კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხაშურში არჩევნები სპეცრაზმმა გააყალბა

2 ოქტომბერი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი

ტელეკომპანია „მაესტროს" ცნობით, ხაშურში, მესამე საარჩევნო უბანზე სპეცრაზმმა მხუთავი გაზი გაუშვა და რეზინის ტყვიები გამოიყენა. სპეცრაზმმა ასევე გაიტაცა საარჩევნო ყუთი. მოსახლეობა აცხადებს, რომ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გაისროლა. მას შემდეგ რაც სპეცრაზმელებმა შენობა დატოვეს, მოსახლეობა სკანდირებდა: „ფაშისტებო!“ იქვე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ადგილობრივი მოქალაქეები აცხადებდნენ, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული. „მოვითხოვთ, სპეცრაზმმა სასწრაფოდ დატოვოს ხაშური“, - აცხადებენ ადგილობრივები.

„ქართული ოცნების“ წევრის, გოგი თოფაძის თქმით კი, ხაშურში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა გაიმარჯვა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ასე არ მოხდეს.

„აქ ყაჩაღობა დაიწყეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ვალერიმ არ გაიმარჯვოს. მთელი ხაშური ფეხზე დგას. ცენტრში მთელი ჯარია ჩამოსული“, - აცხადებს გოგი თოფაძე. ხაშურის რაიონში შემავალ უბნებზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უბნები დაიხურა და ხმის დათვლა დაიწყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ხაშურში სპეცდანიშნულების რაზმი არჩევნების შედეგებს აყალბებს.

ხაშურის საარჩევნო ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მათი ინფორმაციით, სპეცრაზმელები რამდენიმე უბანზე შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს.

„46-ე უბანზე მყოფი ჩვენი დამკვირვებლის თქმით, ხმების დათვლის დროს შემჯამებელ ოქმში დაფიქსირდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი ხმა მიიღო. თუმცა, მცირე ხნის შემდეგ უბანზე გამოჩნდნენ შეირაღებული პირები, რომლებმაც ყველა დამკვირვებელი შენობიდან გაყარეს. შემდეგ დაიწერა ახალი შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც უკვე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა. საოლქო კომისიამ სწორედ ეს ოქმი ჩაიბარა. ჩვენი კიდევ ერთი დამკვირვებლის ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმი ასევე შეიჭრა მე-19 უბანზე, სადაც დამკვირებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უბნიდან გამოაძევეს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ხაშურში მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მათ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამაც მიაწოდა, რომელმაც აცნობა, რომ „მე-5 და 45-ე უბანშიც სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა“.

„მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ დარღვევებზე და მიიღონ შესაბამისი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთლიანი ოლქის შედეგები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხაშურში, მეათე საარჩევნო უბანზეც სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ხაშურში დაძაბული ვითარება მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა. ღამით კი ხაშურის ქუჩებში სასულიერო პირებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მშვიდობიანი აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე რამდენჯერმე გაისროლეს.

„გაყალბების ძალიან ბევრი მცდელობა იყო, თუმცა, ძალიან დაბალი პროცენტი მოახერხეს, რომ გაეყალბებინათ. გაყალბებაში მონაწილეობას ყველა იღებდა, ვინც ხელისუფლებაშია და არა მხოლოდ რაიონიდან, არამედ თბილისიდანაც იყვნენ ჩამოსულები. ჩვენდა საკეთილდღეოდ ადამიანებს ეყოთ ვაჟკაცობა, გამბედაობა, ისინი გმირები გახდნენ, ვისაც გაყალბება დაავალეს, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ“, - განაცხადა აქციის მონაწილე სასულიერო პირმა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მსვლელობის პერიოდში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები საოლქო საარჩევნო კომისიასთან ცოტა ხნით შეჩერდნენ.

ხაშურში არსებული ვითარების თაობაზე პოზიცია გამოხატა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. საიამ საჩივრით მიმართა ხაშურის #35-ე საოლქო საარჩევნო კომისიას და ხაშურის #3, #5, #10, #19, #45 და #46 უბნების შედეგების ბათილობას მოითხოვა.

საიას განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ამ მოთხოვნის მიზეზია გავრცელებული ინფორმაცია დასახელებულ უბნებზე სპეცდანიშნულების რაზმების შესვლისა და შემაჯამებელი ოქმების გადაკეთების შესახებ. საია ასევე ითხოვს #26-ე უბნის შედეგების ბათილობას, საიდანაც დამკვირვებლები გამოაძევეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მიერ საარჩევნო უბნების მიმდებარედ ცეცხლის გახსნას არ ადასტურებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლიციის ქვედანაყოფებმა საარჩევნო უბნების მიდამოებში ძალა გამოიყენეს და ცეცხლი გახსნეს, არის სიცრუე.

„პოლიციელები ახორციელებდნენ იმ უბნების გარე პერიმეტრების დაცვას, სადაც დაფიქსირდა გარკვეული პრობლემები. ადგილი არ ჰქონია არავითარი იარაღის და სპეცსაშუალებების გამოყენებას. ყველა უბანზე, საიდანაც შემოვიდა პოლიციაში განაცხადი და, შესაბამისად, მოხდა მობილიზება, შეკრებილი აქტივისტები დაიშლნენ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„ინტეპრესნიუსის“ ცნობით, შუაღამისას ხაშურის საავადმყოფოში ცრემლსადენი გაზით ინტოქსიკაციით რამდენიმე პაციენტი მიიყვანეს. როგორც მორიგე თერაპევტი აცხადებს, მათგანს ერთს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა. 29 წლის მამაკაცი კი დარჩება  ხაშურის საავადმყოფოში, რომელსაც აქვს შედარებით მძიმე ფორმა მხუთავი გაზით ინტოქსიკაციისა. თუმცა, როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, მასაც სავარაუდოდ მალევე გაწერდნენ.

ახალი ამბები