კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„შენი ხმა პარლამენტში“ - საია პროექტის პირველი ეტაპის შედეგებს აქვეყნებს

27 სექტემბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

უმუშევრობა, ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, განათლება, შიდა გზების პრობლემები, სოციალური დაცვა, კომუნალური გადასახადები, წყალმომარაგება - ეს ის აქტუალური პრობლემებია, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი   პროექტის „ჩემი ხმა პარლამენტში“ ფარგლებში პირველადი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

25 სექტემბერს სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში წარმომადგენლობითი შეხვედრა შედგა. პროექტის, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საარჩევნო სუბიექტთა წინასაარჩევნო პროგრამებში იმერეთის ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებაა, პირველადი შედეგები არასამთავრობო და მედია სექტორმა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

პროექტის „ჩემი ხმა პარლამენტში“ მეშვეობით არჩევნებში მონაწილე პირებმა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს. მათ საშუალება მიეცათ, ხალხის ინტერესები საარჩევნო პროგრამებში აესახათ.

შეხვედრაზე მოწვეულ მაჟორიტარობის კანდიდატთაგან მხოლოდ „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა მღვდელაძე გამოცხადდა. „საინტერესო შეხვედრაა. თუმცა, მგონია, რომ ცოტა დაგვიანებულია იმდენად, რამდენადაც  საარჩევნო პლაკატები, ბუკლეტები და ყველა ტიპის საინფორმაციო-სარეკლამო მასალა უკვე ფორმირებულია. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვეთა, რომელიც ხალხს წლებია აწუხებს და ამ მხრივ სულ უფრო უარესი მდგომარეობა გვაქვს. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, სამწუხაროა, რომ არ მოვიდნენ. ვფიქრობ, ასეთ დროს (და საერთოდაც) ჟესტის დონეზე მაინც უნდა გამოხატო დამოკიდებულება NGO-ს მიმართ. მითუმეტეს, როცა საქმე საია-ს ეხება, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ კუთხით“, - განაცხადა მამუკა მღვდელაძემ.

„ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატმა, რომელიც ქუთაისის საკრებულოს წევრია, საია-ს კვლევის შედეგები დადებითად შეაფასა და პირობა დადო, რომ თუ პარლამენტში ვერ შევა, აღნიშნულ პრობლემებზე ადგილობრივ სათათბიროში იზრუნებს. „ისე, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დამტოვებთ ქუთაისის საკრებულოში, რადგან ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანოდან ჩვენი ქალაქისთვის მეტის გაკეთებას შევძლებ. არ შეიძლება ხელისუფლება 5 მლნ ლარს ფანტანის გაკეთებაში ხარჯავდეს და ქალაქის 42% პროცენტი მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობის (ასევე, წყალმომარაგების) პირობებში ცხოვრობდეს“, - აღნიშნა მამუკა მღვდელაძემ.

საია-ს კვლევის მიხედვით, წყალმომარაგება, ისევე როგორც, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემების გაუმართაობა, ქუთაისის მოსახლეობისთვის ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივები სასმელი წყლის არასწორი გრაფიკით მიწოდებასა და ტარიფებზე ჩივიან.  

„კვლევაში, რომელიც საიამ წარმოადგინა (2010-2012 წწ), არაერთი საჭირბოროტო საკითხია ასახული. კვლევა ცხადყოფს, რომ მდგომარეობა იცვლება ცუდიდან უფრო ცუდისკენ. ხალხი ისევ ძველ პრობლემებს უჩივის, ანუ, არაფერი იცვლება. ეს მდგომარეობა შემდეგმა ხელისუფლებამ, რომელსაც ხალხი სულ რამდენიმე დღეში აირჩევს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ამ  უკიდურეს პირობებს ხალხი ვეღარ გაუძლებს“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბარში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გია ქობალიანმა.

საიას პროექტი იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტს მოიცავს და არჩევნების შემდეგაც გრძელდება.

„არჩევნების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე უკვე არჩეულ მაჟორიტარებთან და მათ ბიუროებთან გაგრძელდება მუშაობა. მოხდება უშუალო კავშირის დამყარება მოსახლეობასა და არჩეულ დეპუტატებს შორის. გაფორმდება მემორანდუმი დეპუტატების ბიუროებთან - ჩვენ ავიღებთ ვალდებულებას გავახმოვანოთ რა აწუხებს ხალხს. გავწევთ იურიდიულ კონსულტაციებს“, - განაცხადა საია-ს ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ.

ახალი ამბები