კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N5

21 სექტემბერი, 2012

1–დან 8 სექტემბრის ჩათვლით, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა სამსახურიდან გათავისუფლების 1, ზეწოლის 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის 3 და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 1 ფაქტი.

სამსახურიდან გათავისუფლება

საარჩევნო კომისიის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს – „ქართული ოცნებიდან“ დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის N25 საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრი ლედი ნათაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნათაძე ოძისის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. „სკოლის პედაგოგებთან ხელშეკრულებები სექტემბერში უნდა გაგრძელებულიყო. მე უკვე გამომიცხადეს, რომ ჩემთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებენ. სამსახურიდან მარტო მე გამათავისუფლეს. ყველა დანარჩენ მასწავლებელთან ხელშეკრულება ისევ გრძელდება. სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება ჩემს პოლიტიკურ პოზიციას უკავშირდება. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 26 აგვისტოს ოძისის N25 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარმადგინა. ალბათ, ამიტომ გამათავისუფლეს. სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? გამოცდილი პედაგოგი ვარ, სკოლაში მუშაობის 40–წლიანი სტაჟი მაქვს, საყვედური და შენიშვნა არასოდეს მიმიღია. მართალია, 69 წლის ვარ, მაგრამ სკოლაში ჩემზე უფრო ასაკოვანი მასწავლებლებიც არიან და ისინი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ“, – განუცხადა ლედი ნათაძემ მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს. „ჯერჯერობით, არცერთ მასწავლებელთან ახალი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. არ ვიცი, რა იქნება. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ  მე და ლედი ნათაძე ან ერთდროულად დავრჩებით სკოლაში სამუშაოდ, ან სამსახურიდან ერთდროულად წავალთ,“ – განმარტა ოძისის საჯარო სკოლის დირექტორმა როენა კვიციანმა.

ზეწოლა, ხელშეშლა

პედაგოგს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ – დუშეთის რაიონის სოფელ არღუნის საჯარო სკოლის მასწავლებელს იზო ხუციშვილს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის გამო სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. „12 აგვისტოს სოფელში „ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის ხელმძღვანელი თედო კარიაული და კოალიციის სხვა ლიდერები ამოვიდნენ. თანასოფლელებთან ერთად შეხვედრაზე მეც მივედი. იმ შეხვედრაზე ბევრი ხალხი მოვიდა. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც იყვნენ. საუბარს მოჰყვა და თედო კარიაულმა თქვა, მასწავლებლებს კომუნისტების დროს ახლანდელთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდათ, თქვენს შორის თუ არის ვინმე პედაგოგი, ალბათ, დამეთანხმებაო. იმას, რაც იმ შეხვედრაზე ვთქვი, ახლაც გავიმეორებ: ვთქვი, რომ დღევანდელზე ბევრად მაღალი ხელფასი არც კომუნისტების დროს გვქონდა, მაგრამ გვქონდა სხვადასხვა შეღავათები: ხელფასთან ერთად შეშის შესაძენად თვეში 50 ლარს გვაძლევდნენ და თუ ვინმე ქირით ცხოვრობდა, მას ქირის ფულსაც უმატებდნენ. ამ შეხვედრიდან მეორე დღეს არღუნის სკოლის დირექტორი ნანა მჭედლიშვილი ჩემთან სახლში მოვიდა და მკითხა, გუშინ სად იყავი, დუშეთის გამგეობიდან დამირეკეს და მითხრეს, შენი მასწავლებელი გააფრთხილე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრებს მოეშვას, აგიტაციას თავი დაანებოს და გაჩუმდეს, თორემ შეიძლება სამსახურის გარეშე დარჩესო. არანაირი აგიტაცია არ გამიწევია. რაც იქ ვთქვი, თქვენც მოგახსენეთ. ასეა მთელი სოფელი დაშინებული. ფაქტობრივად, ხმის ამოღების უფლება არა გვაქვს. რამდენიმე დღის წინ ფოსტალიონმა მითხრა, დუშეთის გამგეობაში, ზურაბ ოტიაშვილთან ვარ დაბარებული. შენზეც მკითხეს, ვინ არის, ვის უჭერს მხარსო. (ზურაბ ოტიაშვილი ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ დუშეთის საარჩევო შტაბის უფროსია). 47 წელია სკოლაში ვმუშაობ. დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. მართალია, სკოლაში უკვე გამოვცხადდით, მაგრამ ახალი ხელშეკრულებები ჯერ არ არის გაფორმებული“, – განაცხადა იზო ხუციშვილმა.

ყაზბეგში 2 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა – 3 სექტემბერს მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტეფანწმინდის N1 და სტეფანწმინდის რაიონის სოფელ ახალციხის N4 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა, გივი ხუციშვილმა და ნონა გუჯარაიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადეს. უარის თქმის მიზეზად მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელეს. „სტეფანწმინდის N 1 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამირთულდა. გამოკვლევაზე უნდა წავიდე. ყოველდღიურად ჩემი კომისიაში ყოფნა და დატვირთვა შეიძლება არ ყოფილიყო  კარგი. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კომისიის თავმჯდომარეობიდან გადავმდგარიყავი,“ – განაცხადა გივი ხუციშვილმა. კომისიის თავმჯდომარეობაზე უარის თქმის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა ახალციხის N4  საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნონა გუჯარაიძემაც. გივი ხუციშვილი და ნონა გუჯარაიძე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებად 26 აგვისტოს აირჩიეს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებად არჩევის დროს არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ მათ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა ჰქონდათ. მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარეებმა ხელისუფლებისგან მიღებული დავალებების შესრულებაზე უარი თქვეს და კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ამიტომ დატოვეს.

სტეფანწმინდაში „ქართული ოცნების“ პლაკატები გადაღებეს – 5 სექტემბერს სტეფანწმინდაში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა „ქართული ოცნების“ პლაკატები გადაღებეს. ამის შესახებ მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ სტეფანწმინდის შტაბის უფროსმა შალვა ელოშვილმა განუცხადა. „დაბა სტეფანწმინდაში „ქართული ოცნების“ ყველა ის პლაკატი, რომელიც თვალსაჩინო ადგილზე იყო გამოკრული, თეთრად გადაღებეს. უშუალოდ ჩვენ ამ ფაქტს არ შევსწრებივართ, მაგრამ ვიცით, რომ პლაკატები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გადაღებეს,“ – აღნიშნა ელოშვილმა. „პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატები გაკრული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოყოფილ ადგილებში. კანონით, საარჩევნო პლაკატების დაზიანება დაუშვებელია. ეს არის სარჩევნო კანონის 46–ე მუხლის დარღვევა,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ სტეფანწმინდის შტაბის იურისტმა მანანა მარსაგიშვილმა. მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სამმა თვითმხილველმა დაუდასტურა, რომ „ქართული ოცნების“ პლაკატები ნამდვილად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გადაღებეს. სტეფანწმინდის დასუფთავების სამსახურის უფროსმა ელგუჯა ალიბეგაშვილმა განმარტება არ გააკეთა.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=VYPuVZKIjwk

წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობა – თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა, „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს.  შეხვედრაზე სახელისუფლებო პარტიის აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებით მივიდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ალიკა ფიცხელაურიც, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილს არ აძლევდა საშუალებას, ამომრჩევლებისთვის საარჩევნო პროგრამა გაეცნო. „დაჩის ზღაპრების პირველი ტომი დაამთავრა. რას ჰქვია გავჩერდე, შენ ვინა გკითხავს. მე არავის ნერვებს არ ვუშლი. შენა გკითხო მე სად მოვიდე და წავიდე? საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს. მე არც ვჩხუბობ და არც არავის ზედმეტ სიტყვას არ ვაკადრებ“, – მიმართა ალიკა ფიცხელაურმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. „უკვე კადრულობთ აქ ისეთი სიტუაცია შექმენით. მოგვეცი საშუალება, რომ მოვუსმინოთ მაჟორიტარობის კანდიდატს. შენს რეპლიკებს ვუსმინოთ?“, – აღნიშნეს ამომრჩევლებმა. ცნობისათვის, სამართალდამცავი ორგანოები ამ დრომდე არ დაინტერესებულან აგტვისტოში, თიანეთის რაიონის სოფელ დულუზაურებში მომხდარი ხულიგნობის ფაქტით. ბადურ ფოლადიშვილმა, რომელიც სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და სააგენტო „ინფო9“–ის ჟურნალისტები უცენზურო სიტყვებით აგინა. ფოლადიშვილი ერთ–ერთ უბანში, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს უნდა შეხვედროდა, ისეთი სისწრაფით მოძრაობდა, იყო საშიშროება, რომ მანქანა ვინმესთვის დაეჯახებინა. ბადურ ფოლადიშვილი სოფელ დულუზაურებში ორ პირთან ერთად იმყოფებოდა. მისი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ „ინფო 9“-ის კამერამ დააფიქსირა. „რას მიღებ, გინდა ჩავიხადო და განახო ეხლა მართლა? შე ნაგლო შენა, ახვარო,“ - მიმართა ფოლადიშვილმა „ინფო 9“-ის ჟურნალისტებს.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=goa7qeRqDb4

„ქართული ოცნების“ აქტივისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს – 7 სექტემბერს, ინციდენტი მოხდა დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში. სოფლის ცენტრში შეკრებილ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს წითელი ფერის „ჯიპში“ მყოფმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მანქანა, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტის გამგებელს ნუგზარ ლაფანაშვილს ეკუთვნის. „ჩვენი აქტივისტები ბულაჩაურის ცენტრში, მაღაზიის წინ იდგნენ. იმის გამო, რომ  „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ, ელდარ იარაჯულს და ლადო ზურაბაშვილს წითელი ფერის ავტომობილში მსხდომმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მანქანაში მსხდომი ახალგაზრდები ამოიცნეს. სამივე მათგანი ჭოპორტში ცხოვრობს. წითელი ფერის მანქანა კი, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტის გამგებელს ნუგზარ ლაფანაშვილს ეკუთვნის“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა ნინო ხარანაულმა. მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ნუგზარ ლაფანაშვილმა ბრალდება უარყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსმა „ინფო 9“–ის ოპერატორს დაარტყა  – ყაზბეგში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსმა გურამ ჯამარჯაშვილმა, სააგენტო „ინფო9“–ის ოპერატორს ავთო სუჯაშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაარტყა. „ინფო9“–ის ოპერატორი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 სექტემბერს, მცხეთაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრიობაზე ხალხის გაგზავნას იღებდა. „რატომ უშლი ხალხს ნერვებს“, – მიმართა „ინფო9“–ის ოპერატორს გურამ ჯამარჯაშვილმა და ოპერატორს სახეში დაარტყა. გურამ ჯამარჯაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტი, რაზედაც პოლიციამ რეაგირება არ მოხდინა

საია ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტის გამოძიებას ითხოვს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი. „ამა წლის 27 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებით. მედიასაშუალებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში, ამა წლის 25 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“. აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურაბ ოტიაშვილი ადგილობრივ მაცხოვრებელს, გიორგი ბასილაშვილს 500 ლარით დაეხმარა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვება. კერძოდ: icmm.ge-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში გიორგი ბასილაშვილი ადასტურებს ზურაბ ოტიაშვილის მიერ მისი დახმარების ფაქტს; ჟურნალისტისთვის მიცემულ კომენტარში თავად ზურაბ ოტიაშვილიც ადასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს: „გაჭირვებული იყო და ადამიანურად დავეხმარე. თქვენც რომ ნახოთ, თქვენც დაეხმარებით“; ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში გიორგი ბასილაშვილი და მისი მეგობარი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ზურაბ ოტიაშვილის მხრიდან ამომრჩევლის დახმარების ფაქტს. კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ ბასილაშვილს თანხა კონცერტის წამყვანმა გადასცა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ის ზურაბ ოტიაშვილისგან იყო. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 18 აგვისტოს, ვაჟაობის დღესასწაულამდე 1 კვირით ადრე ზურაბ ოტიაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარობის კანდიდატად წარუდგინა მოსახლეობას. ბატონი ოტიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს სწორედ მაჟორიტარი კანდიდატის რანგში ატარებდა, რასაც არაერთი ვიდეომასალა მოწმობს. მაგალითად, 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ადგილობრივი მოხელე წყარუაშვილი ზურაბ ოტიაშვილთან ერთად ხვდება მოსახლეობას და სააგიტაციო შეხვედრას ატარებს, სადაც კანდიდატის დამსახურებებზე ამახვილებს ყურადღებას. აღნიშნული ფაქტების ერთობლიობა ადასტურებს, რომ ზურაბ ოტიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებს და საარჩევნო მიზნები გააჩნია. ამა წლის 31 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი დუშეთის საარჩევნო ოლქში იქნება არა ზურაბ ოტიაშვილი, არამედ  ნინო ხუციშვილი, თუმცა, ეს ცვლილება გავლენას არ ახდენს 25 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციაზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164 1 მუხლის მიხედვით, საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ პირისათვის ფულის გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულს წარმოადგენს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით. პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზურაბ ოტიაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებაში იკვეთება სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტის შესწავლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმაც“ მოითხოვეს. ამავე მოთხოვნით, პროკურატურას საჩივრით მიმართა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“. ამის მიუხედავად, გამოძიება დაწყებული არ არის. ზურაბ ოტიაშვილი კი „ნაციონალური მოძრაობის“ დუშეთის შტაბის უფროსად დაინიშნა.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

მცხეთის გამგეობაში თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა – წინასაარჩევნოდ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა. მცხეთის გამგებელს, თეიმურაზ აბაშიძეს ორის ნაცვლად ოთხი მოადგილე ჰყავს, გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებს კი 22–ით მეტი სპეციალისტი.  მცხეთის გამგეობაში 2010 წელს  225 ადამიანი იყო დასაქმებული, 2011 წელს  – 230, 2012 წლის იანვარში – 253, ხოლო 2012 წლის ივლისში – 264. თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიულ ორგანოებშიც. მცხეთის რაიონში სულ 24 ტერიტორიული ორგანოა. 2011 წელს ტერიტორიულ ორგანოებში 42 სპეციალისტი იყო დასაქმებული, 2012 წლის იანვარში – 56, ხოლო 2012 წლის ივლისში – 63. სპეციალისტები დაემატა აღდგომლიანთკარის, ნატახტრის, ციხისძირის, ქსნის, ქსოვრისის, საგურამოს, მუხრანის, ცხვარიჭამიის, ძველი ქანდას და მისაქციელის ტერიტორიულ ორგანოებს. რატომ გახდა მცხეთის გამგეობაში გამგებლის მოადგილეების და ტერიტორიულ ორგანოებში სპეციალისტების დამატება საჭირო, ამ კითხვაზე მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა პასუხი ვერ მიიღო. „შვებულებაში ვარ და სამსახურის საქმეებზე საუბარი არ მინდა,“ – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მცხეთის გამგებელმა თეიმურაზ აბაშიძემ. კითხვაზე პასუხი არც გივი მაისურაძემ გასცა, რომელიც თეიმურაზ აბაშიძის შვებულებაში ყოფნის გამო ამჟამად გამგებლის მოვალეობას ასრულებს. 2 ოქტომბრამდე ფასიან შვებულებაში არიან გასული იმ სოფლების ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებიც, რომლებსაც სპეციალისტები დაუმატეს. რწმუნებულები „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობენ.

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი წინასაარჩევნო დაიჯესტს 1 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათს გამოაქვეყნებს.
დაიჯესტზე პასუხისმგებელი პირი გელა მთივლიშვილი:
Mtivlishvili@gmail.com  ტელ: 599 34 34 77

ახალი ამბები