კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო რეაგირება საქართველოში პატიმართა წამებაზე

21 სექტემბერი, 2012

სივილ ჯორჯია

ქვემოთ მოცემულია გლდანის მე–8 საპყრობილეში პატიმართა ცემისა და გაუპატიურების ფაქტებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე საერთაშორისო რეაგირება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის პრესსპიკერი – 20 სექტემბერი. „უმაღლესი წარმომადგენელი აღშფოთებულია გლდანის ციხეში პატიმართა ცუდი მოპყრობის ამსახველი შემზარავი კადრებით. იგი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ყველა ქვეყანამ უპირობოდ უნდა აკრძალოს წამების და ცუდი მოპყრობის ნებისმიერი ფორმა. იგი აღნიშნავს, რომ მთავრობამ გადადგა პირველი ნაბიჯები ამ საკითხის მოსაგვარებლად და ხაზს უსვამს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა ინციდენტები ზედმიწევნით და გამჭირვალედ იქნას გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის განცხადება – 20 სექტემბერი. „გაეროს წარმომადგენლობა შეძრწუნებულია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი ახლახან ნაჩვენები სატელევიზიო კადრებით. მივმართავთ ხელისუფლებას, განიხილოს პატიმართა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და  დამამცირებელი მოპყრობის  ყველა კონკრეტული შემთხვევა და   უზრუნველყოს მათი დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება. შეგახსენებთ,  რომ საქართველო მონაწილეა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის, აგრეთვე გაეროს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო კონვენციისა, რაც ავალდებულებს მას, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირებს მოეპყროს ჰუმანურად, მათი განუყოფელი პიროვნული ღირსების სრული პატივისცემით“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები – 20 სექტემბერი. „ამგვარი პრაქტიკა მიუღებელია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში, ამიტომ ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სწრაფ რეაქციას. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ზედმიწევნით და გამჭირვალედ გამოიძიებს ამ ძალადობას, და ასევე სტრუქტურულ საკითხს იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა ეს, მიუხედავად ისეთი საპატივსაცემო ინსტიტუტების გაფრთხილებებისა, როგორიცაა საქართველოს სახალო დამცველი. ყველა დამნაშავე, მათ შორის ისინი, ვინც მხარს უჭერდა და ეგუებოდა ამ დანაშაულებს, უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი – 20 სექტემბერი. „საქართველოს ციხეებში წამების კადრები შემაძრწუნებელია. შეშფოთებული ვარ მე–8 საპყრობილეში მომხდარით და ვიმედოვნებ, რომ მოხდება იმ პირების გასამართლება, ვინც ჩაიდინა ამგვარი ქმედება, ასევე იმ მაღალი რანგის პასუხისმგებელ პირთა გასამართლება, ვინც დაუშვა, რომ ეს მომხდარიყო – რათა უზრუნველყოფილ იქნას სამართალი მსხვერპლთათვის და ნაჩვენები იქნას, რომ საქართელოში დაუსჯელობის კულტურა არ არსებობს. შემაძრწუნებელია იმის ნახვა, რომ ასეთ არაჰუმანურ მოპყრობას ადგილი აქვს სადმე მსოფლიოში, თუმცა მე განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიმაჩნია, რომ ასეთ სასტიკ მოპყრობას ეუთოს წევრ სახელმწიფოში აქვს ადგილი. საქართველოს უნდა ახსოვდეს თავისი ვალდებულებები, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, როგორც ეუთოს ოჯახის წევრმა, და მივესალმები ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ციხის რამდენიმე თანამშრომელი დაიჭირეს წამებასთან დაკავშირებით, ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის პირობას, რომ პასუხისმგებელი პირები უსასტიკესად დაისჯებიან“.

აშშ–ის საელჩო საქართველოში – 19 სექტემბერი. „ვიზიარებთ ყველა ქართველის გაოგნებასა და შეძრწუნებას იმ საშინელი ქმედებებით, რომელიც გუშინ გავრცელებულ კადრებშია ასახული. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველს თავის მოხსენებაში, ხოლო ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნული გვაქვს, რომ საქართველოში პატიმართა უფლებების დარღვევა სერიოზული საკითხია და ის უნდა გადაიჭრას. ვთხოვთ მთავრობას, ჩაატაროს გამოძიება სრულყოფილად და გამჭვირვალედ და უმოკლეს დროში უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში – 19 სექტემბერი. „ევროკავშირი შოკირებულია გლდანის საპყრობილეში პატიმართა  მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით. საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა ინციდენტები სიღრმისეულად და გამჭვირვალედ იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.  პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა  ადამიანის უფლებათა დარღვევის უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ეს სახალხო დამცველის ანგარიშებშია მოხსენიებული. ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ზომა გამოიყენოს ამ დარღვევების ეფექტური აღმოფრხვრისთვის“. 

Amnesty International–ის განცხადება – 20 სექტემბერი. „Amnesty International–ი უკიდურესად შეშფოთებულია იმ ვიდეოჩანაწერების გავრცელებით 18 სექტემბერს, სადაც ნაჩვენებია თბილისის ციხეში თანამშრომლების მიერ პატიმართა ცემა და გაუპატიურება...  Amnesty International–ი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ჩანაწერებში ნაჩვენები წამება, შესაძლოა, უფრო ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკაზე მიანიშნებდეს, ვიდრე ამის აღიარებისთვის ხელისუფლებაა მზად... იმის გათვალისწინებით, რომ [აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ] სამოქალაქო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის და ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი საქმეები გამოუძიებელი რჩებოდა, საჭიროა, რომ ჩატარდეს ამომწურავი და მიუკერძოებელი გამოძიება, თუ რატომ ვერ შეძლო გენერალურმა პროკურატურამ აღმოეჩინა და დაესაჯა ის პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ბოლო წლებში ადამიანის უფლებების დარღვევებში ედებათ ბრალი".

ახალი ამბები