კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკომ საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება შეზღუდა

25 სექტემბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება (შიგნით).

რაც შეეხება გადაღების პერიოდს, ის დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, საზოგადოებრივად საინტერესო პირის კენჭისყრაში მონაწილეობის დროს გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ მინიმუმ საარჩევნო ყუთი ჩანდეს.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, სწორედ ეს საკითხებია, რაც უნდა დარეგულირდეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებას კენჭი უკვე უყარა და 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

გარდა ამისა, აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე.

ცესკოს დადგენილების პირველადმა ვარიანტმა, სადაც გადაღების სრულ აკრძალვაზე იყო საუბარი, მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები განიცადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. „მივიჩნევთ, რომ საარჩევნო კოდექსი ისედაც კარგად არეგულირებდა მედიისა და დამკვირვებლების მუშაობის და სავარაუდო ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამიტომ ცესკო გარკვეულ დათმობაზე წამოვიდა, თუმცა, დადგენილების პირველადმა ვარიანტმა მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება განიცადა. სინამდვილეში ახალი დადგენილება ბევრ ბარიერს აწესებს ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის. მათ შორის მხედველობაში მაქვს ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ პირი გადასაღებ ადგილს დატოვებს, უკან ვეღარ დაბრუნდება", - განაცხადა ეკა ფოფხაძემ. მისივე თქმით, საია აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით საკუთარ პროტესტს საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს.

რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძის შეფასებით კი, ფაქტობრივად, მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების აკრედიტაციებმა ფასი დაკარგა, რადგან მათ საარჩევნო უბანზე ნორმალური მუშაობის საშუალება არ მიეცემათ. „ახალი დადგენილება არის კანონთან კოლიზიაში. კამერების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსება კი წარმოუდგენელია, რადგან ზოგ ადგილზე ოროთახიანი საარჩევნო უბნებია. არც ერთი ჩვენი მოთხოვნა პრაქტიკულად გათვალისწინებული არ არის“, - აღნიშნა ია მამალაძემ.

ცესკომ დადგენილება საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ხმაურიანი პროტესტის ფონზე მიიღო.

ახალი ამბები