კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ ქუთაისის ცენტრი ჩამოყვანილი ხალხის ხარჯზე „გააწითლა“

10 სექტემბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საგანგებოდ შემოღობილი ტერიტორია ქალაქის ცენტრში, უფასოდ დარიგებული საწვავი და წითელი ხუთიანები საქალაქო ტრანსპორტზე; რაიონებიდან იძულებით ჩამოყვანილი ხალხი, პედაგოგთა „დიდი არმია“ და დასწრება მხოლოდ საშვის მქონეთათვის  - ამ რეალობით შეხვდა ქუთაისი 8 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობას.

სახელისუფლებო პარტიის ყრილობისთვის მზადება ქუთაისში ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს დაიწყო. ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსებმა, რაიონებსა და სოფლებში კი - გამგებლებმა მომავალი პარტიული ყრილობისთვის სრული მზადყოფნა გამოაცხადეს. სანაცვლოდ, როგორც ამბობენ,  გარანტირებული სამუშაო ადგილები და სხვა არაერთი სიურპრიზიც მიიღეს.

„ქუთაისს არ ახსოვს ერთად შეკრებილი ამდენი ხალხი. „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი, ამდენი ადამიანი ერთად არ შეკრებილა. აქ, ამ ისტორიული ქალაქის ცენტრში თავმოყრილი ქუთაისელების სიმრავლე მოწმობს, რომ ჩვენ მიზანს მივაღწევთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ყრილობაზე.

რეალურად კი, წითელი ხუთიანებითა და წითელი მაისურებიანი აქტივით გადავსებული ქუთაისის ცენტრალური მოედანი  ყოჩაღი გამგებლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომელთა დამსახურება იყო. თუმცა, ზოგიერთი საორგანიზაციო საკითხი ვერ მოგვარდა, რამაც დიდი უხერხულობა შეიქმნა.

„ნაციონალების“ წინასაარჩევნო ყრილობაზე მხოლოდ საშვის მქონენი დაუშვეს. დანარჩენები კი უკმაყოფილებას სხვადასხვა ფორმით გამოხატავდნენ (ზოგიერთი ჩხუბზეც კი გადავიდა). უშედეგო ლოდინის შემდეგ უმრავლესობამ (ვინც ახლო რაიონებიდან და სოფლებიდან იყო ჩამოყვანილი) ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვა.

„რაღას ჩამოგვიყვანეს, თუ არ გვიშვებდნენ. ამ გაგანია შემოდგომაზე ჩვენ-ჩვენ კარმიდამოში საქმეს მოგვწყვიტეს და დილიდან გზას გამოგვიყენეს. ჯერ მანამდე, მთელი ორი კვირა გვიჩიჩინებდნენ, რომ დასწრება აუცილებელი იყო. ახლა კი მასხრად აგვიგდეს და ამდენი ლოდინის შემდეგ ისღა დაგვრჩენია, უკან დავბრუნდეთ. თვითონ კოორდინატორები გვეუბნებიან, რომ საშვებზე არაფერი იცოდნენ და გვპირდებიან, რომ გაარკვევენ... მაგრამ უკვე საათზე მეტია, ვდგავართ. როგორც ჩანს, არც არაფერი გაირკვევა“, - ამბობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩამოყვანილი პედაგოგები. 

„ჯერ საშვები მოგვთხოვეს, მერე პირადობის მოწმობები. გვითხრეს, რომ თუ საშვი არ გვაქვს, პირადობის მოწმობა მაინც წარმოვადგინოთ. რაც არჩევნებზე დაიწყო საუბარი, მის შემდეგ ჩვენს პირადობებს ამოწმებენ და პირად მონაცემებს იწერენ. ნეტავ, რაღა დარჩათ შეუმოწმებელი და ჩასაწერი. ჩვენი თუ არ რცხვენიათ, ეს ასაკიანი ხალხი მაინც მოირიდონ, ამხელა გზაზე ტყუილა რომ ჩამოიყვანეს“, - უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ხონის მუნიციპალიტეტის მკვიდრნიც.

როგორც გაირკვა, „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის პატივი მხოლოდ საშვისა და პირადობის მოწმობის მქონეთ ხვდათ წილად. დანარჩენები „სანახაობას“ ამაოდ ელოდნენ.  გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის აქტივისტთა ნაწილი საშვებით კოორდინატორებმა და მიკროკოორდინატორებმა უზრუნველყვეს. ნაწილს კი, წინასაარჩევნო ყრილობაზე დასწრებისთვის საჭირო „დოკუმენტი“ საჯარო სამსახურებში დაურიგდა.

რაც  შეეხება აქტივს, „ნაციონალებმა“ იგი წინასაარჩევნო ყრილობისთვის  ძირითადად იმერეთის რაიონებიდან შეავსო. humanrights.ge-ს ინფორმაციით, პროცესს ქუთაისის მერიის სამსახურების უფროსები ხელმძღვანელობდნენ. საგანგებო რეჟიმზე იყვნენ გადასული  პარტიის საარჩევნო შტაბები, სადაც დროშებს, მაისურებსა და ქუდებს გულუხვად არიგებდნენ.

საცობები იყო ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც მძღოლებს რიგში უწევდათ ყოფნა საქალაქო ტრანსპორტის, კერძოდ კი, საქალაქო ავტობუსების სიმრავლის გამო. სწორედ ამ ავტობუსებით ჩამოიყვანეს სოფლებიდან ახალგაზრდები, გამგეობების თანამშრომლები და მასწავლებლები. კოორდინატორები საცხოვრებელ კორპუსებთან კრებდნენ ხალხს, რომლებიც, ასევე, საქალაქო ავტობუსებით და მიკროავტობუსებით გადაყავდათ ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ.

მოკლედ, 8 სექტემბრის ყრილობამ ქუთაისში, ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე, საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. მაჟორიტარობის კანდიდატად  ქუთაისის ყოფილი მერი,  „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მეხუთე ნომერი გიორგი თევდორაძე ოფიციალურად წარადგინეს. კმაყოფილი ჩანდნენ ადგილობრივი „ნაციონალებიც“, რომ არაფერი ითქვას თავად საქართველოს პრეზიდენტზე, რომელმაც კმაყოფილება აშკარად ვერ დაფარა: „გინდათ, ზემოდან გადაუღეთ, გინდათ ქვემოდან. ნახეთ, რამდენი ხალხია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“

ახალი ამბები