კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური რეკლამა გასართობ შოუებსა და პოლიტიკურ თოქ-შოუებში

21 სექტემბერი, 2012

ნინო ცაგარეიშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრი ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტის ფარგლებში აკვირდება. ფარულ პოლიტიკურ რეკლამას ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები ასევე აკვირდებიან გასართობ შოუებსა და არაპოლიტიკურ პროგრამებში. პოლიტიკური პროგრამების შემთხვევაში, მონიტორები აკვირდებიან წამყვანების მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისადმი გამოვლენილ მხარდაჭერას ან საწინააღმდეგო მოწოდებას. მონიტორინგი არ მოიცავს ახალ ამბებსა და სხვა ნიუს-პროგრამებს.

ფარული რეკლამის ნიშნები გამოიკვეთა 22 ივნისს „რუსთავი 2“-ზე გასულ „ვანოს შოუს“ მონოლოგში. მართალია, „ვანოს შოუ“ იუმორისტულ გადაცემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, წამყვანის ხუმრობების სიხშირე და ხასიათი სცდება იუმორისტულ მიზანს და შეიცავს ფარული რეკლამის ნიშნებს. წამყვანი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში წარმოადგენს კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ თბილად და უშუალოდ ესაუბრება პრეზიდენტი მოსახლეობას. მოიხსენიებს მას როგორც „სიტყვის კაცს“ და მიმართავს ხაშურის მოსახლეობას ფრაზით - „ხომ გაგიყვანათ ხაშურში გაზი?!“ ეს მაშინ, როცა ოპოზიციონერ კანდიდატზე, ბიძინა ივანიშვილზე უარყოფითი ტონით ხუმრობს და მის გეგმებს დასცინის („გურიის აქციაზე გამომსვლელები კურიოზებს ჰყვებოდნენ გურულებზე, ბოლოს კი გამოვიდა ბიძინა და გაშალა ფურცელი, რომელზეც ქართული ოცნების მომავალი გეგმები ეწერა და გააგრძელა კურიოზების მოყოლა“).

ამავე მონოლოგში წამყვანი ხუმრობით ამბობს, რომ პრეზიდენტმა მოსახლეობას სთხოვა #5 - ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი შემოეხაზათ არჩევნებზე. ამის შემდეგ იგი ხუმრობს, რომ პრეზიდენტმა და მან ერთად იმგზავრეს და ორჯერ უსვამს ხაზს, რომ მგზავრობამ ხუთი საათი გასტანა. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს რომ აღნიშნული ციფრის ხაზგასმა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომრის რეკლამირებას ემსახურება.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1999 წელს მიღებული რეკომენდაციები ყურადღებას ამახვილებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გასართობ პროგრამებს, რათა მათ არ მიანიჭონ უსამართლო უპირატესობა კონკრეტულ პარტიასა თუ კანდიდატს და ზეგავლენა არ მოახდინონ ამომრჩეველზე. მართალია, „ვანოს შოუს“ ზემოაღნიშნული მონოლოგი ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდამდე გავიდა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ფარული რეკლამის აღსაკვეთად საქართველოში რეგულაციებიარ მოქმედებს არც საკანონმდებლო და თვითრეგულირების დონეზე, მსგავსი შემთხვევებისგან დაცვის მექანიზმი არც წინასაარჩევნო პერიოდში არ არსებობს.

კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისადმი ღია მხარდაჭერა გამოვლინდა 9 აგვისტოს „კავკასიის“ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“, როდესაც წამყვანმა დავით აქუბარდიამ, რომელსაც სტუმრად ჰყავდა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე, პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, ხმა მიეცათ „მწვანეთა პარტიისათვის“, რომელიც 39-ე ნომრით იღებდა არჩევნებში მონაწილეობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე თოქ-შოუ „კონსილიუმი,“ რომელიც TV9-ზე გადის. გადაცემებში ხშირად აჩვენებენ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს და შემდეგ პროგრამის მანძილზე სტუმრები და წამყვანი ამ გამოსვლას აკრიტიკებენ.  გადაცემის ავტორი არ ერიდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და პრეზიდენტს („ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს) მოიხსენიებს ირონიულად ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა „მამა-მარჩენალი“ და სხვ.
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვას მაუწყებლებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი ავალდებულებს.

სამართლიანი, მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქებისაკენ მოუწოდებს საჯარო და კერძო მაუწყებლებს დისკუსიებში, ინტერვიუებსა და დებატებში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებიც.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიამონიტორინგს ახორციელებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).


ამ ბლოგის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები