ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ყველა ხელშეკრულება და გამოაქვეყნონ დამატებითი ინფორმაცია დაქირავებული ლობისტების საქმიანობის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ აღნიშნული კონტრაქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა არ ეწინააღმდეგება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აგრეთვე, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა დაუშვან, რომ აღნიშნულმა საქმიანობამ გადაჭარბებული გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება

წყარო: www.gyla.ge 

ახალი ამბები