კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია შეშფოთებულია არჩევნების დღეს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო

28 სექტემბერი, 2012

ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFJ) მოუწოდა საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„საქართველოში ჩატარებულ წინა არჩევნებს თან ახლდა მედიის კონტროლისა და ინფორმირების დამოუკიდებელი წყაროების შეზღუდვის მცდელობები. ამჯერად მთავრობას აქვს შესაძლებლობა, გამოავლინოს ღია და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი ერთგულება და უფლება მისცეს ჟურნალისტებს, თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე იმოქმედონ არჩევნების წინა პერიოდში“, - განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯიმ ბუმელამ.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე შეშფოთებას გამოხატავს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დღეს იარსებებს გარკვეული შეზღუდული ზონები, სადაც რეპორტიორები არ დაიშვებიან, რაც მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს.

განცხადების თანახმად, უკანასკნელი თვეების განმავლობაში მთავრობა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მუშაობის პროცესის დაბრკოლებასაც შეეცადა, რაც ხორციელდებოდა სამაუწყებლო ჯიხურების გადანაწილების ტენდერის მოდიფიცირებისა და კერძო კომპანიების კუთვნილი სატელიტური ანტენების დემონტაჟის გზით.

„პრესის თავისუფლების კუთხით, სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა 2011 წლის მაისში პოლიციის მიერ ოპოზიციის საპროტესტო აქციის ძალადობრივმა დარბევამ, რა დროსაც ჟურნალისტები სცემეს და მათი პროფესიული ტექნიკა მიზანმიმართულად გაანადგურეს, ასევე 2011 წლის ივლისში ფოტორეპორტიორების დაკავებამ სავარაუდო „ჯაშუშობის“ ბრალდებით“, -აღნიშნულია ორგანიზაციის განცახდებაში.

IFJ აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტები ძირს უთხრის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.

„მედიაზე განხორციელებული შეტევა ყოველთვის მცდარია და კონტრპროდუქტიული. დემოკრატია ვერ დაფუძნდება ქვეყანაში, თუკი მისი მესვეურები ვერ გაიაზრებენ, რომ ჟურნალისტიკა საზოგადო სიკეთეს წარმოადგენს და არ შეეცდებიან შექმნან გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის დამოუკიდებლად და დაუბრკოლებლად გავრცელება“, - განაცხადა ბუმელამ.

ამასთან, საქართველოს  ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია, რომელიც IFJ-ს შვილობილ ორგანიზაციას წარმოადგენს, გასული წლიდან ჟურნალისტებზე ძალადობის, მუქარისა და თავდასხმის 50-ზე მეტ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.
მათივე ინფორმაციით, ბევრ კერძო მედიასაშუალებას უბრალოდ ნება არ დართეს განეხორციელებინა სამაუწყებლო საქმიანობა.

საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია, ასევე, გმობს ქვეყანაში მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს და მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქართველი საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები