კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი აცხადებს, რომ იგი სასტიკად ცემეს და აწამეს

21 სექტემბერი, 2012

ელენე ჭუმბურიძე

„ვადასტურებ, რომ ვარ მძიმედ ნაცემი და ნაწამები. წლების განმავლობაში განვიცდიდი მძიმე ფსიქიკურ და ფიზიკურ ზეწოლას...“ - რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა, გოდერძი კიკნაძემ ადვოკატ ეკა ქობესაშვილთან ხელმეორედ შეხვედრისას მის მიმართ განხორციელებულ წამებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება დაწერა. 

რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის ახსნა-განმარტება: „ვადასტურებ, რომ ვარ მძიმედ ნაცემი და ნაწამები. წლების განმავლობაში განვიცდიდი მძიმე ფსიქიკურ და ფიზიკურ ზეწოლას. ვითხოვ ძირეულ გამოკვლევასა და მკურნალობას. ასევე ვითხოვ ექსპერტიზის ჩატარებას. ასევე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ მიდის ჩემი დაშინება, რომ ინფორმაცია არ გავრცელდეს ჩემი წამების შესახებ. ვითხოვ ჟურნალისტების შემოსვლას და დაფიქსირებას ჩემი დაზიანებებისა და მდგომარეობის შესახებ. ვადასტურებ, რომ ვარ ნაცემი დავით მარგებაძის მიერ. ვითხოვ გამოძიებას ყოველივე ამაზე. ასევე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ მთავარი ექიმი არ ადასტურებს ჩემს დაზიანებებს და ციხის ადმინისტრაცია მეუბნება - რამდენიმე დღეში გადამივა ეს სილურჯეები და მერე შემომიყვანენ ექსპერტს. ახსნა-განმარტებას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, ეკატერინე მიდოდაშვილი“.

20-21 სექტემბერი - ორი დღის ქრონიკა

20 სექტემბერს დილით ადამიანის უფლებათა ცენტრს აღელვებული დაუკავშირდა რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, გოდერძი კიკნაძის დედა მერი კიკნაძე. მან განაცხადა, რომ მისი შვილი წინა ღამით სასტიკად სცემეს. ამის შესახებ პატიმრის დედას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უცნობმა პირებმა ტელეფონით აცნობეს.

მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის უფლებებს საპატიმროში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავს. მერი კიკნაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი შვილი ფლობს მასალებს ბაჩო ახალაიას დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რის გამოც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი, humanrights.ge-ს ჟურნალისტი და hridc.tv-ს გადამღები ჯგუფი მერი კიკნაძესთან ერთად დაუყოვნებლივ გაემგზავრა რუსთავში.  სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებასთან მისვლის შემდეგ მსჯავრდებულის დედასა და იურისტს რამდენიმე საათი მოუწიათ ლოდინი, ვიდრე პატიმართან შესვლის ნებართვას მიიღებდნენ. ლოდინის პერიოდში უფრო მეტი დაძაბულობა გამოიწვია ინფორმაციამ, რომ პატიმარი არათუ ნაცემი, არამედ გარდაცვლილი იყო.

სამსაათიანი ლოდინისა და ფორმალური ბარიერების გავლის შემდეგ ეკა ქობესაშვილმა შეძლო პატიმრის მონახულება. საბედნიეროდ, ინფორმაცია მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ არ დადასტურდა.

„პატიმარს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები სახეზე. იგი იმყოფებოდა მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. თუმცა, მან მითხრა, რომ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია და ეს იყო თვითდაზიანებები, რაც მან ემოციის ფონზე მიიყენა, როცა ტელეეთერით გავრცელებული პატიმრების წამების კადრები იხილა“, - განაცხადა საპატიმროდან გამოსულმა ეკა ქობესაშვილმა.

საწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელა მსჯავრდებულის დედამ მას შემდეგ, რაც მასაც მიეცა საშუალება შვილი მოენახულებინა. მერი კიკნაძემ განაცხადა, რომ წინა ღამით ციხის ყოფილი უფროსი შევიდა საკანში და პატიმარს სასტიკად გაუსწორდა. ასევე, მისი თქმით, იმავე ღამეს მის შვილს ლიკვიდაციას უპირებდნენ და ამის შესახებ მას თვითონ შვილმა აცნობა.

გოდერძი კიკნაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ცემა უკავშირდება აუდიომასალებს, რომელიც პატიმარმა რამდენიმე წლის წინ ფარულად ჩაწერა. მისივე თქმით, აუდიოჩანაწერზე პატიმარს მაღალჩინოსნები ემუქრებიან და კონკრეტული ჩვენების დაწერას აიძულებენ.

შვილის მონახულების შემდეგ რუსთავის მე-6 საპყრობილესთან პატიმრის დედამ შიმშილობა გამოაცხადა. გვიან ღამით „მაესტროს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე შიმშილობა დაიწყო გოდერძი კიკნაძემ, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. მსჯავრდებულის დედას ღამის განმავლობაში არ დაუტოვებია ციხის ტერიტორია შვილის ლიკვიდაციის ეჭვის გამო.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიაში დილითვე გაავრცელა ინფორმაცია გოდერძი კიკნაძის ცემის თაობაზე და ხელისუფლებისგან მოითხოვა პატიმრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვა. გავრცელებული ინფორმაციის გამო, რუსთავის საპატიმროსთან სხვადასხვა მედიასაშუალებები მივიდნენ და საპატიმროს წინ დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები გააშუქეს. საპატიმროსთან ასევე მივიდა რუსთავში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზვიად ძიძიგური, რომელმაც პატიმარზე ზეწოლის ფაქტი გააპროტესტა.

საღამოს 18:30 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია მოაწყო. პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებს ეკა ქობესაშვილმა დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები სრულად მოუთხრო.  ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია, დაიწყოს დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება გოდერძი კიკნაძის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, ასევე - პროკურატურამ უნდა შეისწავლოს ის აუდიომასალები, რაზეც პატიმრის ოჯახი საუბრობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა სასჯელაღსრულების მინისტრ გიორგი ტუღუშს, შს მინისტრ ბაჩანა ახალაიას, იუსტიციის მინისტ ზურაბ ადეიშვილს, მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას, პრემიერ მინისტრ ივანე მერაბიშვილს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირადად მოსთხოვა, უზრუნველყონ რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, გოდერძი კიკნაძისა და მისი ოჯახის წევრების  უსაფრთხოება.

პრესკონფერენციიდან ცოტა ხნის შემდეგ შს მინისტრი ბაჩანა ახალაია გადადგა. მეორე დღეს, 21 სექტემბერს, ეკა ქობესაშვილი კვლავ შეხვდა პატიმარს. ამჯერად, გოდერძი კიკნაძემ დაწერა ახსნა-განმარტება, რომ იგი ნამდვილად ნაცემია და მოითხოვა ამ ინფორმაციის გავრცელება, ასევე - ექსპერტიზის ჩატარება და სათანადო მკურნალობა.

საინტერესოა, რომ გოდერძი კიკნაძე მას შემდეგ სცემეს და აწამეს, რაც „მაესტროს“ და „ტვ 9“-ს ეთერში პატიმართა წამების შემზარავი კადრები გავიდა. ეს გარემოება ერთი-ორად ამძაფრებს ინტერესს ამ საქმისადმი, რადგან მას შემდეგ, რაც რამდენიმე ჯალათი დააპატიმრეს, წესით, პატიმრის ცემა და წამება ვეღარავის ვეღარ უნდა გაებედა.

უკანასკნელი ინფორმაციით, როგორც რუსთავიდან ეკა ქობესაშვილმა შეგვატყობინა, 21 სექტემბერს საღამოს, გოდერძი კიკნაძე სასულიერო პირმა მოინახულა. მასთან შეხვედრის შემდეგ პატიმარმა საკნიდან რამდენჯერმე დაიყვირა, რომ მღვდელთან შეხვედრის შემდეგ იგი ისევ სცემეს.

ახალი ამბები