კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო პლაკატები საჯარო შენობის ფასადზე

25 სექტემბერი, 2012

ხონის საოლქო კომისიამ დარეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს იმ ადგილების ჩამონათვალი მიაწოდა, სადაც საარჩევნო სააგიტაციო პლაკატების გაკვრა შეუძლიათ. ჩამონათვალში მუნიციპალიტეტის ყველა მოსაცდელია  შესული, მათ შორის რამდენიმე შენობა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პლაკატები, ერთ კვირაზე მეტია, ქალაქის და მიმდებარე სოფლების შენობებზეა გაკრული, მათ შორის - ხონის სახანძრო სამსახურის შენობის ფასადზე. აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ პლაკატები თავად მოიტანეს და გააკრეს. ანალოგიური პლაკატები ქალაქში არსებული მაღაზიების ფასადებზეც გამოჩნდა.

„ვიღაც ორი ახალგაზრდა იყო მოსული და ეს პლაკატები  მოიტანეს. მითხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყვნენ  და პლაკატები უნდა გაეკრათ. აქ სურსათის სხვა რეკლამები მაქვს გაკრული და ვუთხარი თუ ადგილს გამოძებნით გააკარითქო. წინააღმდეგობა არც გამიწევია და არც უარი მითქვას, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა მაინც გააკრავდნენ“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას სასურსათო მაღაზიის თანამშრომელმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხონის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალეკო ვეკუა ამბობს: „საოლქო კომისიამ სააგიტაციო პლაკატებისთვის გამოყოფილი ადგილების ჩამონათვალი მოგვცა და უახლოეს მომავალში გავაკრავთ. იმედია, პლაკატებისთვის ადგილი ყველასთვის საკმარისი აღმოჩნდება და ჩამოხევის ფაქტებს, განადგურების მიზნით, ადგილი არ ექნება“.

„სამართლიანი არჩევნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეონა გოგიშვილის თქმით, „თუდაწესებულება, რომელზეც პლაკატებია გაკრული, ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა, მაშინ საარჩევნო კოდექსი დარღვეულია, რადგან ის საჯარო დაწესებულებებზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის გაკვრას კრძალავს. ვფიქრობ, ეს ფაქტი დარღვევად უნდა დაფიქსირდეს ყველა შესაბამის უწყებაში“.
 
სახანძრო სამსახური  საქართველოს კანონმდებლობით საჯარო, სახელმწიფო დაწესებულებაა. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად  საჯარო დაწესებულებაში  რომელიმე პარტიის სააგიტაციო პლაკატის გაკვრა კანონდარღვევაა.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები