კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო აუდიტი ათლარიანი შეწირულობით დაინტერესდა

10 სექტემბერი, 2012

ინგა გვასალია, ფოთი

მმართველ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ უპოვარი ადამიანებიც კი რამდენიმე ათეულათასობით ლარს სწირავენ და ამაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყურსაც არ იბერტყავს. სამაგიეროდ, სხვა პარტიების შემოწირულობებს გამადიდებელი შუშით აკვირდება და სანქციებსაც მაშინვე მიმართავს.

განსაკუთრებული სიმძაფრით სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველებს ებრძვის და მათი ქონების დაყადაღება და გაყიდვა უკვე წესად ექცა. ქონებას უყადაღებენ არა მხოლოდ დიდი თანხის, არამედ მცირედის შემომწირველ მოქალაქეებსაც. ასე დაემართა ფოთში „ქართული ოცნების“ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბესო ჯოჯუას.

ბესო ჯოჯუამ საკაბელო ტელევიზიაში შეუკვეთა მორბენალი სტრიქონი, რომლითაც ფოთელებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ეკა ბესელიას წარდგენის დროსა და ადგილს აცნობდა. მან ამ რეკლამაში ათი ლარი გადაიხადა, რამაც აუდიტის სამსახურის მიერ მისი პერსონით დაინტერესება გამოიწვია და თანხის წარმომავლობის გასარკვევად ჯოჯუა მოწმის სახით დაიბარეს.

ბესო ჯოჯუა აუდიტის სამსახურში 27 აგვისტოს უნდა გამოცხდებულიყო, მაგრამ როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას განაცხადა, ეს ვერ მოახერხა იმ უბრალო მიზეზით, რომ ამ დღეს, როგორც მთელ საქართველოში, ფოთშიც საარჩევნო უბნების დაკომპლექტება მიმდინარეობდა. მისი უბანზე ყოფნა კი აუცილებელი გახლდათ. ამის შესახებ მან აუდიტის სამსახურს ვადის გადავადების მოთხოვნით ოფიციალური წერილით აცნობა.

„აუდიტის სამსახურის დაინტერესება ჩემი ათი ლარის წარმომავლობით, მსუბუქად რომ ვთქვათ, სასაცილოა. ვფიქრობ, ასეთი ქმედებებით ხელისუფლება და მისი დაქვემდებარებული სამსახურები ადამიანებში შიშის დანერგვას ცდილობენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართველები არც ისე მშიშრები არიან და ეს 1 ოქტომბერს აუცილებლად გამოჩნდება. მე კი შეტყობინებისთანავე აუდიტის სამსახურში აუცილებლად მივალ ადვოკატთან ერთად და ათი ლარის წარმომავლობასაც დავამტკიცებ. ნებისმიერ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში თანხების სასურველი პარტიისა და კანდიდატისთვის შეწირვა მიღებული და დაშვებულია. მმართველი პარტიისათვის შეწირული არაადეკვატური თანხებით არ დაინტერესებულა სახელმწიფო აუდიტი და ჩემი ათი ლარი რა გახდა ასეთი, საინტერესოა?!“ 

ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის იურიდიული სამსახურის უფროსი ლილი გელაშვილი ამბობს, რომ ჯოჯუას ათი ლარით დაინტერესება უკვე ცინიზმია და მეტი არაფერი: „რატომ მიაჩნიათ და საიდან წამოვიდა ასეთი დამოკიდებულება, რომ ფოთში შეუძლებლია, ათი ლარის შემოსავალი არ ჰქონდეს ადამიანს? ნუთუ მიაჩნიათ, რომ ყველა გაღატაკებული უნდა იყოს?! ათ ლარზე როგორ უნდა დაიბარო ადამიანი და გაგიჩნდეს კითხვა - ჰქონდა თუ არა მას ისეთი შემოსავალი, რომ ათი ლარი შეეწირა „ქართული ოცნებისათვის“? ამას ვეკითხები ხელისუფლებას“.

ლილი გელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩეველს ხელს მაინც ვერ შეუშლიან ნების გამოხატვაში: „ხელისუფლებას მსგავსი ქმედებებით სურს, დააშინოს ისინი, ვისაც ჯერ კიდევ საბოლოო გადაწყვეტილება არა აქვს მიღებული. ამით მათ ეუბნებიან – არ გაბედო!.. მე მაქვს ძალა, თუნდაც უკანონობით აღჭურვილი, მაგრამ მე გაგიკეთებ ამას - ჩაგსვამ ციხეში, ვერ გაიმართლებ თავს, როგორი უდანაშაულოც უნდა იყო!.. წაგართმევ ბიზნესს, დაგიყადაღებ ქონებას და ასე შემდეგ... ეს არის ტერორი, დაშინება და სახელმწიფო რეკეტი ჩვენი მოქალაქეების მიმართ“.  

ახალი ამბები