კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ემიგრანტები სამშობლოში საკუთარი უფლებების დასაცავად დაბრუნდნენ

26 სექტემბერი, 2012

17 სექტემბერს სექტემბერს სარფის საბაჟოდან სამშობლოში შემოსული ემიგრანტები ბათუმის შემდეგ გურიას ესტუმრნენ და ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში აქცია მოაწყვეს, მოთხოვნით „დავიცვათ ჩვენი ხმები“.

„ქართველი ემიგრანტების უფლებები ირღვევა. ხელისუფლებამ ხელოვნურად შეზღუდა ჩვენი უფლება, მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. მართალია, ცესკოს თავჯდომარემ განაცხადა, რომ საცხოვრებელი ადგილიდან არ ითხოვენ ცნობას, მაგრამ ეს დოკუმენტი შეიცვალა ნოტარიული წესით დამოწმებული განაცხადით. სამაგიეროდ, ახლა ითხოვენ რეგისტრაციას, რაც წარმოუდგენელია, მიიღოს ქართველმა ემიგრანტმა, რადგან, მაგალითად, საბერძნეთში დაახლოებით 175 ათასი ქართველი ემიგრანტიდან 135 ათასი არალეგალია. როგორ შეიძლება მიიღოს არალეგალმა მსგავსი ცნობა, როცა ასეთ ცნობას ლეგალურად მცხოვრები ემიგრანტებიც ვერ იღებენ?“ – განაცხადა „ქართველი ემიგრანტები - დემოკრატიული საქართველოსათვის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ლიპარტელიანმა.

მისივე განცხადებით, ლანჩხუთამდე ისინი იყვნენ ბათუმში, გზას გააგრძელებენ და ყველა ქალაქში ჩაატარებენ მსგავს აქციას.

Humanrights.ge რამდენიმე ემიგრანტს ესაუბრა. მათი თქმით, საქართველოში  ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი 1 ოქტომბერს საკუთარი ხმების დაცვაა. როგორც გვითხრეს, საქართველოდან ემიგრაციაში წასულია 1 200 000-დან 1 700 000-მდე ადამიანი. თუმცა, ოფიციალურად რეგისტრირებული მხოლოდ 46 ათასია.

„ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სხვაობაა და რამდენი ადამიანის უფლება ირღვევა?! ვის აძლევს ეს ხელს, იმედია, ხვდებით. მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ 310 000 ადამიანია გასული ქვეყნის გარეთ, არადა, მხოლოდ საბერძნეთში 175 ათასი კაცია წასული“, – გვითხრა მამუკა ლიპარტელიანმა.

აქციაში მონაწილე ქალბატონმა გვითხრა: „11 წელია, საქართველოდან ვართ წასულები. მსგავსი პრობლემები არც ერთი არჩევნების წინ არ შეგვქმნია. როგორც გავიგეთ, აქ ინფორმაციული ვაკუუმია. ჩამოვედით იმიტომ, რომ მოგაწვდინოთ ჩვენი ხმა და დავიცვათ ჩვენი უფლებები. გვინდა, მოგვეცეს უფლება, მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია“.

აქციაზე 12 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები მონაწილეობდნენ. მათი უმეტესობა ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებდა - არა გვაქვს გარანტია, რომ საქართველოში ჩვენს ნათესავებს პრობლემებს არ შეუქმნიანო.

„აი, ესაა ჩვენი ქვეყანა, ასეთი დემოკრატიაა ამ ქვეყანაში. მთელი გზა ვტიროდით, როცა ასეთ მდგომარეობას ვხედავდით. საიდან მოვიტანოთ ეს საბუთები, რასაც გვთხოვს ქართული სახელმწიფო?!“ – ამბობდნენ ემიგრანტები, რომლებმაც ლანჩხუთის შემდეგ გზა აღმოსავლეთ საქართველოსკენ გააგრძელეს.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები