კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრის მეუღლე აცხადებს, რომ ციხეში მისი ოჯახის წევრთა პირადი ნომრები მიატანინეს

28 სექტემბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ჩემმა ქმარმა ოჯახის ყველა წევრის პირადი ნომრები ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მოითხოვა. მითხრა, რომ ციხის ადმინისტრაცია თხოვდა. მაგათთან წინააღმდეგობას აზრი არა აქვს და მივიტანე. მივხვდით, რომ ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშირდებოდა. არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ამ დღეებშიც და არჩევნების შემდეგაც მათ რაიმენაირი საფრთხე არ დაემუქრება?!“ - აცხადებს ქუთაისის #2 საპყრობილის ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე humanrights.ge - სთან საუბარში.

მსგავს ფაქტებზე საუბრობენ ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამოქალაქო საზოგადოების წევრები ციხეში არსებულ მდგომარებას გმობენ.

საზოგადოებირვი მოძრაობა „შეაჩერე აქტი“, რომელიც 19 სექტემბერს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შექმნეს, ქუთაისში, სახელმწიფო უწყებების მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებებს აგრძელებს და ქუთაისის #2 საპყრობილეში შესვლას ითხოვს. აქციის მონაწილეებმა აღნიშნული მოთხოვნა 26 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის განყოფილების შენობის წინ გაახმიანეს. ისინი აცხადებენ, რომ #2 საპყრობილეში პატიმრები მძიმე ვითარებაში არიან და ციხის თანამშრომელთა გათავისუფლების მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობენ.

„მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ციხეში აუცილებლად უნდა შევიდნენ. მხოლოდ პატრულის და სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ გამოტანილი ამბები, რომ ციხეში სიმშვიდეა, საკმარისი არ არის. მეტიც, მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატი ამ სისტემის ერთ-ერთი უფუნქციო რგოლია. გახსოვთ, ალბათ, გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც საკმაოდ ნათლად აღწერდა პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს, მაგრამ, როგორც გაირკვა - აბსოლუტურად უშედეგოდ. ინფორმაცია იყო, თუმცა მასზე რეაგირება არასდროს ხდებოდა. ის ფაქტები, რაც საზოგადოებამ ტელეეთერით იხილა, ახალი ნამდვილად არაა. ეს გრძელდებოდა წლების მანძილზე და ჩვენ, ადვოკატები, ისევე როგორც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია (მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრი), ამის შესახებ მუდმივად ვსაუბრობდით“, - ამბობს ადვოკატი ევგენი ომანაძე.

humanrights.ge - სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ აპირებს ქუთაისის #2 საპყრობილეში შესვლას და პატიმრების მონახულებას: „მე დღეს აუცილებლად შევალ ციხეში. პატიმრები ჩემთან შეხვედრას ითხოვენ. მათ შორის რამდენიმე უკანონო პატიმარია და სასჯელს აბსურდული ფაქტის გამო იხდის. ეს არის ქართული მართლმსაჯულება, ასე მუშაობს სასამართლო ჩვენს ქვეყანაში. მაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის ციხეში რამდენიმე პატიმარი უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს. თუმცა, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ არიან. ზოგადად კი, იქ არსებული რეჟიმის გამო მათი მდგომარეობა, ისევე როგორც დანარჩენების, სახარბიელო ნამდვილად არ არის“.
 
humanrights.ge იმერეთში სახალხო დამცველის რწმუნებულს დაუკავშირდა. მადონა ბასილაძის განცხადებით, ციხეში შესვლის მოთხოვნით მისთვის ჯერ არავის მიუმართავს.

„ჩვენ ძირითად დროს ქუთაისის #2 საპყრობილეში ვატარებთ. საფუძვლიანად ვიკვლევთ იქ არსებულ მდგომარეობას. რამდენიმე პატიმარი მართლა შიმშილობს. ისინი ციხის თანამშრომელთა გათავისუფლებას ითხოვენ“, - აცხადებს მადონა ბასილაძე. მისივე განმარტებით, ციხის რამდენიმე თანამშრომელმა უკვე დატოვა თანამდებობა.

„ჩვენ ისევ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციებს პატიმრების უფლებების დასაცავად და არ გავჩერდებით მანამ, სანამ ქუთაისის ციხეში არ შევალთ და იქ არსებულ მდგომარეობას საკუთარი თვალით არ ვნახავთ. ჩვენ ვითხოვთ, გვაჩვენონ, რა პირობებში იმყოფებიან მსჯავრდებულები – ისინი, ვინც შიმშილობს და ვინც არ შიმშილობს“, – ამბობს  საზოგადოებრივი მონიტორინგისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრ „არგუსის“ ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე. იგი 2007-2008 წწ. ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე გახლდათ, რომელსაც ხელისუფლებამ თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ უფლებამოსილება შეუჩერა.

ახალი ამბები