კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ აქტივისტებს მასობრივად აპატიმრებენ ერთი და იგივე ბრალდებით - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა

25 სექტემბერი, 2012

 ინტერპრესნიუსი

„ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით იჭერენ. ამის გამო „ქართული ოცნების“ მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ხელისუფლებას ვითარების დაძაბვა სურს. ამ მოსაზრებას ექსპერტთა დიდი ნაწილიც იზიარებს და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მიზანი არჩევნების გადადება იყოს. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაკავება შაბათს დაჩი ცაგურიასა და მისი მეგობრის, ბექა ალადაშვილის დაკავებით დაიწყო. მათ ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბრალდებათ. თუმცა არ კონკრეტდება, რისთვის აკავებდა მათ პოლიცია. მათ დაკავებას კი უკვე კონკრეტულად „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დაკავება მოჰყვა და ყველა შემთხვევაში ისევ ის მოტივი - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სახელდება“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით "ოცნების" აქტივისტთა მასობრივი დაპატიმრება დაიწყო / ყველა შემთხვევაში ბრალდება ერთი და იგივეა: პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

„რეზონანსის“ სტატიაში რამდენიმე დაპატიმრებაზეა საუბარი, რაზეც humanrights.ge უკვე იტყობინებოდა. „ამ დაჭერების პარალელურად „ნაცმოძრაობის“ პრესსპიკერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე მათ მომხრეებზე ძალადობასა და თავდასხმაში დაადანაშაულა. ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ერთ-ერთ შემთხვევაში ლუკა კურტანიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს საჯარო მოხელის მიმართ, რომელიც აზერბაიჯანული წარმოშობისაა. კურტანიძე მას საქართველოდან გაძევებით დაემუქრა, თუ ის პოლიტიკურ შეხედულებას არ შეიცვლიდა.

თაქთაქიშვილი ამბობს, რომ „არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ძალადობის გამოწვევა ზიანს აყენებს არა მარტო წინასაარჩევნო გარემოს, არამედ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, განსაკუთრებით კი იმ ვითარებაში, როდესაც ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ქვედანაყოფების მობილიზაცია ხდება“.

ლუკა კურტანიძე კი „ნაცმოძრაობის“ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს. მისი განმარტებით, ის მოქალაქეებს კი არ ემუქრება, უბრალოდ, მოუწოდებს და ურჩევს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაშინებასა და სიბინძურეს თავი დაანებონ“, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ამ დაკავებებით ხელისუფლებას სურს, საარჩევნო პროცესი ნორმალური კალაპოტიდან ამოაგდოს. „ხელისუფლება ცდილობს არეულობების პროვოცირებას, რათა რამენაირად საარჩევნო პროცესების ნორმალური კალაპოტიდან ამოგდება შეძლოს. სამი დღის წინ სანდო წყაროებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რა გეგმები აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლება გეგმავდა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყოს „ქართული ოცნების“ წევრებისა და აქტივისტების, ასევე რაიონებში საარჩევნო კომისიებში „ოცნების“ წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მასობრივი დაპატიმრებები, იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც კასპის რაიონში ხდება“, - განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარმა. მისი განმარტებით, ძირითადად ისეთი გეგმა აქვთ, რომ 10-15 დღით ჩასვან ციხეში, რათა საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ“, - დასძენს სტატიის ავტორი.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლება მიდის ძალადობის მიმართულებით, მაგრამ მთელი პრობლემა ისაა, არ არსებობს გარანტია, რომ ხელისუფლება ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც მისთვის მაინც იქნება სასარგებლო. ოღონდ მეტოქე დაღუპოს, ყველაფერზე მიდის და ძალიან ხშირად ვერ ხედავს, რა არის მისთვის სასარგებლო ან მავნებელი. დაჭერები ვითარებას რომ ვერ განმუხტავს, ხომ ფაქტია? ამიტომაც არ მგონია, ეს დაჭერები ვითარების განმუხტვისთვის კეთდებოდეს. სიმართლე გითხრათ, იმის შიშიც მაქვს, რომ იმ კადრების ჩვენების შემდეგ ხელისუფლების ასეთი ქმედება ხომ არ არის გათვლილი იმაზე, რომ პატიმრების წამებით გამოწვეულ აღშფოთებას დაემატოს დაჭერებით გამოწვეული აღშფოთება და ამ ყველაფერმა იმ ზღვარს მიაღწიოს, რომ მისი შეჩერება უკვე რთული იქნება. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება საშუალება, ერთის მხრივ, სპეცრაზმი გამოიყენოს აღშფოთებული ხალხის დასაშოშმინებლად და მეორეს მხრივ, არჩევნები გადადოს. ამ ვითარებაში ხელისუფლებას არჩევნების გამართვა არ უნდა აწყობდეს, რადგან მისთვის სასურველი შედეგი ვერ იქნება და ერთი ან ექვსი თვის შემდეგ რა იქნება, კაცმა არ იცის“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

ახალი ამბები