კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთ კვირაში პოლიციამ კახეთში „ქართული ოცნების“ 14 აქტივისტი დააკავა - დაკავებულთა სრული სია

28 სექტემბერი, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

21 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, პოლიციის თანამშრომლებმა კახეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ 14 აქტივისტი დააკავეს. დაკავების მიზეზი ძირითადად „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პლაკატების გაკვრა გახდა. სასამართლომ 12 აქტივისტს პატიმრობა შეუფარდა. უმეტეს შემთხვევაში პატიმრობის ვადა 40–დან 60 დღემდე მერყეობს.

შმაგი ბერიძიშვილი – 21 სექტემბერს, საგარეჯოში დააკავეს. „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სოფელ კოჭლაანში ამომრჩეველთან შეხვედრაზე რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა „ნაციონალური მოძრაობის“ მაისური გაიხადა და სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ მაისური ჩაიცვა. „პოლიცია კი დღეს აცხადებს, რომ ახალგაზრდას მსგავსი საქციელი შმაგი ბერიძიშვილმა აიძულა. სინამდვილეში, არავითარ იძულებას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ხიდაშელმა. სასამართლომ ბერიძიშვილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ლევან ნუსხელიძე – 21 სექტემბერს, თელავის რაიონში დააკავეს. „ლევანს პოლიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა უჩივლა. თანატოლი ბიჭები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს შეუგინია, ვინ „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცესო. ამან ვერ მოითმინა და გაარტყა, ნუ იგინებიო. წავიდა და უჩივლა, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენაო. მაშინვე დააკავეს. სასამართლო პროცესი ისე ჩაატარეს, რომ არავის გააგებინეს. შეიძლებოდა, რომ 400 ლარით დაეჯარიმებინათ, მაგრამ 20 დღით დააპატიმრეს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ზონის კოორდინატორმა ზურაბ ნუსხელიძემ.

გივი ნანობაშვილი – 22 სექტემბერს, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში დააკავეს. „გივი ნანობაშვილი ორ ახალგაზრდასთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, რა დროსაც პოლიციის მანქანა დაეწია და მას მანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვეს. ახალგაზრდებმა გაქცევა მოახერხეს, ხოლო გივი ნანობაშვილი კი ძალით ჩატენეს მანქანაში“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ სიღნაღის შტაბის უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა. სიღნაღის სასამართლომ გივი ნანობაშვილი წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 100 ლარით დააჯარიმა.

უშანგი ნაპირელი – 22 სექტემბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში დააკავეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ნიკოლოზ საზანიშვილის განცხადებით, რომელმაც სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, უშანგი ნაპირელი ქუჩაში უწმაწური სიტყვებით იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რის გამოც იძულებული გახდა, დაეკავებინა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა 22 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ წევრი უშანგი ნაპირელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 40 დღით პატიმრობა შეუფარდა.

შამილ რასულოვი – 24 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ ჩანთლისყურეში დააკავეს. „ჩემი მეუღლე მეზობლის სახლის წინ პატრულმა დაკავა. მიზეზი არ აუხსნიათ. ჯერ გვიმალავდნენ, მერე გვითხრეს, რომ ყვარლის პოლიციაშია გადაყვანილი. ის იმიტომ დააკავეს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მას არაფერი ჩაუდენია“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის მეუღლემ ხალისა მაგამედოვმა. ყვარლის სასამართლომ შამილ რასულოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 60 დღით პატიმრობა შეუფარდა.

დომენტი ზუროშვილი – 24 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალში დააკავეს. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები გააკრა სოფელში, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად სოფლის ცენტრში იჯდა. უცბად მივიდნენ უბნის რწმუნებული გრემელაშვილი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, სტაცეს ხელი და წაიყვანეს. ზუროშვილი ეკითხებოდა რის გამო აკავებდნენ, მაგრამ მათ არაფერი განუმარტეს. ადვოკატი მთელი დღის განმავლობაში ეძებდა სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ყველგან აცხადებდნენ, რომ მათთან არ იყო შეყვანილი. ამასობაში ფარულად სასამართლო პროცესიც ჩაატარეს ისე, რომ ადვოკატი არ დასწრებია“, – განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ თელავის შტაბში. თელავის რაიონულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“ წევრი, 29 წლის დომენტი ზუროშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 60 დღით პატიმრობა შეუფარდა.

შოთა ხუციშვილი – 24 სექტემბერს, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში დააკავეს. პოლიციამ ის წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში დაადანაშაულა. რაში გამოიხატა წვრილმა ხულიგნობა, შს სიღნაღის სამმართველოში კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაცია არ მიაწოდეს. სასამართლომ შოთა ხუციშვილს 40 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ კიკილაშვილი – 24 სექტემბერს, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში დააკავეს. პოლიციაში მას „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ მყოფი სააგენტოს „info9.com.ge“–ის წარმომადგენელმა ნათია მირიანაშვილმა უჩივლა, რომელმაც განაცხადა, რომ გადაღების დროს ნიკოლოზ კიკილაშვილმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი ატკინა. სასამართლომ ნიკოლოზ კიკილაშვილი წვრილმან ხულიგნობაში სამართალდამრღვევად სცნო და 40 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა გოგილაშვილი – 25 სექტემბერს, გურჯაანის რაიონში დააკავეს. „გურჯაანში მიდიოდა „ქართული ოცნების“ აქციაზე, პოლიციამ გააჩერა და დააკავეს. „აყვანის დროს დაზიანება მიიღო, მხარი ამოვარდა. ჯერ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს, მხარი ჩაუსვეს და ისე გადაიყვანეს პოლიციაში“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის წევრმა ზურა ჩიკვაიძემ. გურჯაანის სასამართლომ 25 წლის ნიკა გოგილაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და მას 50 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ვალერიან თამაზაშვილი – 25 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში დააკავეს. „სოფელში დააკავეს, აქციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის წევრმა ზურა ჩიკვაიძემ. გურჯაანის სასამართლომ 27 წლის ვალერიან თამაზაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და მას 40 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ნათიკ რასულოვი – 25 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დააკავეს. რასულოვი „ქართული ოცნებიდან“ სოფელში საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრია. პოლიციამ ის დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა. შს საგარეჯოს სამმართველოში არ განმარტეს, დაუმორჩილებლობა რაში გამოიხატა.  სასამართლომ ნათიკ რასულოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 40 დღით პატიმრობა შეუფარდა. პოლიციას რასულოვი აგვისტოშიც ჰყავდა დაკავებული, მაშინ რასულოვმა 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოიხადა. იზოლატორში გადაყვანამდე რასულოვი სოფელ მელაანის ტყეში სასტიკად ცემეს.

ზაქარია გაგნიაშვილი – 25 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში დააკავეს. პოლიციამ მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა წაუყენა. „24 სექტემბერს, ზაქარია მთელი დღე ჩემთან ერთად იყო თბილისში, ცესკოს წინ, აქციაზე. 25 სექტემბერს, დილით ათ საათზე დააკავეს ბენზინგასამართ სადგურზე, გუშინ საღამოს გვაგინებდიო და ძალიან მაინტერესებს სად აგინებდათ? ყველა ტელევიზიას აქვს გადაღებული, კადრებში ჩანს, რომ თბილისში მთელი დღე იყო ცესკოს წინ, ჩემს გვერდით“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა. ზაქარია გაგნიაშვილს სასამართლომ 40 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ნუგზარ კაპანაძე – ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა 25 სექტემბერს დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის შტაბის ხელმძღვანელმა გაგა ღამბაშიძემ განუცხადა, სამართალდამცავებმა ნუგზარ კაპანაძე იმის გამო დააკავეს, რომ აფენის მაცხოვრებლები პრემიერ – მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეძახილებით დახვდნენ. „მერაბიშვილის კოლონამ გაიარა და აფენში მცხოვრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ. კაპანაძე ამ ზონის კოორდინატორია, მეორე დღეს დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს“, – განაცხადა ღამბაშიძემ. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნუგზარ კაპანაძეს 60 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნუგზარ კაპანაძე ყვარლის იზოლატორშია მოთავსებული.

ილია სულიაშვილი – 26 სექტემბერს, სოფელ ჩალაუბანში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააკავეს. როგორც სულიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ის დაკავებიდან რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს. პოლიციამ „ქართული ოცნების“ პროგრამა „კარდაკარის“ რეგისტრატორი ილია სულიაშვილი 1–ელ ივლისსაც დააკავა. ის წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში დაადანაშაულეს და სასამართლომ 35 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ილია სულიაშვილს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა. მას პოლიციაში სოფელ ჩალაუბანში მცხოვრებმა გიორგი და ლალი ფრიდონაშვილებმა უჩივლეს, რომლებიც კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად კი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის ახლობლები არიან. ილია სულიაშვილს პატიმრობის ვადა 5 აგვისტოს დაუმთავრდა. პატიმრობის პერიოდში ნერვიულობის ნიადაგზე მას მამა გარდაეცვალა. ილია სულიაშვილი დაკრძალვაზე ბორკილდადებული რამდენიმე წუთით მიიყვანეს.

25 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ არცერთი დაკავება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, არამედ მოხდა რეაგირება გარკვეულ ინციდენტებზე. „სამწუხაროდ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ძალადობრივი ქცევის შემთხვევებმა, სადაც ხშირად ჩართული იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში შემჩნეული პირები. წინა პერიოდში არსებული მშვიდი გარემოს მიუხედავად, ციხის სკანდალური კადრების გამოჩენის შემდგომ სიტუაცია დაიძაბა და გაჩნდა აგრესიული, დაშინების, მუქარის და ზოგ შემთხვევებში ძალადობრივი ქმედების ფაქტები. მათ შორის იმატა საჯარო მოხელეების და პოლიტიკური პარტიების მხადრამჭერთა მიმართ მუქარებმა და ხშირ შემთხვევებში თავდასხმის ფაქტებმა ან თავდასხმის მუქარებმა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პოლიტიკური აქციების უმეტესობა მშვიდობიან ხასიათს ატარებს, ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტების ქცევა პრობლემატური გახდა წინასაარჩევნო პერიოდში. ყველა სამართალდამცავს და პოლიციის ოფიცერს მიეცა განკარგულება შეინარჩუნონ სიმშვიდე და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ პოლიტიკური თვალსაზრისით აქტიურ პერიოდში. ხსენებული კონფლიქტების უმეტეს შემთხვევებში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ დაუპატიმრებიათ და დაუკავებიათ არცერთი პირი, თუმცა იმ შემთხვევებში, სადაც არსებობდა საშიშროება, რომ მომხდარიყო ფიზიკური ძალადობა მოქალაქეების ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ სამართალდამცავები ვალდებული იყვნენ რეაგირება მოეხდინათ, რათა არ გადაზრდილიყო სიტუაცია უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში. იმ შემთხვევებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება საშიშროების წინაშე იდგა, პოლიცია ვალდებული იყო მოეხდინა რეაგირება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ პოლიცია მაქსიმალურად თავშეკავებულად მოქმედებს იმ სიტუაციებში, სადაც მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

შეშფოთებული ვარ საქართველოში აქტივისტების დაკავების გამო – ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის ეს განცხადება რადიო „ამერიკის ხმამ“ 26 სექტემბერს გაავრცელა. „შეშფოთებული ვარ საქართველოში მედიასა და სამოქალაქო ჯგუფებში დაფიქსირებული ფაქტების გამო, რომლებიც ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტების დაკავების შემთხვევებს ასახავს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირაც არ არის დარჩენილი,“ - ამბობს მილიორი და აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში ყოფნისას მომავალი არჩევნების მნიშვნელობაში დარწმუნდა. მან გამოთქვა იმედი, რომ დარჩენილი საარჩევნო კამპანია და არჩევნების-შემდგომი პროცესები მშვიდად ჩაივლის. მილიორიმ ყველა მხარეს მოუწოდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ. მილიორის განცხადებით, სერიოზული მიდგომა სჭირდება დაკავების ფაქტებსა და მხარეების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური აქტივისტების თამაშიდან გათიშვა ხდება.

26 სექტემბერს, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ სამართალდამცავ ორგანოებს დასჯის მსუბუქი ზომების გამოყენების რეკომენდაცია მისცა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიისთვის. ბოლო დღეების განმავლობაში შეინიშნება ძალადობრივი ინციდენტების ზრდის შემაშფოთებელი ტენდენცია. ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 30 ადამიანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. არიან დაჯარიმებულებიც. მინდა მოვუწოდო სამართალდამცავებს, მნიშვნელოვანია ამ ძალადობის გავრცელება არ მოხდეს, მაგრამ სადაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს დასჯის მსუბუქი ფორმები, მაგალითად ჯარიმა“, - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ეს არის უწყებათაშორისი კომისიის მკაფიო რეკომენდაცია სამართალდამცავებისადმი.
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ასევე გამოაქვეყნებს 15 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, წინასაარჩევნო დარღვევების დაიჯესტს (ქართულენოვან ვერსიას). დაიჯესტის მიხედვით, რეგიონში ნაცემია „ქართული ოცნების“ 8 წევრი. ოპოზიციის აქტივისტებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში პარლამენტის წევრები და საჯარო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები